წმინდა აბბა პიორე (IV) - 17 (30) ივნისი
წმინდა აბბა პიორე (IV) - 17 (30) ივნისი
აბბა პიორე IV საუკუნეში ცხოვრობდა. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში მან უარი თქვა საერო ცხოვრებაზე და სკიტის უდაბნოში წავიდა. იქ ერთი საშინელი და უნუგეშო ადგილი ნახა, სადაც მან თავისთვის სენაკი აიშენა და ჭა ამოთხარა. მაგრამ წყალი იმდენად მწარე აღმოჩნდა, რომ მის გარდა ვერავინ სვამდა. აბბა პიორემ აქ ორმოცდაათი წელი გაატარა და ყოველდღიურად ყველაფერს თავიდან იწყებდა, თითქოს ახლა შეუდგა ღვთის ძიებასო. დადიოდა საჭმელს ისე ჭამდა, ყოველგვარი სიამოვნების გარეშე, რამეთუ საკვებს არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.

ერთხელ აბბა პიორეს მოხუცებულმა დამ მისი ნახვა მოინდომა, მაგრამ ვერ შეძლო უდაბნოში წასვლა და ეპისკოპოსს სთხოვა აბბა პიორე დაერწმუნებინა, თვითონ მისულიყო მასთან. აბბა პიორე ვერ შეეწინააღმდეგა მღვდელმთავარს და მოწაფესთან ერთად წავიდა დასთან.

მოწაფემ წმინდანის დას ძმის მოსვლა აცნობა. როცა კარი გააღეს, წმინდანმა თვალები დახუჭა და დაიყვირა: "მე ვარ პიორე, შენი ძმა, აი, მოვედი, მიცქირე რამდენიც გინდა". შიგნით შესვლაზე უარი თქვა, ზღურბლზე ილოცა და უკან უდანოში დაბრუნდა.

ერთხელ აბბა პიორე, ზედიზედ სამი წელი, მკაში მუშად დაუდგა ერთ მიწათმოქმედს. მაგრამ, ყოველთვის როცა მინდვრის პატრონს გაწეული სამუშაოსთვის ანგარიში უნდა გაესწორებინა, მაშინ აბბა პიორე გამოიპარებოდა ხოლმე. მინდვრის პატრონმა უსამართლობაში რომ არ ჩათვლოდა, აიღო საფასური და უდაბნოს მონასტრებში აბბა პიორეს მოსაძებნად წავიდა და იპოვა კიდეც. მაგრამ აბბა პიორემ მას უბრძანა, ფული ეკლესიაში წაეღო.

ერთხელ სკიტელი ძმები ერთი შემცოდე ბერის საქმის გასარჩევად შეიყარნენ. მთელი ამ ბჭობის დროს აბბა პიორე დუმდა. მერე კი დიდი ტომარა ქვიშით აავსო და ზურგზე მოიკიდა, ხოლო პატარა თოფრაკი ქვიშით სავსე წინ ჩამოიკიდა. მამებმა ჰკითხეს, ეს რას ნიშნავსო. მან უპასუხა: "ქვიშიანი დიდი ტომარა ჩემი აურაცხელი ცოდვებია, რომელიც უკან მომიტოვებია. ხოლო პატარა - ჩემი ძმის ცოდვები, რომელიც ჩემ წინ ძევს და მთელ ჩემს დროს მათ განსასჯელად ვხარჯავო! განა უკეთესი არ იქნებოდა, პირიქით გამეკეთებინა? მამები მიხვდნენ მის იგავს და აღიარეს, რომ აბბა პიორემ ჭეშმარიტად მაცხოვნებელი გზა აირჩია.


ბეჭდვა
1კ1