წმინდა იოანე, ტობოლსკელი მიტროპოლიტი (+1715)
წმინდა იოანე, ტობოლსკელი მიტროპოლიტი (+1715)
წმინდა იოანე ჩერნიგოვთან ახლოს, ქალაქ ნეჟინში, მაქსიმოვიჩების წარჩინებულ ოჯახში 1651 წელს დაიბადა.

იგი უკანასკნელი კანონიზებული წმინდანია რევოლუციამდელი რუსეთისა, - სწორედ წითელი ხელისუფლების მოსვლის წინ, - იგი 1916 წელს შეერთო წმინდანთა დასს.

კიევ-მოგილანის კოლეგია დასრულების შემდგომ იმ სასწავლებელშივე დატოვეს ლათინური ენის მასწავლებლად და სულ მალე კიევ-პეჩორის მონასტერში აღიკვეცა.

იოანე მწერლისა და მქადაგებლის ტალანტს ფლობდა და რამდენიმე ბრწყინვალე სამოძღვრო წიგნიც შექმნა.

1677 წელს მისი მოღვაწეობა უკრაინაში თურქთა შემოჭრის საფრთხემ შეაბრკოლა. ღირსი მამა მოსკოვს გაემართა და შეწევნა მეფე თეოდორეს სთხოვა, რის შემდგომაც კიევის დასაცავად ჯარი გაიგზავნა.

იოანეს ბრიანსკის სიახლოვეს მდებარე სვენსკის მონასტრის იღუმენად დაასხეს ხელი.

მისმა ღვაწლმა და ღვთივ ნაბოძებმა, მრავალმხრივმა ნიჭმა ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსის, თეოდოსის ყურადღება მიიპყრო, ქალაქის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრად დაადგინა, მისი გარდაცვალების შემდგომ კი, ერთ წელიწადში, იოანე ჩერნიგოვის მღვდელმთავრად გამოარჩიეს, რაც ასე სურდა მის გარდაცვლილ წინამორბედს.

1696 წელს, წმინდა თეოდოსი იოანეს გამოეცხადა და სასიკვდილო სნებისაგან განკურნა.

საეპისკოპოსო პატივით შემოსვის შემდგომ წმინდა მღვდელმთავარმა რუსეთში პირველი სასულიერო სემინარია დააარსა, რამდენიმე წლის შემდგომ, როდესაც ტობოლსკისა და ციმბირის მიტროპოლიტი, ფილოთეოსი (ხსენება 31 მაისს) მიიცვალა, მის ნაცვლად სწორედ წმინდა იოანე დაადგინეს.

ამ უზარმაზარი ეპარქიის მკვიდრთა დიდი ნაწილი ჯერაც წარმართი გახლდათ და მათი მოქცევა ოდენ იმგვარ მადლმოსილ მღვდელმთავარს შეეძლო, როგორიც იოანე გახლდათ.

მოწყალე, ღვაწლმრავალი, კეთილი მწყემსი იოანე ძალას არ ზოგავდა თავისი სამწყსოს სანუგეშებლად და განსამტკიცებლად, მდიდართა სახლებს არასოდეს სტუმრობდა და უპოვართა ფარულად დახმარება უყვარდა, - მოწყალებას ან სხვისი ხელით უგზავნიდა, ან ღამით, ფარულად, თავად სტუმრობდა და სარკმელზე ამ სიტყვებით უკაკუნებდა:

- მიიღეთ ეს იესო ქრისტეს სახელით!

არც პატიმრები ავიწყდებოდა და მუდამ იქ იყო, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

წინასწარმცნობელობის მადლით პეტრე პირველის მიერ შვედთა ძლევა, მოგვიანებით კი - ნაპოლეონის რუსეთზე თავდასხმა იწინასწარმეტყველა.

უწყოდა რა მოახლოებული აღსასრული, 1715 წლის 10 ივნისს უკანასკნელი წირვა აღავლინა, ტრაპეზზე სასულიერო პირებს და ქალაქის ღატაკთ უხმო და თავადვე ემსახურა, ყველას გამოეთხოვა და სენაკში განმარტოვდა.

როდესაც მწუხრის ლოცვის წინ, კურთხევისთვის მიაკითხეს, ნეტარი ჩერნიგოვის ღვთისმშობლის ხატის წინ, მუხლებზე მდგომი, გარდაცვლილი დახვდათ...

იმავე დღეს, შორეულ სტეპში მოღვაწე მისმა თანამოძმემ, ფილოთეოსმა თანამოღვაწეთ ეს სიტყვები უთხრა:

- ძმა ჩვეი, იოანე ეს ესაა, მიიცვალა, ტობოლსკს უნდა დავბრუნდეთ!

ღირსი მამის ცხედარი ტობოლსკის ტაძარში დააბრძანეს, სადაც მრავალი სასწაული აღასრულა.

საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, წმინდა მამაო!

* * *
ხსენება ღირსისა სილუანისა, პეჩორელი სქემოსნისა, შორეული მღვიმელისა (XIII-XIV) - 10 (23) ივნისი

ბეჭდვა
1კ1