ღირსი პანაგი (პაისი) ხუცესი (+1888) – 07 (20) ივნისი
ღირსი პანაგი (პაისი) ხუცესი (+1888) – 07 (20) ივნისი
წმინდა პანაგი 1801 წელს იშვა. მისი ოჯახი კეფალონიაში ცხოვრობდა, ბავშვობიდან გამოირჩეოდა ცინცხალი გონებით და წმინდა წიგნთა კითხვის სიყვარულით.

მამის გარდაცვალების შემდგომ ყმაწვილმა დედაზე და დაზე მზრუნველობა იდო თავს და თავისი მცირეწლოვანების მიუხედავად, მასწავლებლობას მიჰყო ხელი, თუმცა, იმის გამო, რომ ინგლისელ ოკუპანტთაგან რწმენის გამო ზეწოლისგან თავი დაეღწია, ამ საქმეზე მალევე უარი თქვა და სანამ წუთისოფელთან კავშირს საბოლოოდ გაწყვეტდა, ერთხანს შინ მასწავლებლობდა.

ღვთის სიყვარულით, მოკლე ხანში ოჯახი და კარიერა დაუტევა და კუნძულ დიოსზე, ვლაქერნის სავანეში აღიკვეცა.

გარკვეული ხნის შემდგომ დედის დაჟინებულ თხოვნას დაჰყვა და ქალაქ ლიქსურს დაუბრუნდა, თუმცა, უკვე შეძენილი ცხოვრების წესი არ დაუგდია.

ოცდათხუთმეტი წლისა მღვდლად იკურთხა, იმ დღიდან ყოველდღე წირავდა, ქადაგებდა და თავად იყო სახე ანგელოზებრივი ცხოვრებისა.

ტაძარს ოდენ მაშინ დაუტევებდა, თუ ვინმესთვის მოწყალება უნდა მიეცა, უპოვარნი ენახულა, ან გზააბნეულნი ღვთის წიაღში დაებრუნებინა.

ღირსი მამა წმინდა სპირიდონის მცირე მონასტერში ორმოცდაათი წლის მანძილზე იღვწოდა და რაც მადლი ესე, რომელიც ღვთისგან ებოძა, უხვად გასცა მოწყალებად.

ჰბაძვიდა რა წმინდა გერასიმეს (ხსენება 20 ოქტომბერს) და წმინდა ანთიმოზ ბრმას (ხსენება 4 ოქტომბერს), მრევლს ნამდვილ მამად ექცა, თუმცა, არც განმარტოებულ ცხოვრებას დაუტევებდა, ქალაქის სიახლოვეს მდებარე სამრეკლოებში მსახურობდა, სადაც მისი სიტყვის მოსასმენად მრავალი მორწმუნე იკრიბებოდა.

წმინდა მამამ მთელი ნამემკვიდრალი ქონება გაყიდა და თანხა გლახაკთ დაურიგა, საკუთარ შვილებად რომ თვლიდა.

ხოლო თუ ქალაქს უწევდა ჩასვლა, უკან მუდამ დაჰყვებოდნენ ღატაკი ქალები, უკანასკნელ ლუკმას რომ აძლევდა და თავად ხშირად მშიერი რჩებოდა.

წმინდა ნიკოლოზის მსგავსად, წმინდა პანაგიმაც უწყოდა, თუ რომელ ოჯახს უჭირდა ყველაზე მეტად და სულიერად თუ მატერიალურად ანუგეშებდა.

ერთხელ ერთმა ხაბაზმა უპოვართათვის თანხის მიცემაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც ცომი აღარ უფუვდებოდა.

ღირსი მამა ჭვრეტისა და წინასწარხედვის მადლით იყო ცხებული, რასაც ადამიანთა სულების სამკურნალოდ იყენებდა: - თუ ვინმეს ძალადობრივი სიკვდილი ელოდა, აღსარებაზე ურჩევდა წასვლას, ხოლო თუ მავანი მძიმე ცოდვის ჩადენას დააპირებდა, აფრთხილებდა.

ერთ წვიმიან ღამით პანაგი ვიღაც კაცს გადააწყდა და რა იხილა მისი გული, ყვირილი მორთო:

- ცოდვა, ცოდვა! ახლავე შინ დაბრუნდი!

სხვა დროს ერთი დედაკაცი, ერთურთის მიყოლებით ორი შვილი რომ დაკარგა, ღმერთს განუდგა, ნეტარმა მისი შინაგანი განჭვრიტა და შინ მიადგა, მაგრამ ქალმა კარი არ გაუღო, თან სიტყვიერად შეურაცხყოფდა.

მაშინ წმინდა მამამ კარს ჯვარი გარდასახა და თავად გააღო, იმ ოთახში შევიდა, სადაც გარდაცვლილ ბავშვთა პორტრეტები ეკიდა.

უეცრად მათი გამოსახულებანი გაცოცხლდნენ, ერთურთს იარაღი დაუმიზნეს და მოაკვდინეს...

ასე გაუმხილა ღირსმა მამამ მგლოვიარე დედას, რომ მის გარდაცვლილ ვაჟებს ერთი ქალი უყვარდათ და რომ არა სიკვდილი, ერთურთს უეჭველად დახოცავდნენ.

ერთხელ რომელიღაც სახლში შევიდა, სადაც სტუმართა მოლოდინში წყალს ადუღებდნენ.

ნეტარმა მდუღარე წყლიანი ქვაბი ძირს დასცა, რამეთუ მცირე ხნით ადრე ოჯახმა მათ კართან მისული მათხოვარი ხელცარიელი გაისტუმრა.

სამწუხაროდ, მღვდლად ხელდასხმიდან ათ წელიწადში პანაგი ნერვულად მძიმედ დასნეულდა, - ხან საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა და რაც ხელში მოხვდებოდა, ყვირილით ისროდა გარეთ, გონს მოსული კი ამ ჭირს საკუთარ ცოდვებს უკავშირებდა.

ამგვარი შეტევები თავიდან ორ-სამ წელიწადში ერთხელ ემართებოდა, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე კი - ყოველ წელიწადს, უკანასკნელი ხუთი წელი საწოლს მიჯაჭვულმა გაატარა.

თუმცა, ღვთივ ნაბოძები სულიერი მადლი არ დაუკარგავს, ადამიანებსაც ძველებურად უყვარდათ და უწყოდნენ, რომ მისი სენაკის კარი მუდამ ღია იყო.

ღირსმა მამამ 1888 წლის 7 ივნისს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1