ნეტარი იერონიმე სტრიდონელი (+420) - 15 (28) ივნისი
ნეტარი იერონიმე სტრიდონელი (+420) - 15 (28) ივნისი
ნეტარი იერონიმე დაახლოებით 347 წელს დალმაციაში, ქალაქ სტრიდონში, ღვთისმოსავ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა. როცა ყმაწვილს 12 წელი შეუსრულდა, მშობლებმა ის რომში სასწავლებლად გააგზავნეს, ცნობილ მასწავლებელთან დონატ გრამატიკოსთან. მან იერონიმეს რიტორიკისადმი სიყვარული გაუღრმავა. მხურვალე ტემპერამენტისა და არაჩვეულებრივი მახსოვრობის მქონე ყმაწვილი დაუცხრომლად ისწრაფოდა შემეცნებისკენ. კატაკომბებში მოწამეთა საფლავების ხშირმა მონახულებამ მასში ქრისტესადმი სრულყოფილი სიყვარული გააღვივა.

მიუხედავად ამისა დედაქალაქში ჩასული იერონიმე თავდაპირველად ქალაქური ფუფუნებითა და ახალგაზრდული თავაშვებულობით ცხოვრობდა, მაგრამ მალე მასში ცხოვრების წესის ძირფესვიანად შეცვლის სურვილი მომწიფდა. მომავალი წმინდანი 20 წლის იყო, როცა მოინათლა. ამის მერე ის რომიდან ტრირში წავიდა, მაშინ საიმპერატორო რეზიდენციაში, რათა სახელმწიფო სამსახურში მოწყობილიყო. სწორედ აქ იგრძნო მან პირველად შემონაზვნების სურვილი. მაშინ ის მეგობარ რუფინოსთან ერთად აკვილეაში გაემგზავრა, სადაც ის მღვდლების და ერისკაცების საღვთისმეტყველებო წრეებს ესწრებოდა. მოგვიანებით მან მათ "ნეტართა ქორო" უწოდა. მას მერე მან ისეთი სწრაფვა გამოიჩინა მოსაგრე ცხოვრებისადმი, რომ გადაწყვიტა მამამთავარ აბრაამისთვის მიებაძა, და ღვთის სიყვარულისთვის დაეტოვებინა სამშობლო.

დაახლოებით 372 წელს იერონიმე მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა; დედ-მამა გარდაცვლილი დაუხვდა და უმცროს და-ძმაზე ზრუნვა მას დააწვა ტვირთად. საღვთო შურით ანთებულს ბერად აღკვეცის გადადება მოუხდა. საოჯახო საქმეების მოწყობის შემდეგ ნეტარი მამა აღმოსავლეთში გაემგზავრა.

ანტიოქიაში ჩასულმა (373) ნეტარმა იერონიმემ მთელი დიდმარხვა წინასწარმეტყველთა წიგნებზე ფიქრში გაატარა, ამასთან ის კლასიკურ ლიტერატურასაც კითხულობდა. მარხვის შუაში ძლიერი ციებ-ცხელება აუტყდა. სიკვდილის პირას მისული ნეტარი იერონიმე სულით აღტაცებული იქნა ღვთის სამსჯავროზე. როცა მან თავი ქრისტიანად აღიარა, მსაჯულმა უპასუხა: - ცრუობ, შენ ქრისტიანი კი არა ციცერონის მიმდევარი ხარო - და მისი გაშოლტვა ბრძანა. საკუთარი სინდისისაგან დასჯილმა ნეტარმა იერონიმემ აღთქმა დადო, რომ წარმართულ წიგნებს აღარასოდეს წაიკითხავდა. მას მერე მთელი დრო საღმრთო წერილის შესწავლას მიუძღვნა. ორი წლის შემდეგ, ისე, რომ არავის მოთათბირებია, ნეტარი იერონიმე წმინდა ანტონის ღვაწლის მიბაძვის სურვილით ქალკედონის უდაბნოში შევიდა და იქ ცხოვრობდა. მიუხედავად მარხვისა და ხორცის მოკვდინებისა, მან გულისთქმებს ვერაფერი უყო. ხორცით უდაბნოში იყო, გულისთქმებით კი რომში. მოწყინებისგან თავდასაღწევად მან სრულყოფილად შეისწავლა ბერძნული ენა, დიდი შრომით შეისწავლა ძველებრაული და არამეული ენები. ამ დროს დაიწყო მიმოწერა მრავალ პირთან სხვადასხვა საკითხზე. ჩვენამდე მოაღწია მისმა 120-მა წერილმა. განსაცდელების ჟამს უფალი ნუგეშინისცემასაც უგზავნიდა. თუმცა მას უდაბნოს დატოვება და ანტიოქიაში წასვლა მოუხდა, ეპისკოპოსების: მელეტის, პავლინესა და ვიტალის მომხრეებს შორის წარმოქმნილი შფოთისა და უთანხმოების გამო.

