ღირსი ბესარიონ მეგვიპტელი (+466) - 06 (19) ივნისი
ღირსი ბესარიონ მეგვიპტელი (+466) - 06 (19) ივნისი
მამათა შორის დიდებული, ღირსი ბესარიონი ეგვიპტეში დაიბადა, სიყრმითგანვე შეიყვარა უფალი და ღვთის მადლის ნათელი აციაგდა მის გულში.

ყოველგვარი არაწმინდებისაგან თავს ლოცვით და ხორცთა თრგუნვით იმარხავდა და ცდილობდა, წმინდა ნათლისღებით მიღებული სულიერი სამოსი არ შეებილწა.

იერუსალიმის მოლოცვისას გაიცნო ღირსი გერასიმე, რომელიც მდინარე იორდანეს პირას მეუდაბნოეობდა და ლომი მსახურებდა. მან იქ სხვადასხვა ადგილას ბევრი მოსაგრეც იხილა, შემდგომში ქველი საქმეებით რომ განბრწყინდნენ. მათმა სიტყვამ ბესარიონი სულიერად განამტკიცა, სამშობლოში მობრუნებული კი წმინდა ისიდორე პელუსიოტელს დაემოწაფა, რომელსაც ხშირად აკითხავდა.

აი, რას იგონებს ღირსი მამა ამ ჟამის შესახებ:

- ოცდახუთი წლისა იერუსალიმში წმინდა ადგილების მოსალოცად გავემგზავრე, იქ წმინდა გერასიმე იორდანელი ვიხილე. ხოლო როდესაც ალექსანდრიაში დავბრუნდი, მისი გარდაცვალების შესახებ შევიტყვე, ისიც გავიგე, რომ მის საფლავზე ბრდღვინვით ლომი მომკვდარა.

ამ ამბავმა ისე აღმაფრთოვანა, რომ მთელი ჩემი ქონება დავარიგე, მხოლოდ მიწის ერთი ნაკვეთი დავიტოვე, რომელიც ალექსანდრიის მახლობლად არსებული დედათა მონასტრისთვის მინდოდა გადამეცა.

მაგრამ ჯერ მამა ისიდორე პელუსიოტელს გავანდე ჩემი გეგმები, ვუთხარი: აბბა, თუ ღვთის კურთხევა იქნება, მინდა მონაზვნად აღვიკვეცო, ამიტომაც მთელი ქონება დავარიგე, მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი დავიტოვე, დედათა მონასტრისთვის გადასაცემად.

ერთი სენატორი კი ამ ნაკვეთში სამოცდაათ ფუნტ ოქროს მთავაზობს; მივყიდო? ბერმა მიპასუხა:

- თუ ნაკვეთი სამოცდაათი ფუნტი ღირს, ორმოცდაათად მიეცი, ოქრო მონასტერს შესწირე, - ასე ღვთისგანაც და ადამიანებისგანაც დიდ ჯილდოს მიიღებ. ხოლო თუ დედებს მიწას გადასცემ, მათ ჭორაობაში, უდებებასა და მცონარობაში ჩააგდებ; აშლილობამ შეიძლება გარყვნილობასაც მიაღწიოს; ერთი სიტყვით, დასაღუპავ უფსკრულში ჩააგდებ მათ!

წმინდა ბერის დარიგებას ყური არ ვათხოვე, ჩემი ნებისამებრ მოვიქეცი, დედებს მამული გადავეცი და შეწირულობა ხელნაწერი დოკუმენტით საეკლესიო დასის, პატრიარქისა და იღუმენის თანდასწრებით დავამოწმე. შემდეგ მონაზვნად აღვიკვეცე და სკიტში დავსახლდი.

16 თვის შემდეგ მესიზმრა, რომ ღამე ბეთლემში ლოცვად ვიდექი, გაკაშკაშებულ ტაძარში იმყოფებოდნენ მამაკაცები, რომლებიც წმინდა საგალობელს გალობდნენ, და მეწამული სამოსით შემოსილი ენით აუწერელი მშვენიერების ქალბატონი.

შიშმა შემიპყრო, წასვლა მოვინდომე, მაგრამ ერთ-ერთი მგალობელი მომიახლოვდა, მკაცრად შემომხედა და მრისხანე ხმით მითხრა:

- ევსტათე, მითხარ, რა პასუხს მოგვცემ დედათა მონასტრის შესახებ, რომელსაც მიწა გადაეცი და ამით უფალი განარისხე? თუ შენ მიერ გაფუჭებულ საქმეს არ გამოასწორებ, სიკვდილით დაგსჯი!

მე ვუპასუხე:

- ბატონო! მე დედებს მამული, მონები და ხარები დასახმარებლად და არა უფლის განსარისხებლად გადავეცი!

