ღირსი დავით თესალონიკელი (+540) - 26 ივნისი (9 ივლისი)
ღირსი დავით თესალონიკელი (+540) - 26 ივნისი (9 ივლისი)
წმინდა დავით თესალონიკელი ცხოვრობდა V-VI საუკუნეების მიჯნაზე. იგი იყო მიწიერი ანგელოზი და ზეციური ადამიანი. მან ახალგაზრდობაშივე დატოვა მშობლიური სახლი მესოპოტამიაში, დათმო ამქვეყნიური სიამენი და აიღო თავისი ჯვარი, დაადგა უფლისკენ სავალ გზას. დავითი ბერად შედგა თესალონიკში, წმინდა მოწამე თეოდორესა და მერკურის სახელობის მონასტერში. შემდგომ კი ქალაქ თესალონიკის სიახლოვეს, ნუშის ხის ქვეშ ტალავარი მოაწყო და იქ დამკვიდრდა. წმინდა მამა გამუდმებით ლოცულობდა, მკაცრად მარხულობდა, მოთმინებით იტანდა ყინვასა და პაპანაქებას. უფალს სათნოეყო მისი ღვაწლი და სასწაულ-მედების ნიჭი მიმადლა. მრავალი მოწაფე გაუჩნდა წმინდა მამას, მრავალი აკითხავდა და სულიერ დამოძღვრას იღებდა მოსაგრისაგან. ერთხელ მან სასაკმევლე გავარვარებული ნახშირი ხელისგულზე დაიდო, საკმეველი დაადო და ისე აკმია მეფის წინაშე. მეფე გაოცებული დარჩა ნანახით, წმინდა მამას ხელი არც კი დაწვია. ნეტარი მოსაგრე სნეულებსაც კურნავდა. ღირსი დავითი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 540 წელს. წმინდა მამის გარდაცვალებიდან 150 წლის შემდეგ თესალონიკის წმინდა თეო¬დორესა და მერკურის სახელობის მონასტრის იღუმენმა მოინდომა ღირსი მამის საფლავის გახსნა, თუმცა უშედეგოდ. სამარხის გახსნისას, ლოდი, რომელიც წმინდა მამის სხეულს ედო, ათას ნაწილად დაიშალა. გავიდა 30 წელი, ახალმა იღუმენმა შეძლო წმინდა დავით თესალონიკელის საფლავის გახსნა, წმინდა მამის სხეული უხრწნელი იყო. 1222 წელს წმინდა დავით თესალონიკელის უხრწნელი სხეული იტალიის მთებში გადაასვენეს. 1978 წელს წმინდანის სხეული თესალონიკში დააბრუნეს. მრავალი წლის განმავლობაში მის წმინდა ნაწილებთან უამრავი სასწაული აღესრულებოდა.

ღირსი დავით თესალონიკელის კონდაკი

ვითარცა რა მტილმან მარადის აღყუავებულმან, სათნოებათა ნაყოფნი გამოიხვენ შენ და გამოსჩნდი თავსა ზედა ხეთასა მსგავსად სირთა მხმობელი კეთილად, ხოლო უფროის სამოთხისა ხე იგი ცხორებისა უფალი გულსა შინა შენსა შეიწყნარე, რამეთუ მოიმუშაკე ღმრთივგონიერებაი, რომლითა გვზრდი ჩუენ მადლითა მარადის; ევედრე ჩუენთვის, ყოვლადსანატრელო დავით.

ბეჭდვა
1კ1