ორი ღირსი მამა - ორი დანიელ სკიტელი (+420 და VI) – 07 (20) ივნისი
ორი ღირსი მამა - ორი დანიელ სკიტელი (+420 და VI) – 07 (20) ივნისი
ამ სახელით ეკლესია ორ წმინდა მამას განადიდებს. მათგან პირველი არსენი დიდის (ხსენება 8 მაისს) მოწაფე გახლავთ, თავადაც მრავალი მონაზონის გამომზრდელი.

407 წელს, როდესაც სკიტს ბარბაროსთა ტომი დაეცა, ძმობამ დანიელს მათთან ერთად შესთავაზა გაქცევა, მაგრამ აბბამ მიუგო:

- თუ უფალი ჩემზე არ იზრუნებს, რაღაში ვაგდებ სიცოცხლეს?!

ხოლო როდესაც ბარბაროსთაგან შეუმჩნეველი შეიქნა, საკუთარ თავს ეს უთხრა:

- აი, უფალმა იზრუნა ჩემზე, ამიტომ ადექ და ისე მოიქეც, როგორც ადამიანთ სჩვევიათ და მამებთან გაიქეციო!

იტყოდა ხოლმე: - სხეული იმდენად იფურჩქნება, რამდენადაც სული სუსტდება, ხოლო სული მაშინ ხარობს, ოდეს სხეული ინავლებაო.

ღირსმა მამამ ორმოც წელიწადს იგანდეგილა უდაბნოში, 420 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.


* * *

მეორე აბბა დანიელი მეექვსე საუკუნეში იღვწოდა და ბავშვობიდანვე შეერთო სკიტს.

სკიტზე თავდასხმისას ბარბაროსებმა დაატყვევეს და ორი წელი ჯურღმულში გაატარა, შემდეგ ერთმა კეთილმა ქრისტიანმა გამოისყიდა, თუმცა, ექვს თვეში ისევ შეიპყრეს, მაგრამ თავს გაქცევით უშველა.

მესამედაც რომ დაატყვევეს, ერთხელაც მარჯვე დრო იხელთა, თავისი ბარბაროსი ბატონი თავში ქვის ჩარტყმით გამოასალმა სიცოცხლეს და ტყვეობიდან კვლავ გამოიქცა...

და როცა ჩვეულ ბერულ ყოფას დაუბრუნდა, წუხილი იწყო ჩადენილის გამო და ალექსანდრიას მიაშურა, აღსარება უთხრა მთავარეპისკოპოს ტიმოთე ალექსანდრიელს და ყოველივე აუწყა, რაც თავს გადახდა...

მღვდელმთავარმა საქციელი არ მოუწონა და უთხრა: - "ჯობდა, ღმერთს მინდობოდი, თუ ორჯერ გიხსნა ტყვეობიდან, განა მესამედ მიგატოვებდა?! თუმცა, მკვლელობა არ ჩაგიდენია, რადგან კაცი კი არა, მხეცი მოგიკლავსო".

აბბა დანიელი პასუხმა არ დააკმაყოფილა, გემზე ავიდა და რომს გაემგზავრა, სადაც პაპის წინაშე აღიარა, რაც ჩაიდინა, მას შემდეგ ცოდვა კონსტანტინოპოლის პატრიარქს, იერუსალიმის პატრიარქს და ეფესოს მთავარეპისკოპოსსაც გაუმხილა, თუმცა, მათგანაც იგივე პასუხი მიიღო...

დანიელი ალექსანდრიას დაუბრუნდა და დრტვინვით შეპყრობილმა საკუთარ თავს ასე უთხრა: - "მკვლელი დანიელი დაე, თავადაც მოკვდეს", მაშინვე სამსჯავროზე - პრეტორიაში გამოცხადდა და სამოქალაქო ხელისუფალთ ამ სიტყვებით ჩაბარდა: - "ერთ კაცთან უთანხმოება მომივიდა, განრისხებულმა ქვა ჩავარტყი თავში და მოვკალი, ამიტომ გთხოვთ, გამასამართლოთ, დაე, ჩადენილი მკვლელობისათვის მეც მოვკვდე, რომ დროებითმა სასჯელმა მა-რადიული სატანჯველი ამარიდოსო".