მაშინ ძოწეულით შემოსილმა ქალბატონმა წმინდა ბაგეე¬ბი გახსნა და მითხრა:

- შვილო! ღმერთმა მიიღო შენი კეთილი ნება, მაგრამ ჩვენი სულების მოძულე ეშმაკმა ამ საქმეში მონაზონთა სულისა და სხეულის დაზიანების საბაბი იპოვა. მონაზვნებისთვის მამული სასარგებლო რომ ყოფილიყო, უფალი მათ ოქრო-ვერცხლის წვიმას არ მოაკლებდა, ქალაქებსა და სოფლებს დაუქვემდებარებდა. მაგრამ მათთვის, ვინც ზეციური სასუფევლისთვის წუთისოფელი უარყო, ეს სასარგებლო არ არის. ისინი ოფლით, შრომით, თავმდაბლობითა და მდუმარებით უნდა უახლოვდებოდნენ ღმერთს, და არა - ნაყროვანებით, მზვაობრობითა და სიმდიდრით.

შემდეგ ხელი იმისკენ გაიწვდინა, ვინც პირველად გამეზრახა და მითხრა:

- ეს იოანე ნათლისმცემელია, მონაზონთა მოძღვარი და მასწავლებელი. მასთან ერთობაში ყოფნის მსურველებმა მის ცხოვრებასა და სათნოებებს უნდა მიბაძონ.

ნათლისმცემელმა უთხრა:

- ღვთისმშობელო! მას შემდეგ, რაც ამ კაცმა მონასტერს მამული გადასცა, მონასტერი უვარგისი შეიქნა, გაქრა ღვთის შიში, სიფხიზლე, განსჯა, ლმობიერება, შრომა, მოკრძალება, მარხვა, მღვიძარება, გულის შემუსვრილება, გულის სიტყვების განხილვა, სიწმინდე, სიმშვიდე.

მაშინ წმინდა ღვთისმშობელმა მითხრა:

- შვილო ჩემო, წადი, მონასტერი გამოასწორე! ამ საქმეში მე შეგეწევი!

შემდეგ იოანე ნათლისმცემელს მიმართა:

- მის გულზე ჯვარი გამოსახე, რათა გონების თვალით იხილოს თავისი მტრები და ეს ჩვენება უბრალო ოცნებად არ მიიღოს!

ნათლისმცემელმა მარჯვენა ხელი ასწია და ჩემს გულზე ჯვარი გამოსახა.

გაღვიძებისთანავე ხელში ჯოხი დავიკავე, მამა ისიდორესთან წავედი და ჩემი ხილვის შესახებ ვუამბე.

- განა არ გეუბნებოდი, რომ მამული, რომელზეც მეურნეობაა მოწყობილი, საზიანოა მონაზვნებისთვის, განსაკუთრებით კი მონაზონი ქალებისთვის? თუკი მეურნეობის გამო მამაკაცები ხშირად ივლიან მათთან, ეშმაკი ამით ისარგებლებს და ორივე მხარეს დააზიანებს. მონაზვნები, განსაკუთრებით - მონაზონი ქალები, არ უნდა მიემსჭვალონ მიწიერ საზრუნავს, - მითხრა მან.

ბერთან ერთად მონასტრისკენ გავეშურე. ტაძარში შესვლისა და ლოცვის შემდეგ უპირატესი მონაზვნები მოვიწვიეთ და ვუთხარით:

- გავიგეთ, რომ მიწა, რომელიც მე თქვენ მოგეცით, მეფის დაახლოებულ პირს სურს საპატრიარქოს გადასცეს. ამიტომ, მოვედით გასაფრთხილებლად, რომ თქვენ მოიფიქროთ, როგორ მოიქცეთ შექმნილ ვითარებაში.

მონაზვნებმა გვიპასუხეს:

- როგორც საჭიროდ ჩათვლით, ისე მოვიქცევით!

ამაზე ვუპასუხე:

- არ მაქვს იმის საშუალება, რომ მეფის დაახლოებულ ადამიანთან სასამართლო დავა გავმართო, მაგრამ თუ გნებავთ, მის ჩამოსვლამდე მიწას სენატორს მივყიდი, რომელსაც სურს მისი შესყიდვა; აღებულ ფულს თქვენ მოგცემთ, ხოლო მეფის რწმუნებულთან თავად სენატორმა გაარკვიოს საქმე.

მონაზვნებმა მიპასუხეს:

- თქვენი რჩევა საფუძვლიანია!

მაშინვე წავედით და სენატორს მიწა სამოც ფუნტ ოქროდ მივყიდეთ, მონებს თავისუფლება მივანიჭე, ხოლო ოქრო მონაზვნებს გადავეცი.

როდესაც მათგან გამოვედით, აბბა ისიდორეს ვუთხარი:

- მამაო, ჩემი ურჩობის გამო კინაღამ დავიღუპე. მართალს ამბობენ, რომ ქალებს მოწყალება არ უნდა მისცე!

