წმინდა სტეფანე დიდი, მოლდაველი (+1504) – 02 (15) ივლისი
წმინდა სტეფანე დიდი, მოლდაველი (+1504) – 02 (15) ივლისი
წმინდა სტეფანე მოლდავეთის მთავრის, ბოგდან მეორის (1449-1451 წლები) ვაჟი და ალექსანდრე კეთილის (1400-1432 წლები) ნათესავი გახლავთ.

სტეფანე ტახტზე 1457 წელს აღვიდა, უმძიმეს ჟამს, როდესაც ქვეყანა უნგრელთა, თურქთა და თათართაგან გამუდმებულ აგრესიას განიცდიდა.

მეფობის პირველ წლებში სტეფანემ წარმატებით იომა ტრანსილვანიაში (1467 წელს), დიდი ძალისხმევით აღკვეთა უნგრელთა შემოჭრა და ვალახეთიდან განდევნა მოღალატე მხედართმთავარი რადა, რომელიც თურქებს მიეყიდა.

სამი წლის შემდგომ თურქთა ასოცათასიან არმიას ორ-მოცათასიანი ჯარით სძლია.

მაშინ კი, ოდეს სტეფანეზე გულმოსულმა, ოთომანურმა თურქეთმა ხელახალი შეტევისთვის იწყო მზადება. ნეტარი, ვისაც ხალხმა სიყვარულით ქრისტეს მეომარი უწოდა, ქრისტიანულ სახელმწიფოთა კავშირის შექმნას შეეცადა, თუმცა, საბოლოოდ, მოლდავეთს მარტოს მოუწია თურქთა უზარმაზარი, ასორმოცდაათათასიან ჯართან შებმა და დამარცხდა.

სტეფანემ ჯერ ტყეს შეაფარა თავი, საიდანაც ძალისამებრ ეწინააღმდეგებოდა მტერს, შემდეგ - პოლონეთს მიაშურა, მტერმა კი მოლდავეთის სათავადოთა რბევა იწყო, თუმცა, მოკლე ხანში იქაურობა დატოვა, სტეფანეს კი შინ დაბრუნების საშუალება მიეცა და დაკარგული მიწები კვლავ დაიბრუნა.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში შეძლო თურქთა, უნგრელთა და პოლონელთა ძლევა და მართლმადიდებლური მოლდავეთის მთლიანობაც შეინარჩუნა.

ღრმად მორწმუნეს მუდამ უფალს ეიმედებოდა, ორმოცდაშვიდ წელიწადს სიბრძნით განაგებდა იმ მიწას, რაიც უფალმა ჩააბარა, უთვალავ განსაცდელგამოვლილი ყოველი გამარჯვების შემდგომ ღვთის სადიდებლად ტაძარს აღაშენებდა ხოლმე, მისი წყალობით, ეს მიწა 44 ტაძრით და მონასტრით გამშვენდა, მისივე ძალისხმევით აიგო სავანე ათონის წმინდა მთაზეც.

ქრისტეს ეს წმინდა მსახური გამუდმებით მარხულობდა და ლოცულობდა, მოწყალებად გასცემდა იმას, რაც გააჩნდა, განსაკუთრებულად - იმ ჟამს, ოდეს მის სამფლობელოს განსაცდელი ელოდა.

მამამისის ერთ-ერთ მკვლელს კი მისწერა, - შეგინდე და ჩემი გულიდან მთელი რისხვა და სიძულვილი განვდევნეო!

გამუდმებით ახსოვდა სიკვდილი, მიწიერ დიდებას არად აგდებდა და მარადისობის სიყვარულით მოწყლულმა 1504 წლის 2 ივლისს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

სტეფანეს წმინდა სხეული მის მიერვე დაარსებულ პუტნის უბრწყინვალეს სავანეში განისვენებს, რომელზეც დღემდე ჩაუქრობლად ანთია კანდელი.

ბეჭდვა
1კ1