ღირსი თეოფილე მირონმდინარე, ათონელი (+1548) - 08 (21) ივლისი
ღირსი თეოფილე მირონმდინარე, ათონელი (+1548) - 08 (21) ივლისი
ეს საკვირველი მოღვაწე მაკედონიის ქალაქ ზიხნიში დაახლოებით 1460 წელს ღმრთისმოსავი, სათნო და კეთილი მშობლების ოჯახში იშვა, სამშობლოშივე შეისწავლა ანბანი და ბრწყინვალე კალიგრაფად ჩამოყალიბდა.

ცოდნისმოყვარემ და ფრიად განათლებულმა მთელი არსებით შეიტკბო წმინდა წერილი და სათნოებანი განიმრავლა.

უარყო რა სამშობლო, ნათესავები, სიმდიდრე და უამრავი ამქვეყნიური ამაოება, მონაზვნად აღიკვეცა.

1504 წელს, ბერად აღკვეცის შემდგომ უამრავი ადგილი შემოიარა, სადაც საკუთარი სიტყვითა და თავისი ცხოვრების მაგალითით ასწავლიდა და გამოცდილებას უზიარებდა ქრისტიანებს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიცნო და სულიერად დაუახლოვდა რენდინის ეპისკოპოსს, მეტად სათნო და კეთილმსახურ აკაკის, რომელიც მღვდელმთავრად წმინდა ნიფონის მიერ იქნა ხელდასხმული, როდესაც იგი თესალონიკის მიტროპოლიტი იყო (1482-1486 წლებში). სწორედ აკაკის მეშვეობით დაუკავშირდა წმინდა ნიფონს.

წმინდა ნიფონის პიროვნება, გარდა მისი ორი დიდმოწამე მოწაფისა, - მაკარისა (+1507 წელი) და იოასაფის (+1516 წელი), ასევე, ზემოთ მოხსენიებული წმინდა თეოფილესი, სხვა ათონელ მოღვაწეებსაც უკავშირდება, მაგალითად, დიდმოწამე ბერ იაკობს, იაკობ დიაკვანს და მონაზონ დიონისეს (+1519 წელი), რომლებიც ადრიანოპოლში აღესრულნენ მოწამებრივად, ასევე, თესალონიკის მიტროპოლიტ თეონს (+1541-42 წლები), ღვიძლ ძმებს, აფსარადებს, თეოფანეს (+1544 წელი) და ნექტარიოსს (+1550 წელი), მეტეორის ბარლაამის მონასტრის აღმშენებელთ და მაქსიმე ბერძენს, ვათოპედელს (+1556 წელი).

1486 წელს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, წმინდა ნიფონტმა, სიბრძნითა და სათნოებებით აღჭურვილი თეოფილე თანამოაზრე ბერთან, ეპისკოპოს აკაკისთან ერთად ეგვიპტეში წარგზავნა, რათა საკუთარი თვალით ენახათ მათ ის სასწაულები, რომლებიც ალექსანდრიის პატრიარქმა იოაკიმემ აღასრულა.

ცნობილია, რომ წმინდა მამამ ლოცვით გადააადგილა მთა დურ დაღი, ხოლო შემდეგ კი, იუდეველებისა და მუსლიმანების მოთხოვნის შესაბამისად, საწამლავი დალია, თუმცა, უვნებლად გადარჩა.

პატრიარქმა "წმიდანი მეტად შეიყვარა და პატივი სცა როგორც ბრძენსა და სათნოს".

წარგზავნილებმა დაადასტურეს მომხდარი სასწაულები და სინასკენ, იერუსალიმისა და დამასკოსაკენ გაეშურნენ. იერუსალიმში ყოფნისას ეპისკოპოს აკაკის რაღაც სენი შეეყარა და გარდაიცვალა, თეოფილემ დაკრძალა, რის შემდეგაც, იგი ალექსანდრიის, იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქების წერილებთან ერთად კონსტანტინოპოლს დაბრუნდა.

იმის გამო, რომ წმინდა ნიფონტი ამ დროს უკვე აღარ იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი, თეოფილემ წერილები მის მემკვიდრეს - პახომს გადასცა, რომელიც მისი თანამემამულე გახლდათ.

პატრიარქმა პახომმა "დიდად გაიხარა, როგორც მისმა თანამემამულემ, დალოცა და აკურთხა თეოფილე, სთხოვა დარჩენილიყო საპატრიარქოში დახმარებისათვის, რადგანაც იგი თავისი სიბრძნითა და სათნოებით მეტად საჭირო პიროვნება გახლდათ. მაშინ წმინდანმა ისმინა პატრიარქის თხოვნა და მასთან დარჩა. სწორედ აქედან გამომდინარე დაინიშნა იგი დიდი ეკლესიის ნოტარიუსად და ეგზარქოსად. ყველასაგან საყვარელი და პატივცემული რამდენიმე ხანს იმყოფებოდა ამ თანამდებობაზე".

თუმცა, თეოფილეს სიმშვიდისა და მყუდროების მოყვარულმა სულმა პატივსა და დიდებაში ნუგეში ვერ პოვა, არად ჩააგდო ამქვეყნიური დიდება და ათონის წმინდა მთას მიაშურა.

