ღირსნი: პართენი (+1905) და ევმენე (+1920) გორტინელნი
ღირსნი: პართენი (+1905) და ევმენე (+1920) გორტინელნი
ეს ნეტარი მამანი, ღვიძლი ძმანი, XIX საუკუნის I ნახევარში, პისიდიაში, კუნძულ კრეტაზე, გორტინის ეპარქიაში, წარჩინებულ ოჯახში დაიბადნენ.

მამის გარდაცვალების შემდგომ, 1856 წელს, პართენი წმინდა ანტონის აპეზანონად სახელდებულ მონასტერს შეერთო, მომდევნო წელს კი მის მაგალითს ძმამ, ევმენემაც მიბაძა, თუმცა, რადგან იქ ის მყუდროება ვერ პოვეს, რის გამოც სოფელს განერიდნენ, ორ წელიწადში ოდიგიტრიის ღვთისმშობლის სავანეში გადავიდნენ, სადაც მორჩილებად მარცალონის ტაძარზე ზრუნვა განუწესეს.

1866 წლის ბერძნულ ჯანყს თურქთაგან სისხლისმღ¬რელი რეპრესიები მოჰყვა, - უმოწყალოდ უსწორდებოდნენ სასულიერო პირებს, მონასტრებს კი - ანადგურებდნენ.

ღვთის წყალობით, ძმები გადარჩნენ, ტაძრის მღვდლად კი - ევმენეს დაასხეს ხელი.

მაგრამ რამდენადაც ოდიგიტრიის სავანის საძმო ძმებს ხშირად სტუმრობდა, განმარტოებისთვის გაცილებით შესაფერისი ადგილის ძიება იწყეს და დიდი ძალისხმევის შედეგად კლდეში ერთ დაქცეულ, კუდუმად სახელდებულ მონასტერს მიაგნეს.

პართენს ძილში ღვთისმშობელი გამოეცხადა და ის ადგილი უჩვენა, სადაც უნდა დაფუძნებულიყო ად შემწეობაც აღუთქვა. ძმებმა პარცალონი დატოვეს და დროებით ერთ ნესტიან მღვიმეში დასახლდნენ, დაქცეულ მიძინების სახელობის ტაძარში კი ყოველდღიურად ადიოდნენ და დიდი შრომის შედეგად აღადგინეს, სადაც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი პოვეს.

იქაურებმა მალე შეიტყვეს საკვირველ მოღვაწეთა შესახებ და მათთან სიარული იწყეს.

ევმენე აღსარებებს იბარებდა, ძმათა ლოცვით კი - უამრავი სასწაული აღესრულებოდა, მრავალი მომლოცველი სთხოვდა დამოწაფებას, რის შედეგადაც 1879 წლისთვის იმ ადგილას მონასტერი დაფუძნდა.

მის იღუმენად პართენი იკურთხა, მრავალწლიანმა, მძიმე ღვაწლმა მოკლე ხანში დაასნეულა, ექიმთა რჩევა, - ხორცი იხმიეო, - არ გაითვალისწინა, - ამით ძმებს რა მაგალითს მივცემო და იწინასწარმეტყველა რა საკუთარი აღსასრული, 1905 წლის 5 სექტემბერს აღესრულა.

ორი წლის შემდგომ, მის წმინდა ნაწილთა აღმოყვანებისას სამარიდან არამიწიერი კეთილსურნელება ამოიფრქვა.

ევმენემ, რომელმაც მორჩილად გადაიბარა ძმისგან მონასტრის იღუმენობა, იქაურობას თექვსმეტი წლის მანძილზე წინამძღვრობდა და 1920 წლის 20 სექტემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ხატის წყარო


ბეჭდვა
1კ1