წმინდა თეოფანე დაყუდებულის (+1894) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 2002 წელს - 16 (29) ივნისი
წმინდა თეოფანე დაყუდებულის (+1894) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 2002 წელს - 16 (29) ივნისი
წმინდა თეოფანე (ერისკაცობაში - გიორგი ვასილის ძე გოვოროვი) ორლოვის გუბერნიის სოფელ ჩერნავსკში 1815 წლის 10 იანვარს დაიბადა. მამამისი, ვასილი, ამავე სოფლის წმინდა ვლადიმირის სახელობის ტაძრის მღვდელი იყო, სამღვდელო ოჯახიდან გახლდათ დედამისი ტატიანაც.

მომავალმა წმინდანმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ კი, 1823 წელს, ლივენის სასულიერო სასწავლებელს მიაბარეს. მან ადვილად დასძლია სასწავლებლის კურსი, წარმატებითვე დაასრულა ორლოვის სემინარია, შემდეგ კი - კიევის სასულიერო აკადემია.
1841 წლის 15 თებერვალს აკადემიაში სწავლის ბოლო წელს კი თეოფანეს (რაც "ღვთის განცხადებას" ნიშნავს) სახელით შემონაზვნდა. იმავე წლის 6 აპრილს თეოფანე კიევის-მღვიმევის ლავრის მიძინების ტაძარში მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

წმინდანმა ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრების გზა განვლო, - მოღვაწეობდა კიევის სოფიის სასულიერო სასწავლებელში, ნოვგოროდისა და ოლონეცკის სასულიერო აკადემიაში, მსახურობდა იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიაში და კონსტანტინოპოლის საელჩო ტაძარში, 1859 წლის 9 მაისს ღირს მამას მღვდელმთავრად დაასხეს ხელი და ტამბოვისა და შაკის კათედრაზე გაამწესეს, შემდეგ კი - ვლადიმირის ეპარქიაში გადაიყვანეს.

ამ დიდი მოსაგრის წყალობით და ძალისხმევით უამრავი ტაძარი აღდგა, უბრალო ადამიანთა განათლებაზე ფრიად ზრუნავდა, სამრევლო სკოლებს ხსნიდა და უპოვართ და უმწეოებს შეეწეოდა. როდესაც ტამბოვს საშინელი ხანძრები ერთურთს მოჰყვა და უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, წმინდა მამა მათ დიდად შეეწია, განსაკუთრებით - ღარიბ ღვთისმსახურთა ქვრივებსა და ობლებს, თავისი ბინა და საეპისკოპოსო სასტუმროს თავისუფალი შენობები უსახლკაროდ დარჩენილებს დაუთმო, თავად კი ქალაქგარეთ გადავიდა საცხოვრებლად.

ჭეშმარიტი ღვთისმსახური ყველგან დიდ სიყვარულსა და სითბოს იმსახურებდა, თავადაც უსაზღვროდ უყვარდა ყველა, მაგრამ მისი სული ამქვეყნიურ სარბიელზე უკვე შვებას ვერ პოვებდა, რადგან უფლისთვის ცხოვრება სწყუროდა. 1866 წლის 17 ივლისს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, წმინდა თეოფანე ვლადიმირის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს და ვიშის უდაბნოს წინამძღვრად დანიშნეს.

ვიშის უდაბნოში ცხოვრების პირველი ექვსი წლის განმავლობაში წმინდა თეოფანეს მთავარი საქმიანობა ლოცვა და ღვთისმსახურება იყო, გულღიად ხვდებოდა ახლობლებს, გულმოდგინედ უსმენდა რჩევა-დარიგებისათვის მისულთ და კეთილად ჰმოძღვრიდა, ზოგჯერ მონასტრიდანაც გადიოდა, მაგრამ თანდათან დარწმუნდა, რომ ეს ყოველივე იმ ძირითადი საქმისაგან სწყვეტდა, რომლისთვისაც მონასტერში მოვიდა.

1872 წელს, პასექის შემდეგ, ეპისკოპოსმა თეოფანემ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და დაეყუდა. ადამიანებთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა, ოდენ მოძღვარს, უდაბნოს წინამძღვარს, იღუმენ ტიხონს და თავის მორჩილს, მამა ევლამპის ეკონტაქტებოდა.

წმინდანმა თავის ერთ სენაკში ღვთის განცხადების სახელობის ტაძარი მოაწყო, სადაც ყოველ კვირა და სადღესასწაულო დღეებში წირავდა ხოლმე, ცხოვრების უკანასკნელი 11 წლის მანძილზე კი - ყოველდღე.

თეოფანეს ძირითადი საქმე - ლოცვა გახლდათ, ხშირად მთელი დღისა და ღამის განმავლობაში გადაბმულად ლოცულობდა, საკუთარ თავში მარადიულ ხსოვნას საღვთო წიგნთა კითხვით განაცხოველებდა, მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელსაც მუდმივად ავსებდა - პენსიის დიდ ნაწილს სწორედ წიგნების შეძენას ახმარდა.

ღირსი თეოფანე უანგარო მოღვაწე იყო. თავის ნაშრომებში გასამრჯელო არასოდეს აუღია, მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ეგზემპლარებს უგზავნიდნენ სასაჩუქრედ.

დაყუდებაში მყოფი მეუფე თეოფანე მნახველებს არ ღებულობდა, მაგრამ ფოსტას ყოველდღიურად 20-40 წერილი მოჰქონდა, რომლებშიც სულიერად შეჭირვებულნი სატკივარს უმხელდნენ და რჩევა-დარიგებას სთხოვდნენ. წმინდანი მოკლე და უმნიშვნელო წერილებსაც კი არ ტოვებდა უპასუხოდ.

ლოცვასა და გონებრივ შრომას შორის შუალედებში წმინდანი ხელსაქმობდა. მის სენაკში მიკროსკოპიც იპოვეს, ტელესკოპიც, ფოტოაპარატიც, წმინდანს ჯერ ფიზგარმონზე, შემდეგ კი ვიოლინოზე დაკვრითაც უცდია განტვირთვა.

ღირსმა მამამ ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალება, 1894 წლის 6 იანვარს, თითქოს საგანგებოდ, უფლის განცხადების დღესასწაულზე გავიდა ამქვეყნიდან.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ კრებაზე 1988 წელს თეოფანე დაყუდებული წმინდანად შეირაცხა. 2002 წლის 29 ივნისს (ახ.სტილით) მოხდა წმინდა მღვდელმთავარ თეოფანეს წმინდა ნაწილთა აღმოყვანება. სოფელ ემმანუილოვკას ტაძრიდან, სადაც იყო დაკრძალული ვიშის დედათა მონასტერში გადაასვენეს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1