ღირსი ბასიანე რიაბოველი, უგლიჩელი (+1509) - 11 (24) ივნისი
ღირსი ბასიანე რიაბოველი, უგლიჩელი (+1509) - 11 (24) ივნისი
ღირსი ბასიანე XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. წარმოშობით ის კესოვის მაზრის სოფელ როჟალოვიდან იყო. იგი ოცდაცამეტი წლისა აღიკვეცა მონაზვად ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის მონასტერში და მისი სულიერი წინამძღვარი წმინდა პაისი უგლიჩელი გახლდათ. მან დიდი სიყვარული გამოიჩინა ასკეტური ღვაწლის მიმართ, რომელსაც დიდი თავმდაბლობა შეუერთა. სავანეში ცხოვრების ოცი წლის შემდეგ მან განმარტოებული ცხოვრება მოისურვა. მასწავლებელმა ის აკურთხა და უთხრა: "წარვედ, შვილო, ქრისტეს სასურველო, იტვირთე ღვთის კეთილი უღელი და სათნოეყავი უფალს. მალე შენ თვითონ ააშენებ მონასტერს და შეჰკრებ მონაზონთა სამწყსოს ყოვლადწმინდა სამების სახელის სადიდებლად".

რაღაც დროის მანძილზე მონასტერში იცხოვრა, მერე კი უგლიჩიდან ოცდათორმეტ კილომეტრში უდაბნო იპოვა და იქ სრულ მყუდროებაში გააგრძელა ასკეტური ღვაწლი.


თუმცა მოსაგრის შესახებ სწრაფად გავრცელდა ხმა მიმოგარენში და მასთან კურთხევისა და რჩევისთვის იწყეს მისვლა ღვთისმოშიშმა მორწმუნეებმა. მას მიწის ნაკვეთი აჩუქეს რიაბოვში. იქ მან წმინდა სამების სახელზე ტაძარი ააგო. წმინდა ბასიანესთან მოწაფეები შეიკრიბნენ, რომელთაც სურდათ მისი ცხოვრების წესისთვის მიებაძათ. სხვა რა გზა ჰქონდა - წმინდა ბასიანემ უარი თქვა თავის ნებაზე და დაჰყვა ღვთის განგებულებას - დაუტევა მყუდრო ცხოვრება და მათი სულიერი წინამძღვრობა თავს იდო. წმინდა ბასიანე 1509 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა და სიკვდილის შემდგომაც მრავალი სასწაული აღასრულა. 1548 წელს, როცა ხის ტაძრის ნაცვლად სამების სახელზე ქვის ტაძარს აშენებდნენ, მისი საფლავის გახსნისას, წმინდა ბასიანეს სხეული უხრწნელი აღმოჩნდა. 1764 წელს მონასტერი გაუქმდა და სამების ტაძარი სამრევლო ეკლესიად გადაიქცა. ტაძარი დღემდე შემორჩა, ხოლო წმინდანის საფლავი დაკარგულად ითვლება.

ბეჭდვა
1კ1