წმინდა იუბენალი, პატრიარქი იერუსალიმისა (+დაახლ. 458) – 02 (15) ივლისი
წმინდა იუბენალი, პატრიარქი იერუსალიმისა (+დაახლ. 458) – 02 (15) ივლისი
ეს წმინდა კაცი იერუსალიმის ეკლესიას 420-458 წლებში განაგებდა. იგი ექვთიმე დიდის მეგობარი და თანამოსაგრე გახლდათ.

ამ ხანებში აღმოსავლეთის ეკლესიას მრავალი ერესი აშფოთებდა. ღირსი მამაც გაბედულად იბრძოდა მათ წინააღმდეგ.

431 წელს ქალაქ ეფესოში III მსოფლიო კრება შედგა, რომელმაც დაგმო მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელი ნესტორის ერესი. კრებას წმინდა კირილე ალექსანდრიელი (+444 წელი, ხსენება 9 ივნისს) თავკაცობდა.

მის თანამოაზრეებს შორის გახლდათ პატრიარქი იუბენალიც.

451 წელს ქალაქ ქალკედონში IV მსოფლიო კრება შედგა ევტიქიოსის ახალი, მონოფიზიტური ცრუსწავლების სამხილებლად, რომელიც ამტკიცებდა, რომ განხორციელების შემდეგ ქრისტეს ერთმა, ღვთაებრივმა ბუნებამ მეორე, კაცობრივი - მთლიანად შთანთქა.

წმინდა მამებმა, რომელთა შორის ღირსი იუბენალიც გახლდათ, ევტიქიოსის ერესი დაგმეს და დაამტკიცეს მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შეურწყმელობისა და განუყოფელობის შესახებ.

ერეტიკოსები კვლავაც ბობოქრობდნენ, რომელთაც თეოდოსი ედგა, რომელიც მოითხოვდა, პატრიარქ იუბენალს საჯაროდ დაეგმო ქალკედონის კრების დადგენილება.

წმინდა მწყემსმთავარმა უარი განაცხადა მწვალებელთა თავხედური მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ უსჯულოები ისე გაკადნიერდნენ, ნეტარ მამას სამღვდელმთავრო პატივი აჰყარეს და წმინდა საყდარი თავად თეოდოსიმ დაიკავა.

განდევნილი აღმსარებელი კონსტანტინოპოლს წმინდა პატრიარქ ანატოლისა (449-458 წლები, ხსენება 5 ივლისს) და იმპერატორ მარკიანესთან ჩაბრძანდა.

წმინდანის ღრმად პატივისმცემელმა თვითმპყრობელმა მოახერხა, ორ თვეში პატრიარქის ღირსებებში აღედგინა იგი. ნეტარი მამა იერუსალიმს დაუბრუნდა.

ღირსმა იუბენალმა დიდი ღვაწლი გასწია ეკლესიაში გაჩენილი განხეთქილების გასამრთელებლად.

ერეტიკოსთა დამარცხებისა და ეკლესიური მთლიანობის აღდგენის შემდეგ წმინდა პატრიარქი მშვიდობით მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1