წმინდა დიონისე კორსელი (+1389) - 25 ივნისი (8 ივლისი)
წმინდა დიონისე კორსელი (+1389) - 25 ივნისი (8 ივლისი)
ძველი სტილით 25 ივნისს ეკლესია იხსენიებს წმინდა დიონისე კორსელს, ათონის წმინდა მთაზე ერთ-ერთი მონასტრის, დიონისიატის (დიონისელთა) დამაარსებელს. XIV საუკუნის II ნახევარში მან დიდი ჯაფით შეაგროვა სავანის დასაარსებლად საჭირო თანხა. დიონისეს დაეხმარნენ ალექსი III კომნენოსი, ტრაპიზონის იმპერიის განმგებელი, და მისი ძმა, თეოდოსი ტრაპეზუნტის მიტროპოლიტი.

დიონისე დაიბადა დაახლოებით 1316 წელს ქალაქ კასტორის მახლობელ სოფელ კარისოსში, გლეხის ოჯახში. სიყრმიდანვე ისწრაფოდა უფლისკენ. როდესაც 18 წელი შეუსრულდა, გაიპარა ათონის წმინდა მთაზე, სადაც მისი უფროსი ძმა თეოდოსი ფილოთეის მონასტრის წინამძღვარი იყო. მალე დიონისე ბერად აღიკვეცა.

დიონისემ სწრაფად შეისისხლხორცა ასკეტური ცხოვრება. დაიწყო ფიცხელი მოღვაწეობა და სულიერადაც წარემართებოდა. თავდაპირველად უბრალო ბერი იყო, ოცდაათი წლისას კი ხელი დაასხეს მღვდელ-მონაზვნად. მუდმივ მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მონასტერში ბევრი ბერ-მონაზონი მსახურობდა, ეს დიონისესთვის დაბრკოლება იყო. მას სურდა მოეძებნა განმარტოებული ადგილი და დაყუდებულიყო. გამოცდილი მოხუცი ბერის რჩევით, ასეც მოიქცა, დატოვა ფილოთეის მონასტერი და დამკვიდრდა ათონის მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე ერთ მღვიმეში. მღვიმესთან ახლოს იყო წყარო. დიონისე მხოლოდ ველური მცენარეებით იკვებებოდა და წყაროს წყალს იღებდა. როდესაც პური სჭირდებოდა, მახლობელ მონასტერს სთხოვდა, როგორც მოწყალებას.

სამი წლის შემდეგ დიონისემ ნახა ერთი ბერი, რომელსაც მდუმარების აღთქმა ჰქონდა დადებული. დიონისემ უფლება მისცა მდუმარე ბერს, მისი მღვიმის მახლობლად მოეწყო კელია. მალე მათ სხვა დაყუდებული ბერიც შეუერთდა, მანაც აიშენა კელია მათ გვერდზე. ასე ცხოვრობდნენ ბერები მშვიდად. მალე ბევრი დაემოწაფა. ასე გაიზარდა საძმო დიონისეს მღვიმის გარშემო. განმარტოებით ცხოვრების მოსურნე ბერი მრავალი მონაზონის გარემოცვაში ცხოვრობდა. აღარ ეტეოდნენ ბერები იმ ადგილას, ამიტომ უფრო სამხრეთით მოძებნეს ადგილი, სადაც ააშენეს კელიები და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამლოცველო. დიონისე თავის მღვიმეში დარჩა, მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიოდა სამლოცველოში ღვთისმსახურების ჩასატარებლად და ძმების დასამოძღვრად.

მონასტრის საძმოს რიცხვმა თვრამეტს მიაღწია. მათი კელიები არ იყო დაცული ზამთრის ქარებისა და სიცივისაგან. დიონისემ დაავალა მოწაფეებს, მოეძებნათ უფრო მყუდრო ადგილი და აეშენებინათ ახალი კელიები და ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელზე. აქ ბერები ზამთარს ატარებდნენ, ზაფხულში კი ძველ კელიებს და სამლოცველოს უბრუნდებოდნენ. გააკეთეს ნავი, რომლითაც აუცილებელი საკვებით ამარაგებდნენ მონასტერს, მოაწყვეს პატარა ბეღელი, სადაც საკვებს ინახავდნენ. დიონისე მაგალითს აძლევდა ბერებს, ხშირად თვითონ სა-ქმიანობდა ამ ბეღელში. ერთხელ ჩვეულებისამებრ გამოვიდა თავისი მღვიმიდან და გასწია ეკლესიისკენ საღამოს ლოცვის ჩასატარებლად, დასავლეთით მან დაინახა ღვთის ნათელი სვეტი, რომელიც ლამპარივით ანათებდა კლდეზე, დაახლოებით ოთხმოცი მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. დიონისემ მოწაფეებს ნანახის შესახებ არაფერი უთხრა. წავიდა და რჩევა ჰკითხა ათონის მთის ერთ-ერთი მონასტრის იერომონაზონ დომეთაის, რომელიც სულიერი სიბრძნით იყო გამორჩეული. დომეთაი და დიონისე სამი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ იმ ღვთაებრივ ნათლის სხვეტს კლდეზე. დომეთაი არწმუნებდა დიონისეს, რომ ეს იყო ღვთის ნიშანი და რომ იმ ადგილზე აუცილებლად უნდა დაარსებულიყო მონასტერი. იერომონაზონმა მოისურვა, დიონისესთან ერთად თავადაც მიეღო მონაწილეობა ამ დიდ საქმეში.

