წმინდა ბასილი, რიაზანის ეპისკოპოსი (+1295) - 03 (16) ივლისი
წმინდა ბასილი, რიაზანის ეპისკოპოსი (+1295) - 03 (16) ივლისი
ქრისტეს ეს წმინდა მსახური XIII საუკუნეში იღვწოდა, სამღვდელმთავრო მსახურება რუსეთის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში, მურომში დაიწყო, საკუთარი ცხოვრებით სამწყსოს იმის მაგალითად ექცა, თუ როგორ უნდა ეღვაწა ქრისტიანს.

ბოროტმა, რომელმაც მასში მოღვაწეობის საღვთო შური იხილა, ბასილის დაცემა განიზრახა - ქალწულის სახე მიი¬ღო და მისი სამყოფლის სარკმლიდან ეჩვენა...

ამის მხილველი მოქალაქენი და ბოიარნი აღშფოთდნენ, ნეტარს უზნეობაში დასდეს ბრალი და საეკლესიო სასამართლოს გარეშე განიზრახეს მისი დასჯა.

და აი, ერთხელ, მის სენაკთან შეკრებილებმა იხილეს, თუ როგორ მირბოდა ჩაურბინა იქაურობას ვითომ ქალწულმა, სინამდვილეში კი ბოროტმა ეშმაკმა.

ამან ცეცხლზე ნავთი დაასხა და ისედაც გულმოსულმა ბრბომ მღვდელმთავრის მოკვდინებაც კი ისურვა.

მოკლედ, საქმის გარჩევა მომდევნო დღის სამი საათისთვის გადაიდო და ხალხიც დაიშალა.

ნეტარმა ღამისთევის მსახურება აღასრულა, მერმე - ღვთის განცხადების სახელობის ტაძრად წარვიდა და ღვთისმშობლის იმ ხატის წინაშე ილოცა, თავადმა კონსტანტინემ, მურომის განმანათლებელმა (ხსენება 21 მაისს) კიევით რომ ჩამოაბრძანა.

ღვთის დედას სრულებით მინდობილმა მისი ხატი გულზე მიირქვა და სამსჯავროსკენ წარემართა, სადაც უკვე ელოდნენ ბოიარნი თუ უბრალო ერისკაცნი, მისი ქალაქიდან განდევნა რომ განეზრახათ.

თვისი მანტია აღიღო, წყალზე დადო და გულზე ხატმირქმულმა ზედ ისე გაიარა, ვითარცა - მიწაზე, შემდგომ კი დინების საწინააღმდეგო მიმართულებით იწყო სვლა.

ამის მხილველმა მურომელებმა, აქამდე მისთვის არც ერთი სასჯელი რომ არ ენანებოდათ, ცრემლით აღმოთქვეს:

- ო, უფლის წმინდა მსახურო, შეგვინდე შენს ცოდვილ სამწყსოს!

ნეტარმა წყლით რიაზანამდე მიაღწია, სადაც ხალხი დიდი სიხარულით შეეგება, დარჩენა სთხოვა და საეპისკოპოსო კათედრა მურომიდან რიაზანს გადაატანინა.

რამდენიმე წლის შემდგომ, თათართა შემოსევის გამო წმინდა მამა იძულებული შეიქნა, იქაურობაც მიეტოვებინა და პერეისლავს გადასულიყო, სადაც 1295 წელს აღესრულა.

რამდენიმე საუკუნის შემდგომ, 1609 წლის 10 ივნისს, მისი წმინდა ნაწილნი უხრწნელად პოვეს და რიაზანის ტაძარში გადააბრძანეს.

ნეტარი მამა განსაკუთრებულად მოგზაურთ მფარველობს.

იგი 21 მაისს და 10 ივნისსაც იხსენიება.

ბეჭდვა
1კ1