წმინდა თეოფანე ანტიოქიელი და მეუღლე მისი პანსემინა, რომელი იყო ოდესღაც მეძავი (+363-369) - 10 (23) ივნისი
წმინდა თეოფანე ანტიოქიელი და მეუღლე მისი პანსემინა, რომელი იყო ოდესღაც მეძავი (+363-369) - 10 (23) ივნისი
ღირსი თეოფანე ანტიოქიელი წარმართულ ოჯახში აღიზარდა. იგი ადრე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლე სამ წელიწადში გარდაეცვალა.

დაქვრივებული თეოფანე ქრისტეს შეუდგა, - მოინათლა, განერიდა შფოთითა და ამაოებით აღსავსე ცხოვრებას და ქალაქგარეთ, ვიწრო კელიაში დაემკვიდრა.

ხშირად აკითხავდნენ შეჭირვებული ადამიანები, სულის წყლულებს უმხელდნენ და კურნებას სთხოვდნენ. წმინდანი ურჩევდა, ნუგეში ღვთის მცნებების ერთგულებასა და უბიწო ცხოვრებაში მოეძიებინათ და წუხდა, ოდეს ხედავდა, რომ გარყვნილობა ნიაღვარივით მოსდებოდა და წალეკვით ემუქრებოდა ანტიოქიას.

ერთხელ თეოფანემ ვინმე მეძავის, პანსემინას შესახებ შეიტყო, რომელიც მრავალს აცთუნებდა და ძლიერ მოუნდა, ეხსნა მისი სული.

ნეტარმა დიდხანს და მხურვალედ ილოცა, შემდეგ მოხდენილად ჩაიცვა, მამისგან ოქრო გამოითხოვა და მეძავთან წავიდა.

მონეტების ბრწყინვალებით თვალმოჭრილ პანსემინას მეტად მიმზიდველად მოეჩვენა სტუმრის წინადადება, - ცოლად გამომყევიო და სიხარულით დათანხმდა.

ერთადერთი, რასაც სასიძო სანაცვლოდ ითხოვდა, ნათლისღება იყო.

თეოფანემ მეძავის წმინდა საიდუმლოსთვის მზადება იწყო, ჰმოძღვრავდა და უხსნიდა, რომ ღვთის სიწრფოება ცოდვასა და გარყვნილებას ვერ გუობს, შეაგონებდა, - ყოვლადსახიერი უფალი მოწყალეა მონანულთა მიმართო!

ნათლობის შემდეგ ქალი სრულიად გამოიცვალა: მთელი ქონება მოწყალებად გასცა, თეოფანეს კელიის გასწვრივ ქოხში დასახლდა და უსაზღვროდ თავშეკავებულ ცხოვრებას, მარხვასა და ლოცვას მიეცა.

22 თვის შემდეგ, სწორედ იმ დღეს, როცა მისი მოძღვარი მიიცვალა (+369 წელს), პანსემინამ სული უფალს შეჰვედრა.

ბეჭდვა
1კ1