ბერი საპყრობილეში შთააგდეს, ოცდაათი დღის შემდგომ კი მთავარს წარუდგინეს, რომელმაც დაწვრილებით გამოჰკითხა ყოველივე და მისი მსჯელობით გაოცებულმა უთხრა: - "წადი, მამაო, საპყრობილეში არაფერი გესაქმება და ღმერთს ევედრე ჩემთვის! შენ მიერ ჩადენილის გამო კი გეტყვი: - ძალზე ვწუხვარ, რომ ერთი მოგიკლავს და არა ექვსი!"

მაშინ მოძღვარმა გულში თქვა: - "ვსასოებ ჩემს კაცთმოყვარე ღმერთს, რომ მომეტევება ჩემ მიერ ჩადენილი მკვლელობა... ამიერიდან აღთქმას ვდებ ჩემი უფლის წინაშე, რომ ამ მკვლელობისთვის ცხოვრების ბოლომდე კეთროვან კაცს ვემსახურები, ხოლო თუ ის გარდაიცვლება, ეგვიპტეში წავალ და სხვა კეთროვანს მოვიყვან" .

და აღთქმა შეასრულა... სკიტში მცხოვრებ ბერთაგან არავინ იცოდა, რომ ღირს დანიელს სენაკში კეთროვანი ჰყავდა, რადგან ის სენაკის შიდა ნაწილში იმყოფებოდა, მაგრამ ერთხელ, როცა აბმბა დანიელმა, ჩვეულებისამებრ, მოწაფეს სატრაპეზოდ მოუწოდა, ღვთის განგებულებით ისე მოხდა, რომ სენაკის შიდა კარის დახურვა დაავიწყდა და მორჩილმა დაინახა, თუ როგორ ემსახურებოდა იგი კეთროვანს... იმ საბრალოს მთელი სხეული საზარელ წყლულთაგან დალპობოდა და ხელებიც კი აღარ ჰქონდა, ამიტომ აბბა დანიელი საზრდოს თავისი ხელით უდებდა პირში, საცოდავს კი დაღეჭვა და ჭამაც აღარ შეეძლო, რადგან პირიც დალპობოდა, და რასაც კეთროვანი ვერ ჭამდა, იმას თავად ბერი იხმევდა...

მოძღვრის ამ საკვირველი ღვაწლის ხილვამ დიდად გააოცა მოწაფე, რომელმაც ადიდა დანიელისათვის ესოდენი მოთმინების მიმმადლებელი ღმერთი...

ღირსი მამა იმგვარად განბრწყინდა ქველი საქმეებით, სკიტური მონაზვნობის მამად იწოდა და მთელ ეგვიპტეს ახალ აბრაამად მოევლინა.

სწორედ იგი გახლდათ სულიერი მამა ღირსისა ანასტასია პატრიკიასი, მეუდაბნოისა, ალექსანდრიელისა (ხსენება 10 მარტს), წმინდა ევლოგი უცხოთშემწყნარებლისა (ხსენება 27 აგვისტოს) და წმინდა ანდრონიკესი და ათანასესი (ხსენება 9 ოქტომბერს).

წმინდა მამა მყისვე ცნობდა დაფარულ წმინდანებს, ისეთებს, როგორიც წმინდა მარკოზ ალექსანდრიელი და ჰერმოპოლის სავანის მონაზონი, თავს ყველას ღვინის მოყვარედ რომ აჩვენებდა, ან წმინდა თომაიდა (ხსენება 14 აპრილს) და აბბა დულაა (ხსენება 15 იანვარს).

ბეჭდვა
1კ1