ღირსი მამანი: დიონისე რიტორი და მიტროფანე, წმინდა ანას სკიტიდან (XVII) - 09 (22) ივლისი
ღირსი მამანი: დიონისე რიტორი და მიტროფანე, წმინდა ანას სკიტიდან (XVII) - 09 (22) ივლისი
ნეტარი დიონისე XVI საუკუნეში დაიბადა და სიჭაბუკეშივე შეისწავლა წმინდა წერილი და სხვა მეცნიერებანი, რის გამოც რიტორად იწოდა.

თუმცა, ამ ცოდნამ მისი სული ვერ აღავსო, წუთისოფელს განერიდა, კონსტანტინოპოლს შემონაზვნდა და შემდგომ სტუდიელთა სახელგანთქმულ სავანეს მიაშურა.

გარკვეული ხნის შემდგომ განმარტოებული ცხოვრების სიყვარულმა ათონს წარიყვანა, სადაც კარეის მახლობლად, ყოვლადწმინდა სამების მონასტერს შეერთო.

თუმცა, იქაც კი ვერ იგემა მყუდროებისა და მარტომყოფობის სანატრელი სიტკბო, რამეთუ სახელი ფრიად გაუვარდა და მრავალი მომლოცველი თუ მონაზონი აკითხავდა.

ამ მიზეზით გადავიდა წმინდა ანას სკიტში, სადაც რამდენიმე მამა უმკაცრეს ღვაწლს მისცემოდა.

მოწაფე მიტროფანესთან ერთად დიონისემ სკიტის სიახლოვეს სათნოებათა სკოლა შექმნა, მოგვიანებით წმინდა ანას მცირე სკიტის სახელი რომ მიიღო. იქ შეეძლოთ, მყუდროებას, უძილო ლოცვას და მდუმარებას მისცემოდნენ და დღითი დღე სრულქმნილიყვნენ და სულიწმიდის რჩეულ ჭურჭლად ქცეულიყვნენ.

შემდგომ წმინდა მიტროფანე მღვდლად ეკურთხა, მთაწმინდა დაუტევა და ახლომახლო მდებარე სოფლებში იწყო ქადაგება.

მისი ათონზე დაბრუნებიდან მცირე ხანში, 1606 წლის 9 ივლისს, ნეტარი დიონისე მიიცვალა, მოკლე ხანში კი - თავად მიტროფანეც განვიდა ამქვეყნიდან.

მათი დაფლვის ადგილი დღემდე უცნობია.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1