წმინდა იოანე, გუთელი ეპისკოპოსი (+790) - 26 ივნისი (9 ივლისი)
წმინდა იოანე, გუთელი ეპისკოპოსი (+790) - 26 ივნისი (9 ივლისი)
წმინდა იოანე დაიბადა VIII საუკუნეში. მისი სამშობლო პანთენითი გახლდათ. მშობლებმა იოანე სიყრმიდანვე უფალს შეწირეს. ჯერ კიდევ ბავშვი აღიკვეცა ბერად, ღირსმა მამამ იერუსალიმის წმინდა ადგილები მოილოცა და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ამასობაში ხატმბრძოლ იმპერატორს, კონსტანტინე კოპრონიმოსს (741-775) განედევნა გუთელი ეპისკოპოსი. ქრისტიანები შეევედრნენ წმინდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. ის დათანხმდა და ჩავიდა კონსტანტინოპოლში მღვდელმთავრად ხელდასხმისათვის. თუმცა ამ დროს კონსტანტინოპოლის ეკლესიაში ხატმებრძოლობის ერესი მძვინვარებდა და მისი კურთხევისთვის არავის ეცალა.

როდესაც ხატმებრძოლობამ აღმოსავლური ქრისტიანული სამყარო მოიცვა, საქართველო ერთადერთ ქვეყნად დარჩა, რომელსაც ეს წვალება არ შეხებია. წყაროთა ცნობით, გუთების მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იოანე საქართველოში ჩამოდის ეპისკოპოსად ხელდასასხმელად, ვინაიდან ბიზანტიურ სამყაროში ამ აქტის კანონიერი აღმსრულებელი აღარ ჩანდა. საქართველოში 766 წლის 27 ივნისს მოხდა მისი ქიროტონია ქართლის კათოლიკოს იოანეს ხელით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. საეკლესიო-იურიდიულ ენაზე ეს ნიშნავს, რომ გუთმა ეპისკოპოსმა იოანემ აღიარა თავისი თავი და თავისი ეპარქია მცხეთის კათოლიკოსის გარკვეულ დაქვემდებარებაში. მცხეთის კათოლიკოსის სახელს იგი, ბუნებრივია, იხსენიებდა ლიტურგიაზე...

გუთეთს დაბრუნებული მღვდელმთავარი მალე იძულებული შეიქნა დაეტოვებინა სამწყსო, ხაზართა დევნას გაერიდა და 4 წელი გაატარა ამასტრიდაში. წმინდა იოანემ 40 დღით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, გარდაიცვალა 790 წელს და დაკრძალეს პართენითის მონასტერში. იოანე გუთელი, რომლის ხელდასხმა მცხეთაში მოხდა, ითვლება VII მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის ერთ-ერთ ინიციატორად. ეს შესანიშნავი მოღვაწე აღსრულების შემდეგ წმინდანთა დასში შეირაცხა.

აქვე წაიკითხეთ:

წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსი (VIII) - 19 (01.06) მაისი

ბეჭდვა
1კ1