წმინდა კლავდიოსი, ეპისკოპოსი ბეზანსონისა (+699) - 06 (19) ივნისი
წმინდა კლავდიოსი, ეპისკოპოსი ბეზანსონისა (+699) - 06 (19) ივნისი
ეს წმინდა მამა დაახლოებით 607 წელს, ბეზანსონში, წარჩინებულ ოჯახში დაიბადა და ბავშვობიდან წმინდა მამათა მაგალითზე იზრდებოდა.

სრულ ასაკს მიღწეული მშობლებმა სამხედრო სამსახური განუწესეს, თუმცა, ოცი წლისამ ამქვეყნიური მხედრობა დაუტევა და ზეციურს შეუერთდა.

კლავდიოსი ბეზანსონის ტაძარში კლირიკოსად დაადგინეს, მოკლე ხანში კი იმგვარი მოშურნეობა გამოიჩინა, სხვა ღვთისმსახურთათვის მაგალითად იქცა და იქაურმა ეპისკოპოსმა საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად გაამწესა.

წმინდა მამა დღეში ერთხელ იკვებებოდა, ისიც - შეღამებულზე, ხშირად კი ღამეებს ლოცვასა და წმინდა წიგნთა შესწავლაში განლევდა.

ამგვარი ცხოვრების თორმეტი წლის თავზე კლავდიოსი კონდატის მონასტერში აღიკვეცა ბერად და მალე იქაურ მონაზონთათვისაც ღვთივსათნო ცხოვრების მაგალითად იქცა.

ნეტარი მამა ოდენ მცენარეთა ნედლი ფესვებით საზრდოობდა და ხმელ ფიცარზე ეძინა, ინიურიოზის წინამძღვარმა თავისი ადგილი შესთავაზა, მაგრამ კლავდიოსმა მტკიცედ იუარა.

დაახლოებით, 640 წელს, სავანის წინამძღვრის მიცვალების შემდგომ, კლავდიოსი იძულებული შეიქნა, ძმობის დაჟინებულ თხოვნას დაჰყოლოდა და მონასტრის იღუმენობა ეთავა, მეფე ხლოდვიგისა და დედოფალ ბატილდასგან (ხსენება 30 იანვარს) ნაწყალობევი უხვი საბოძვრით კი არა მხოლოდ სავანის ახალ შენობათა აგება, არამედ - მომლოცველთა და იქაურ უპოვართა შენახვაც შეძლო, სავანეში წმინდა ბენედიქტეს წესდება შემოიღო და ძმებს ქადაგებასთან ერთად თავისი წმინდა ცხოვრებითაც ჰმოძღვრიდა.

ბეზანსონის ეპისკოპოსის, გერვასის გარდაცვალების შემდეგ ერმა და ბერმა მისი მემკვიდრის კანდიდატურაზე იწყეს კამათი. ერთობლივი ლოცვისას უეცრად ზეგარდამო ესმათ ხმა, რომელიც მღვდელმთავრად სწორედ კლავდიოსის ხელდასხმას უბრძანებდა.

ნეტარი მამა თავიდან მტკიცედ უარობდა, შემდეგ კი ისევ ღვთის ნებას დაჰმორჩილდა და 685 წელს სამღვდელმთავრო პატივით შეიმოსა.

თუმცა, ცხოვრების წესი არც ეპისკოპოსად კურთხევის შემდგომ შეუცვლია, - ჩვეული მოშურნეობით ჰმოძღვრიდა სამწყსოს, უპოვართ შეეწეოდა და მრევლს მუდმივად სინანულისა და ქველი საქმეებისაკენ მოუწოდებდა.

შვიდი წლის შემდგომ წმინდა მამა, იხილა რა სასულიერო პირთა ნაწილის გულგრილობა მისი მოწოდებისადმი, წმინდა დონატეს მიერ შემოღებული წესრიგი აღედგინათ, სამღვდელმთავრო კათედრა დატოვა და კვლავ ევგანდის სავანეს დაუბრუნდა (692 წელი), სადაც ექვს წელიწადს იცხოვრა, 699 წლის 6 ივნისს კი ღვთივ განისვენა.

მეთორმეტე საუკუნეში მისი სხეული უხრწნელად პოვეს, მისი მეოხებით საუკუნეთა მანძილზე მრავალმა მიიღო კურნება.

სამწუხაროდ, ამ სიწმინდის დიდი ნაწილი საფრანგეთის 1794 წლის რევოლუციისას განადგურდა.

ბეჭდვა
1კ1