ღირსი ნიკოდიმოს კოჟეეზერელი (+1640) - 03 (16) ივლისი - 03 (16) ივლისი
ღირსი ნიკოდიმოს კოჟეეზერელი (+1640) - 03 (16) ივლისი - 03 (16) ივლისი
წმინდა ნიკოდიმოსი XVI საუკუნის შუა წლებში, მოსკოვის მახლობლად, კეთილმორწმუნე გლეხთა ოჯახში იშვა და ნათლობის სახელად ნიკიტა დაარქვეს.

ერთხელ, თორმეტი წლის ყმაწვილს პირუტყვის მწყემსვისას ხმა ესმა, რომელიც ნიკოდიმოსად უხმობდა, თუმცა, მშობელთა მიტოვება იმ დროს ვერ შეძლო.

მათი გარდაცვალების შემდგომ იაროსლავლს წარვიდა და მჭედლის ხელობას დაეუფლა, გასამრჯელოს ნაწილს კი მუდამ უპოვართ უწყალობებდა ხოლმე.

მოკლე ხანში მოსკოვს გადავიდა და ერთ ტვერელ ქრისტიანს დაუმეგობრდა.

ამ კაცის მეუღლე, ქმრის თავიდან მოსაშორებლად, ორივეს მოწამლული ღვეზლით გაუმასპინძლდა, რის გამოც მისი მეუღლე მალევე გარდაიცვალა, ნიკიტას კი დიდხანს ტანჯავდა კუჭის ტკივილი.

ბოლოს, ნეტარი ვასილის (ხსენება 2 აგვისტოს) მეოხებით განმრთელებულმა ღვთის ის ძახილი გაიხსენა, ჭაბუკობისას რომ ესმა, რაც ებადა, უპოვართ უწყალობა და ჩუდოვოს მონასტერს შეერთო.

ორმოც დღეში ნიკოდიმოსის სახელით შემონაზვნდა და არქიმანდრიტ პაფნუტის - წმინდა ადრიანე მონზენსკის (ხსენება 5 მაისს) თანამოღვაწეს ეშვილა სულიერად.

როდესაც პაფნუტის კრუტიცკის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი (1606 წელი), ნიკოდიმოსიც თან გაჰყვა, თუმცა, მოკლე ხანში განმარტოება მოსწყურდა, მოძღვარს კურთხევა გამოსთხოვა და ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატით უკიდურესი ჩრდილოეთისკენ გასწია.

გარკვეული ხნის შემდგომ იმ ადგილებში მოსკოვიდან ჩამობრძანდა ნეტარი სერაპიონი (ხსენება 27 ივნისს) და კოჟის ტბასთან სავანის მშენებლობა იწყო.

ნიკოდიმოსმა ისწრაფა მისკენ, წმინდა მამამ, რომელსაც საიმდროოდ სავანის წინამძღვრობა მოწაფის, აბრაამისთვის გადაებარებინა, ნიკოდიმოსი სიყვარულით მიიღო.

წელიწად-ნახევრის შემდგომ, 1609 წელს, ნეტარი, წინამძღვრის კურთხევით, მდინარე ხოზიუგის ნაპირას განმარტოვდა, ერთი ციცქნა სენაკი მოიწყო, მცირე ბოსტანიც გააშენა, რითიც საზრდოობდა, იშვიათად კი მდინარის თევზსაც იხმევდა ხოლმე.

დროის უდიდეს ნაწილს ფეხზე მდგომი, ცრემლმდინარე, ლოცვაში განლევდა და ხორცს ოდენ მცირე ხნით თუ მოასვენებდა.

ეშმაკნი, იხილეს რა მისი ანგელოზებრივი ყოფა, ფრიად გამძვინვარდნენ და მდინარეზე წყლისთვის გამოსულს ქალის სახით ეჩვენენ, მაგრამ ნეტარს მათთვის ყურიც არ უგდია.

მაშინ იმ იმედით უკუიქცნენ, - ნიკოდიმოსს სიამაყე სძლევს და დაეცემაო, თუმცა, ამჯერადაც გაუცრუვდათ იმედი.

ამგვარი ცხოვრებისთვის ღირსი მამა ღვთისგან დიდი წყალობით შეიმოსა: - გარეული მხეცნი არ ეკარებოდნენ, კურნების და წინასწარმცნობელობის მადლით შეიმოსა და იმათ, ვინაც მოიხმობდა, გამოეცხადებოდა ხოლმე.

ერთხელ მდინარე ადიდდა და სენაკი წაიღო, მაშინ წმინდა მამა ღვთისმშობლის ხატითურ მის სახურავზე მოთავსდა და მანამ ილოცა, სანამ მდინარე ჩვეულ კალაპოტს არ დაუბრუნდა, სხვა დროს კი ლოცვით ხანძარი ჩააქრო.

მისი სიქველის ამბავი მალე გავრცელდა და მისკენ უამრავმა ხალხმა იწყო დენა.

მოსკოვის პატრიარქმა, იოასაფმა ნეტარს საჩუქრად ქურქი გაუგზავნა, შემდეგ კი კოჟეოზერის სავანეში გაგზავნა, - სამოსად ერთი პერანგიც კმარაო!

წმინდა მამა კოჟეზერსკის სავანეში 1640 წლის 3 ივლისს (ძვ. სტ.) მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1