ღირსი იოაკიმე, აქაის ნოტენის მონასტრიდან (XVII) - 03 (16) ივლისი
ღირსი იოაკიმე, აქაის ნოტენის მონასტრიდან (XVII) - 03 (16) ივლისი
ეს ღირსსაკვირველი მოსაგრე 1610 წელს, პეტრას სიახლოვეს, სოფელ სკიადაში დაიბადა და ჭაბუკობაშივე აღიკვეცა ბერად.

სწორედ მან დააარსა მონასტერი დივრისს, შემდგომ კი მშობლიური სოფლის სიახლოვეს, ნოტენის ღვთისმშობლის სავანის იღუმენიც გახდა.

ხანდაზმულმა იღუმენობაზე უარი თქვა, მცირე სენაკი მოიწყო, იქ განმარტოვდა, ხორცი მრავალი შრომით მოაუძლურა და საკუთარი ხელით გამოკვეთა კლდეში სამრეკლო, სადაც საღვთო ლიტურგიას მისი ერთ-ერთი მოწაფე აღავლენდა.

განთიადიდან დაისამდე ლოცვად მდგარი ღამით სხეულს ჭერიდან ჩამოშვებული თოკებით იმაგრებდა, თავის ამგვარ ღვაწლს საგულდაგულოდ მალავდა და იტყოდა:

- როგორც კი რომელიმე სათნოება სხვათათვის საჩინო იქმნება, ისე იკარგება, როგორც მპარავთაგან წარტაცებული საგანძურიო.

ორადორი პერანგი ებადა, რომელთაც არასოდეს რეცხავდა, ოდენ ღამის სიგრილეში გაანიავებდა ხოლმე მწერთაგან.

წლების მანძილზე არც პურის გემო ეხილა, არც - სხვა საზრდელისა, ოდენ წყალში განზავებული ფქვილით და მცირეოდენი თაფლით თუ მოითქვამდა სულს.

იმის მიუხედავად, რომ განათლება არასოდეს მიეღო, წმინდა წერილი ისე ღრმად იცოდა, რჩევის მისაღებად და აღსარების სათქმელად თვით პატრის ეპისკოპოსი აკითხავდა.

ხოლო იმ მომლოცველთ, მისი სენაკის კარს კურთხევის გამოსათხოვად რომ აკითხავდნენ, სიყვარულით მასპინძლობდა.

ამქვეყნიდან განსვლამდე მცირე ხნით ადრე მოწაფეთ უხმო და აკურთხა, ერთობა და თანხმობა დაემარხათ, რათა ამქვეყნიური დრო ამაოდ არ გაელიათ.

ნეტარი მამის გარდაცვალებიდან სამ წელიწადში, ოდეს ეპისკოპოსმა მისი სამარის გახსნა ინება, წმინდა იოაკიმეს სხეული უხრწნელი დახვდა, სამარიდან კი არამიწიერი სურნელება ამოიფრქვა.

თუმცა, დროსთან ერთად სხეული გაიხრწნა, ნეტარის თავი კი 1749 წელს, პელოპონესზე რუსთა შემოჭრისას დაიკარგა, სიწმინდის ნაწილი კი დღემდე იმ სავანეში განისვენებს და უამრავ სასწაულს აღასრულებს.

ბეჭდვა
1კ1