თავიდან ვათოპედის მონასტერში მივიდა. იმ დროისათვის იქ იმყოფებოდა მესიმნის წმინდა ეპისკოპოსი, დაემკვიდრა მასთან ერთად სიმშვიდითა და თავმდაბლობით.

ვათოპედის მონასტრიდან (ზუსტად არ ვიცით, თუ რამდენ ხანს დაჰყო მან ვათოპედში, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს არც თუ მცირე დრო იყო), 1511 წელს, თეოფილემ ივერთა მონასტერში გადაინაცვლა, სადაც, ძირითადად, ხელნაწერთა გადაწერითა და კალიგრაფიით იყო დაკავებული. აქ იგი გამოცდილი ბიბილიოგრაფი გახდა.

მისი საკმაოდ დიდი რაოდენობის ნაშრომი, დაახლოებით ოცდაათი, ძირითადად - ლიტურგიკული შინაარსის მქონე ტექსტები, ამჟამადაც ივერთა მონასტრის მდიდარ ბიბლიოთეკაში ინახება.

ხმა მის სათნოებაზე აქედან შორს გავრცელდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, თეოკლიტემ, თეოფილე იხმო, რომ იგი თესალონიკის მიტროპოლიტად ეკურთხებინა, ნეტარმა მამამ კი მყის გულისხმაჰყო, თუ რისთვის იბარებდა პატრიარქი და დიდებისთვის თავი რომ აერიდებინა, დიდსქემოსან მონაზვნად აღიკვეცა, სნეულება და უძლურება მოიმიზეზა და 1522 წელს, ივერთა მონასტერში თორმეტწლიანი ცხოვრების შემდეგ კალივაში განმარტოვდა, კერძოდ კი - იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკში, ყოფილ იღუმენ დიონისე ივერიელთან ახლოს.

რამდენიმე ხნის შემდეგ, კარიესში, მეტად სათნო ბერის - კირილეს საძმოს შეუერთდა.

ამ ყოვლადუბრალო მამამ, განმარტოებული მოღვაწებისათვის კარიესიც დაუტევა კაფსალის სიახლოვეს გადაინაცვლა, სულიერი ძმის, სერაფიმეს დახმარებით მიიღო წმინდა ბასილის სენაკი, რომელიც აღადგინა.

წმინდა თეოფილემ წინასწარ განჭვრიტა საკუთარი სიკვდილი, ანდერძი შეადგინა, ზეთი იცხო, პატიება ითხოვა ყველასაგან და თავადაც ყველას შეუნდო, ეზიარა, უფალი ადიდა, საყვარელ მოწაფეს კი სთხოვა: - "როდესაც გარდავიცვლები, არავის უთხრა ამის შესახებ, ნურც დაკრძალვის წეს-ჩვეულებებს აღასრულებ, მხოლოდ თოკი გამომა¬ბი ფეხებზე, გამათრიე და ტყეში, ერთ უკაცრიელ ადგილას დამტოვე, რათა იქ მხეცებმა შემჭამონ. თუმცა, აღასრულე საღმრთო მსახურება და იმდენი პანაშვიდი გადამიხადე, რამდენსაც შეძლებო!"

თეოფილეს უკანასკნელი სიტყვები იყო: "უფალო იესო ქრისტე, გულთბილად შეხვდი ჩემს სულს".

მორჩილმა ყოველივე ისე აღასრულა, როგორც მოძღვარმა ინება და მისი პატიოსანი ნეშტი ტყის უკაცრიელ ადგილას დატოვა და მისი ადგილსამყოფელი არავის გაუმხილა.

როდესაც კარგა ხნის ძიების შემდგომ ნეტარის სხეულს მიაგნეს, პანტოკრატორის მონასტერს სურდა მისი შენახვა. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ მონასტერში დარჩენილიყო მხოლოდ და მხოლოდ წმინდანის ხელი, რომელიც დღემდე არსებობს, ხოლო სხეული კი თეოფილეს მორჩილისთვის - ისააკისთვის გადაეცათ.

ისააკმა წმინდა ნეშტი წმინდა ბასილის სახელობის ეკლესიაში დაასვენა, რის შემდგომაც თეოფილეს სხეულს წმინდა მირონი წარმოსდინდა, რის გამოც წმინდანს მირონმდინარე ეწოდა.

ამის შესახებ, წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი შემდეგს წერს:

"ეს სასწაული, რომელიც უფალმა ჩვენი მამის, - ღირსი თეოფილეს სხეულის წმინდა ნაწილებზე დაუშვა, არ არის მცირე და უმნიშვნელო, არამედ დიდი და გასაოცარია, რადგანაც მირონდენის სასწაული იშვიათად თუ დაიშვება უფლისგან ზოგიერთ წმინდანზე.

რადგან წამებულთა და ღირსთა მრავალი წმინდა სხეული არსებობს, თუმცაღა, მათ არ სდით მირონი, რადგან მირონის დენა არის უსაზღვრო სისუფთავის, ქალწულობისა და უბიწოების ერთგვარი დასტური და სარწმუნო ნიშანი.

* * *

ხსენება მღვდელმოწამისა ალექსანდრესი (პოპოვი) და პრესვიტერისა თეოდორესი (რასპოლოვი), (+1918)

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა ავდიოსისა, მახვილით განგმირულისა

ბეჭდვა
1კ1