ღირსი დულე მეგვიპტელი (V) - 15 (28) ივნისი
ღირსი დულე მეგვიპტელი (V) - 15 (28) ივნისი
ღირსი დულე ეგვიპტის ერთ-ერთი კინოვიური მონასტრის მონაზონი იყო. იგი მორჩილებით, სიმშვიდით, ღვთისმოშიშებით გამოირჩეოდა. ღირსი დულე 20 წლის მანძილზე ითმენდა დაცინვასა და შეურაცხყოფას მონასტრის ზოგიერთი ბერისგან. თავდაპირველად ძლიერ უჭირდა შეურაცხყოფის დათმენა, მაგრამ შემდგომ ისეთ თავმდაბლობას მიაღწია, რომ ეცოდებოდა თავისი დამამცირებელნი, გულწრფელად უყვარდა და ლოცულობდა მათთვის.

სიცოცხლის მიწურულს კიდევ ერთხელ გამოიცადა წმინდანი ღვთისა და მოყვასის სიყვარულში: მონასტრის ერთმა ბერმა საეკლესიო ჭურჭელი მოიპარა და გადამალა. როცა იღუმენი მონასტრის უხუცესებთან ერთად ქურდობის საქმეზე ბჭობა დაიწყეს, წმინდა დულეს უგუნურმა მტრებმა ბრალი მას დასდეს. ბრალდებას იმით ამყარებდნენ, რომ დულე შუაღამიანის ლოცვაზე არ გამოცხადდა, მაშინ, როცა სხვა დროს მას ვერავინ დაასწრებდა მოსვლასო. სინამდვილეში ღირსი დულე ავად იყო იმ დროს და ლოცვაზე მისვლა ვერ შეძლო. ღირსი დულე მამათა წინაშე წარდგა და განუცხადა, რომ ის დამნაშავე არ იყო. მაგრამ მტრები არ ცხრებოდნენ და დარწმუნებით ამბობდნენ, რომ თავად იყვნენ ამ ფაქტის შემსწრენი.

როცა დულე დარწმუნდა, რომ მისი არავის სჯეროდა, თავი აღარ უმართლებია, მხოლოდ ეს თქვა: "შემინდეთ, წმინდანო მამანო, ცოდვილი ვარ!" მაშინ იღუმენმა ბრძანა, მისთვის საბერო ტანსაცმელი გაეხადათ და საერო სამოსი ჩაეცვათ. წმინდა დულე მწარედ ქვითინებდა და შესთხოვდა ღმერთს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შენი წმინდა სახელისთვის ჩავიცვი ეს სამოსელი, ახლა კი, ცოდვისა გამო განმმოსავენო!"

ღირს დულეს ბორკილები დაადეს. იკონომოსი მას სასტიკად გვემდა - სურდა, გამოეტეხა, სად გადამალა ჭურჭელი, წმინდა დულე კი იმეორებდა: "შემინდეთ, რამეთუ ვცოდეო!"

მაშინ ბერი საერო სასამართლოს გადასცეს, სადაც მისი წამება განაგრძეს. ბერი კვლავ იმეორებდა: მე არც ვერცხლი მაქვს და არც დაკარგული ჭურჭელი. ქალაქის ეპარქმა ბერებს ჰკითხა, როგორ დაესაჯა დულე. ბერებმა ნება დართეს, ისე მოქცეოდა განსასჯელს, როგორც საერო კანონი მოითხოვდა. წმინდა დულეს ორივე ხელის მოკვეთა მიუსაჯეს. ვიდრე განაჩენს აღასრულებდნენ, მმართველმა ღირს მამას მიმართა: "მითხარი, სად არის მოპარული ჭურჭელი და სასჯელისგან თავს დაიხსნიო". წმინდანმა მიუგო: "გინდა, რომ ის დავიბრალო, რაც არ ჩამიდენია? არ დავიბრალებ, რადგან ყოველგვარი ტყუილის მამა ეშმაკიაო". წმინდანი დასასჯელად გაიყვანეს და მაშინ, როგორც იქნა, ნამდვილ ქურდს სინდისი გაეღვიძა, იღუმენთან მივიდა და სთხოვა, დულესთვის ხელები არ მოეკვეთათ.

ღირსი დულე მონასტერში დააბრუნეს. ბერები შენდობას სთხოვდნენ, ის კი მათზე არ ბრაზობდა, პირიქით, მადლობას უხდიდა იმისთვის, რომ ამ განსაცდელების დათმენით ცოდვების მონანიების საშუალება მისცეს. სენაკში მარტო დარჩენილი წმინდანი მტრებისთვის მხურვალედ ლოცულობდა და მათთვის ცოდვათა მიტევებას შესთხოვდა. სამი დღის შემდეგ ღირსი დულე აღსრულებული იპოვეს, უფალს წმინდანი ლოცვის დროს გაეყვანა ამქვეყნიდან. დაკრძალვა მეზობელი მონასტრის იღუმენისა და ძმების მოსვლამდე გადადეს. მანამდე კი წმინდა სხეული ეკლესიაში გამოკეტეს. როცა ყველანი შეგროვდნენ და ტაძარში შევიდნენ, იქ წმინდა დულეს სხეული აღარ დახვდათ, ხოლო სადაც დაასვენეს, იმ ადგილას წმინდანის სამოსი და ფეხსაცმელები იდო.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1