ღირსი პაისი უგლიჩელი (+1504) - 06 (19) ივნისი
ღირსი პაისი უგლიჩელი (+1504) - 06 (19) ივნისი
წმინდა პაისი XV საუკუნეში, ქალაქ კაშინის სიახლოვეს, სოფელ ბოგოროდსკში დაიბადა, ათი წლისა დაობლდა და მონასტერს მიაშურა.

ერთი წლის შემდგომ ბიძამისმა, წმინდა მაკარი კალიაზინელმა (ხსენება 17 მარტს) ყმაწვილი ბერად აღკვეცა და მორჩილებად წმინდა მამათა შრომათა გადაწერა განუწესა.

ერთ-ერთი მათგანი, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მისი ხელით გადაწერილი თხზულებანი, დღემდე შემორჩა.

ერთხელ, ლოცვისას, ნეტარს ხმა ესმა, - მრავალი მონაზვნის წინამძღვრობისთვის ხარ მოწოდებულიო!

1476 წელს უგლიჩელმა თავადმა, ანდრია ვასილის ძემ, რომელიც ახლოს იცნობდა პაისის მშობლებს, ახალი სავანის დაფუძნება შესთავაზა.

მოკლე ხანში ნეტარი უკაცური ადგილის საძიებლად გაემართა, სადაც განმარტოებულ ლოცვას შეძლებდა და მიაგნო კიდეც მდინარე ვოლგის ნაპირას.

იქ სენაკი და სამრეკლო აიგო ღვთის განცხადების სახელზე, თუმცა, მოკლე ხანში ეს ნაგებობები წყალდიდობამ გაანადგურა, რის შემდეგაც ნეტარმა მშენებლობა იმ ადგილიდან მოშორებით განაახლა და იქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატივად ტაძარი დააფუძნა.

მალე მის გარშემო ათმა მოწაფემ მოიყარა თავი და იქაური თავადისა და უგლიჩელ ქრისტიანთა შემწეობით სავანე მალე გაფართოვდა, თავად პაისი კი მონასტრის მამებმა მონასტრის იღუმენად დაადგინეს. თუმცა, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია, ძველებურად ეღვაწა, ან ძმებთან ერთად ეშრომა.

თავადი ანდრია უდიდეს პატივს მიაგებდა ნეტარს და ხშირად უხმობდა სულიერ საკითხებზე სასაუბროდ.

ორი ვაჟის ჩუქებისათვის მადლიერების ნიშნად თავადმა სავანის ქვის ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 1482 წელს იკურთხა და საიმდროოდ უკვე ორმოცდაათი მამა იღვწოდა.

მორჩილებისა და მრავალი ღვაწლის საფასედ უფლისგან სასწაულქმედების მადლი ებოძა. თუ სნეული მიაკითხავდა, თავზე ხელთ დაასხამდა, ტაძრად წარიყვანდა ილოცებდა, ნაკურთხ წყალს აპკურებდა, ზეთს სცხებდა და უმალ განამრთელებდა.

ერთხელ უგლიჩში ძლიერი ხანძარი მოხდა, წმინდა მამამ მყისვე შეკრიბა ქალაქის მონაზვნები, ღვთისმშობლის ხატით ლიტანიობით მოვლო იქაურობა და ცეცხლი შეაჩერა.

ღრმად მოხუცებულმა უგლიჩისა და თავისი სავანის დაქცევა და მონაზონთა მოწამებრივი აღსასრული იწინასწარმეტყველა, რაც 1605 - 1613 წლებში აღსრულდა.

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე სავანეს ახალი იღუმენი დაუდგინა, თავად კი მთლიანად ლოცვას მიეცა, ხოლო სანამ სიარული შეეძლო, ყოველ კვირას და სადღესასწაულო დღეებში წირავდა.

1504 წლის 6 ივნისს, 107 წლის ასაკში, წმინდა მამა მიიცვალა, მისი კანონიზაცია 1610 წელს აღსრულდა. მის წმინდა ნაწილთაგან შემდგომაც მრავალი სასწაული აღსრულდა.

ბეჭდვა
1კ1