ანტიოქიაში ეპისკოპოსმა პავლინემ ნეტარი იერონიმე მღვდლად აკურთხა.

შემდეგ კი წმინდა წერილის შესწავლა განაგრძო ძალზე განსწავლულ მეცნიერთან აპოლინარ ლაოდიკიელთან, მის სწავლებათაგან მხოლოდ იმას იღებდა, რაც მართლმადიდებლობას ეთანხმებოდა.

ამ დროს ხმა გაუვარდა წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველს, როგორც მჭევრმეტყველსა და წმინდა კაცს. წმინდა იერონიმე კონსტანტინოპოლში გაემგზავრა და სამი წელი დაჰყო წმინდა გრიგოლის სკოლაში. აქ ის ორიგენეს თხზულებებმა გაიტაცა და მათ თარგმანს შეუდგა. იერონიმე ანტიოქიაში მიიწვია პავლინემ და წმინდა ეფიფანემ, რომ მათ რომში კრებაზე გაჰყოლოდა (382). რომში მას ყურადღება მიაქცია პაპმა დამასმა და ის თავის მდივნად დაიტოვა.

ნეტარი იერონიმე, როგორც წმინდა წერილის განმმარტებელი, სულიერი ხელმძღვანელი გახდა ღვთისმოსავ დიდებულ ქალთა წრისა, რომლებიც წმინდა მარკლას სახლში იკრიბებოდნენ. ნეტარი რეგულარულად აწყობდა კრებებს, სადაც ის ხალხს წმინდა წერილს უმარტავდა. მაგრამ მისი დაუცხრომელი სწრაფვა მოსაგრე ცხოვრებისკენ არ მოეწონათ ერში მოღვაწე მღვდლებს. პაპი დამასის სიკვდილის შემდეგ მის წინააღმდეგ ცილისწამება გაავრცელეს და აიძულეს რომი დაეტოვებინა (385 წელს).

ნეტარი იერონიმე ამ დროს შეხვდა წმინდა პავლას და მის ქალიშვილებს - ევსტოქის და ანტიოქიას და მათთან ერთად შორეულ მოგზაურობას შეუდგა წმინდა მიწასა და ეგვიპტეში. მათ მოილოცეს წმინდა მიწა, მოინახულეს ნიტრიის უდაბნოს ბერები. 386 წელს ნეტარი იერონიმე ბეთლემში დასახლდა და ქრისტეს შობის ეკლესიის მახლობლად ორი, მამათა და დედათა მონასტრები დააარსა. ამ უკანასკნელში დაბინავდნენ წმინდა პავლა და ღვთისმოსავი დედაკაცები. ამ სავანისთვის ნეტარმა შეადგინა წმინდანთა ცხოვრებები. ყოველდღიურად განუმარტავდა წმინდა წერილს პავლასა და სხვა მოწაფეებს. ამასთან უამრავ მომლოცველს იღებდა, რომლებიც ბეთლემის მღვიმის მოლოცვის შემდეგ ნეტარი იერონიმეს სიბრძნით ავსებულ ქადაგებებს ისმენდნენ.

ეს იყო ნეტარი მამის შემოქმედებითი მოღვაწეობის აყვავების ხანა. თავისი დროის გამოჩენილმა მეცნიერმა ეკლესიას მდიდარი წერილობითი მემკვიდრეობა დაუტოვა: დოგმატურ-პოლემიკური და ზნეობრივ-ასკეტური ნაწერები, წმინდა წერილის განმარტებები, ისტორიული თხზულებები. მისი უმთავრესი ნაშრომია ძველი და ახალი აღთქმის საღვთო წიგნების ხელახალი თარგმანი ლათინურ ენაზე. ეს თარგმანი, რომელსაც ვულგატა უწოდეს, დასავლეთის ეკლესიაში საყოველთაო ხმარებაშია. "არ იცოდე წმინდა წერილი, ეს ნიშნავს, რომ არ იცნობდე ქრისტეს", - ამბობდა იგი.

წმინდა იერონიმე ბეთლემის გამოქვაბულში თავის კელიაში აღესრულა დაახლოებით 420 წელს. მისი წმინდა ნაწილები რომში გადაასვენეს.


ბეჭდვა
1კ1