ბერები დიონისეს კურთხევით სასწრაფოდ შეუდგნენ იმ კლდეზე მონასტრის მშენებლობას. იმ ადგილზე იყო თურქი მეკობრეების თავდასხმების მუდმივი საფრთხე, რაც აფერხებდა მონასტრის მშენებლობას. ბერებმა თავდაპირველად ოცმეტრიანი კოშკი ააგეს. ამ კოშკიდან ურჯულო მეკობრეების დროული შემჩნევა ადვილად შესაძლებელი იქნებოდა. დიონისეს ძმა თეოდოსი ტრაპიზონის მიტროპოლიტად აკურთხეს. დიონისე გაემგზავრა ძმასთან მისალოცად და დახმარების სათხოვნელად - თეოდოსის შეეძლო ძმისთვის ეშუამდგომლა იმპერატორ ალექსი მესამესთან. დიონისე აპირებდა ხელისუფალისთვის მონასტრისთვის შემოწირულობა ეთხოვა. თეოდოსი დაეხმარა ძმას, შეახვედრა იმპერატორს, რომელმაც დიდი პატივით მიიღო ბერი. დიონისემ შესთავაზა ალექსი კომნენოსს, ყოფილიყო ათონზე ახალი მონასტრის ქტიტორი. იმპერატორი დიდი სიამოვნებით დათანხმდა ნეტარს, მისცა თანხა და ყველა საჭირო რამ მონასტრის ასაშენებლად. ათონზე მიმავალ წმინდა დიონისეს და მის მოწაფეებს ყაჩაღები დაესხნენ თავს. ბერები ამ თავდასხმას წმინდა იოანე ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადების წყალობით გადაურჩნენ. ათონზე დაბრუნებულმა დიონისემ იმპერატორის ნაჩუქარი ფულით მუშახელიც დაიქირავა და დაიწყო მონასტრის მშენებლობა, ააშენეს ეკლესია, კელიები, როცა შემოწირულობა შემოაკლდათ, წმინდა ბერი ისევ წავიდა ტრაპიზონში იმპერატორთან დახმარების სათხოვნელად. მისი არყოფნის დროს ათონზე ახალაშენებულ წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს თურქი მეკობრეები დაესხნენ, ბერები მცირე აზიაში წაასხეს ტყვედ. დაბრუნებულმა ნეტარმა დიონისემ მონასტერი რომ ცარიელი იხილა, მწარედ ატირდა, შემდეგ ძალა მოიკრიბა და წავიდა ბერების მოსაძებნად. დიდი ძალისხმევით იპოვა ისინი და მონასტრისთვის შეწირული თანხით მოახერხა მათი გამოსყიდვა.

ყველა დაბრუნდა მონასტერში და განაახლა მუშაობა, მაგრამ შემოსავალი არ იყო საკმარისი მონასტრის საძმოს შესანახადაც კი. წმინდა დიონისემ გადაწყვიტა, მესამედ წასულიყო ტრაპიზონში. იმპერატორმა თანაუგრძნო ბერს და დაჰპირდა შემოწირულობას მონასტრისათვის. დიონისე ვერ მოესწრო იმპერატორის დანაპირების შესრულებას, დასნეულდა და უფალთან წარდგა დაახლოებით 1389 წელს 70 წლისა. წმინდანი ტრაპიზონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. როდესაც დიონისეს თანამგზავრებმა ათონის წმინდა მთაზე ბერის გარდაცვალების ამბავი მიიტანეს, ყველა დამწუხრდა.


ბეჭდვა
1კ1