ღირსი პროკოფი, ქრისტესთვის სულელი, უსტიუჟელი საკვირველმოქმედი (+1303) - 08 (21) ივლისი
ღირსი პროკოფი, ქრისტესთვის სულელი, უსტიუჟელი საკვირველმოქმედი (+1303) - 08 (21) ივლისი
რუსეთის პირველი სალოსი, ნეტარი პროკოფი XIII საუკუნეში დაიბადა, ლუებსკელ გერმანელ ვაჭართა მემკვიდრე გახლდათ.

ერთხელ საქმეთა გამო ნოვგოროდს მოუწია ჩასვლა და იმდენად მოიხიბლა მართლმადიდებლობით, კათოლიკობა დაუტევა და მოინათლა, მოკლე ხანში კი რაც გააჩნდა, ღატაკთ დაურიგა და ნოვგოროდის მახლობლად, ხუტის მონასტერს შეერთო.

განიწვრთნა რა მორჩილებასა და მონაზონთათვის ჰაერივით აუცილებელ სხვა სათნოებებში, სავანე დატოვა და უსტიუგს, ვითარცა წმინდა ანდრია (ხსენება 28 მაისს), სალოსური ღვაწლის სატვირთველად მიაშურა.

მთელი დღეები ქალაქის ქუჩებში დაეხეტებოდა და უამრავ დამცირებას და შეუცარხყოფას უდრტვინველად დაითმენდა, ღამეებს ტაძრის კართან ათევდა და შეურაცხმყოფელთ უფალს ავედრებდა, ტანთ ზამთარ-ზაფხულ ჯვალო ემოსა და მოწყალებას მხოლოდ ღარიბი და ღვთისმოსავი ადამიანებისგან შეიწყნარებდა.

ერთხელ, ზამთრის ცივ ღამეს, ყინვას ვეღარ გაუძლო და ერთ ღარიბ ოჯახს ღამის გასათევი სთხოვა, მაგრამ მასპინძლებმა გამოაგდეს.

პროკოფი გასათბობად მაწანწალა ძაღლებს ჩაეხუტა, თუმცა, ისინიც გაექცნენ.

მაშინ ნეტარმა ერთადერთ იმედს - უფალს მიმართა, რომელმაც სასწაულებრივად გაათბო.

ამგვარმა ღვაწლმა წინასწარჭვრეტის მადლი მოახვეჭინა. ერთხელ, კვირა დღეს, ტაძარში ნოვგოროდელთ სინანულისკენ მოუწოდა, რამეთუ ქალაქს, ვითარცა სოდომს და გომორს, ცეცხლის წვიმა ელოდა, თუმცა, პასუხად ოდენ დაცინვა მიიღო.

სამი დღის მანძილზე იარებოდა ქუჩა-ქუჩა ნეტარი და ქალაქს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდა, მაგრამ ამაოდ. კვირის დასასრულს კი ცა უეცრად მოიქუფრა, საშინლად იელვა და ისეთი მრობას, სახლები შეიძრა.

შიშით ზარდაცემული ნოვგოროდელები მიხვდნენ თავის დანაშაულს და ტაძართან შეიკრიბნენ, სადაც იმ დროს პროკოფი ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცვად იდგა და მასთან ერთად იწყეს ვედრება.

ცოტა ხანში ხატიდან მირონი გადმოდინდა, ელვა შეწყდა და მახლობელ ტყეს დაატყდა გავარვარებული ქვის წვიმით.

ხატიდან გარდამომდინარე მირონი კი მორწმუნეებმა შეაგროვეს, მისი წყალობით მრავალი სნეული განიკურნა.

ნეტარს სამი ხელჯოხი ჰქონდა. ნოვგოროდელებმა იცოდნენ, - თუ პროკოფი ხელჯოხს წვერით ზემოთ დაიჭერდა, ის წელი უხვმოსავლიანი იქნებოდა. ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე მდინარე სუხონის ნაპირას და მეზღვაურთა და მოგზაურთათვის ლოცულობდა.

ნეტარი მამა 1303 წლის 8 ივლისს, მთავარანგელოზთა მონასტრის კარიბჭესთან აღესრულა და ანდერძის თანახმად, იქვე დაიკრძალა. ის ქვა, კი, რომელზეც ლოცულობდა, მის სამარეზე დაიდო.

1458 წლიდან წმინდა პროკოფის შუამდგომლობით სასწაული აღსრულდა, 1471 წელს, საომარი მოქმედებებისას, იქაურ მეომრებს საშინელი ჭირი მოედოთ. ნეტარი გამოეცხადათ და ანუგეშა, შინ დაბრუნებულებმა კი მადლობის ნიშნად სალოსის სამარეზე სამრეკლო ააგეს და მისი ხსენების დღეც დააწესეს.

წმინდა პროკოფი რუსულმა ეკლესიამ 1547 წლის საეკლესიო კრებისას წმინდანად შერაცხა.

ბეჭდვა
1კ1