წმინდა ბასიანე, ლავდიელი ეპისკოპოსი (+409) - 10 (23) ივნისი
წმინდა ბასიანე, ლავდიელი ეპისკოპოსი (+409) - 10 (23) ივნისი
წმინდა ბასიანე სირაკუზის (სიცილია) ოლქის მმართველის შვილი იყო. მამამისი თავის შემცვლელად ამზადებდა, ამიტომ განათლების მისაღებად რომს გაგზავნა.

ბასიანეს სიყრმეშივე ბევრი სმენოდა ქრისტიანებზე და არ ასვენებდა მათი სწავლებისა და ცხოვრების წესის გაცნობის სურვილი. რომში მისი ცნობისწადილი დაკმაყოფილდა: ხუცესმა გორდიანმა ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა. ნათლობის საიდუმლოს აღსრულების ჟამს ემბაზთან მდგომი ანგელოზი იხილა, რომელსაც ახალნათელღებულის შესამოსად ხელთ სამოსელი ეპყრა. ბასიანემ კადნიერად ჰკითხა ზეციურ მხედარს, - ვინა ხარ? ანგელოზმა უპა¬სუხა, რომ ის უფალმა დიდი ხნის წინ გამოაგზავნა მასთან.

წმინდა ბასიანე მკაცრ ღვაწლს შეუდგა: საზრდოდ ძალზე მცირედს სჯერდებოდა, ღამეებს კი - ლოცვაში განლევდა. მსახურებს თავიდან უკვირდათ ბატონის ამგვარი საქციელი, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ ქრისტეს შეუდგა და მამამისს აუწყეს.

მამამ მაშინვე ბრძანა, ბასიანე მიეგვარათ. ამ დროს ბასიანე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში ლოცულობდა. მოციქულმა გამოცხადებით ამცნო, რომი დაეტოვებინა. ბასიანემ ქონება ღატაკთ დაურიგა, ერთგულ ქრისტიან მონასთან ერთად რავენას წარვიდა და ნათესავთან, ეპისკოპოს ურსთან დამკვიდრდა.

ურსმა ბასიანეს ქალაქგარეთ, მღვდელმოწამე აპოლონარიუსის სახელობის ტაძართან დასაყუდებლად შესაფერისი ადგილი გამოუყო. წმინდანი სულიერად ძალზე სწრაფად წარემატებოდა, ღვთისგან საკვირველქმედების მადლი მოიხვეჭა და შორს გაითქვა სახელი.

იმხანად რავენის მსაჯულს ცილი დასწამეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. უსამართლოდ განწირული მოხელე ლოცვებში ბასიანეს მოუხმობდა და მართლაც ჯალათმა, თავისდაუნებურად, ხელი უშვა მოსაკლავად აღებულ მახვილს. ასე განმეორდა სამგზის.

იგივე დაემართა მეორე ჯალათსაც.

როცა მომხდარის შესახებ იმპერატორს აუწყეს, მან ბრძანა, გაენთავისუფლებინათ პყრობილი. სასწაულებრივად გადარჩენილი სიკვდილმისჯილი ამტკიცებდა, რომ იგი წმინდა ბასიანეს ლოცვებმა იხსნა.

ქალაქ ლიდიის მცხოვრებლებმა ურსს სთხოვეს, ხუცესად ეკურთხებინა ბასიანე. ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ კი საკათედრო ტაძრის მოძღვარს, კლიმენტის გამოცხადებით ეუწყა, რომ წმინდანი მღვდელმთავრად უნდა დადგენილიყო.

წმინდა მღვდელმთავარი სამწყსოს სიტყვითაც მოძღვრავდა და საქმითაც: მისი ცხოვრება კეთილმსახურებით იყო განბრწყინებული. ლიდიაში ბასიანემ წმინდა მოციქულთა სახელობის ბრწყინვალე ტაძარი ააგო. წმინდანი ამბროსი მედიოლანელთან (+397, ხსენება 7 დეკემბერს) მეგობრობდა და ხშირი მიმოწერა ჰქონდა მასთან. იგი ამ ნეტარი მამის აღსასრულსაც დაესწრო და საკუთარი ხელით მიაბარა მიწას.

წმინდა მღვდელმთავარი ბასიანე 409 წელს მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1