მამა ისიდორემ მითხრა:

- შვილო, ამას ნუ იტყვი! ამგვარი ფიქრი ცოდვაა. ნამდვილად გეუბნები, თუ ვინმეს მონაზონი დედების დახმარება სურს, დაეხმაროს. მათი დამხმარე ბრმების, კოჭლებისა და კეთროვნების დამხმარეზე მეტად დაჯილდოვდება. მონაზონი ქალები უძლურები არიან, მათ უფლის სიყვარულისთვის წუთისოფელზე უარი თქვეს.

მათ ჩვენს მსგავსად ხელსაქმის გასაყიდად ან მოწყალების სათხოვნელად გამოსვლა არ შეუძლიათ. ისინი გამოსვლას უფრთხიან, რათა თავი არ დაიღუპონ და სხვებიც არ დაღუპონ.

თუ ისინი მონასტრის ღობეს გასცდებიან, ან თავს დაიზიანებენ ან მოყვასს ავნებენ, ერთ-ერთი აუცილებლად მოხდება.

როდესაც უდაბნოს ფურირემი სოფლის მინდორში გამოჩნდება, ყველა მირბის მის სანახავად; ასევე, როდესაც მონაზონი ქალი მონასტრიდან გამოდის, განსაკუთრებით, თუ ის ახალგაზრდაა, ეშმაკი, დიდსა თუ პატარას, მისკენ აგზავნის.

ამას ღვთის შიშით დაცულ მხცოვან მმარხველებზე როდი ვამბობ, რამეთუ ვნება არ მიადგებათ და არც თავად ავნებენ სხვას. ახალგაზრდებს კი მრავალი განსაცდელი ატყდებათ თავს.

როგორც ისრით განგმირული ფურირემი, თუნდაც მონადირეს გაექცეს, მომაკვდინებელი ისრით მაინც დაიღუპება, - სულიც, თუკი ბიწიანი შეხედვით სიძვის ვნებისგან გულისთქმით მოიწყვლება, - სასიკვდილოდ დაჭრილი, თუნდაც გაექცეს დამაწყლულებელს, ვეღარ გადარჩება, მოკვდება.

როდესაც ერისკაცები მშვენიერ მონაზონ დედებს ხედავენ, დაჟინებით უმზერენ მათ და ზიანდებიან; მონაზონი დედების სულებიც ხშირად გაუფრთხილებელი მზერით, თუნდაც, საქმით არ შესცოდონ, უკურნებელი სენით ავადდებიან. ამიტომაც, ვინც მათთვის მოწყალებას გაიღებს, ბრმებისა და კეთროვნების ქველმოქმედზე ასჯერ მეტ ჯილდოს მიიღებს.

იმიტომ, რომ მონაზვნებმა ღვთის სიყვარულისთვის უარყვეს ამქვეყნიური სიამაყე, შეიძულეს სოფლის ჭორაობა და შფოთი; ქვეყნიურ სიამეებს ქრისტეს მცნებები არჩიეს, თავმდაბლური ცხოვრება შეიყვარეს, დათმეს უსამართლო სიმდიდრე, მომხვეჭელობა, მამულები, ამასოფლის ამაოება, შეეუღლნენ ქრისტეს სიყვარულს, შეურაცხყვეს ოქრო-ვერცხლი, არ მოისურვეს მონებისა და მსახურების ყოლა, - პირიქით, ქრისტეს სიყვარულისთვის თავად გახდნენ სხვების მსახურნი.

ამიტომ, ვინც მონაზონი დედებისთვის მოწყალებას გაიღებს, უფლისგან დიდ ჯილდოსა და გვირგვინს მიიღებს. ასეთმა ადამიანმა თავი ღვთის შიშით უნდა დაიცვას, რადგან იგი სულს მოკრძალებისა და კეთილმოშიშების წესების დარღვევის უფლებას არ აძლევს. ხოლო ის, ვინც მამათა თუ დედათა მონასტერს დასახლებულ მამულებს აძლევს, მონაზვნებს კვლავ ამასოფლის მახეებში აბრუნებს.

ვისაც მონაზვნის დახმარება სურს, მისცეს მას პური, ბურღული, ფული, შალი ან სელი. ასეთი მოწყალება მონაზონს საშუალებას აძლევს, უშფოთველად მდუმარებდეს თავის სენაკში. ასეთი მოწყალება სრულყოფილია და ის უფლისთვის სათნოა.

ეს მითხრა ბერმა და თავისთან დაბრუნდა. მე კი ქედი მოვუხარე და სკიტისაკენ გავემართე.

* * *

საბოლოოდ, წმინდა ბესარიონმა მშობლების ნამემკვიდრევი მონასტრებსა და გლახაკთ უწყალობა, სოფელი უარყო და შემონაზვნდა.
ერთ უდაბურ ადგილას განმარტოებულმა წმინდა ბესარიონმა დაყუდების აღთქმა იტვირთა, მრავალრიცხოვანი შრომითა და მარხვით მოიუძლურა სხეული და უხორცო არსებებს მიემსგავსა.

უმაგალითო იყო მისი მარხვა: ზოგჯერ მთელ კვირას არაფერს იხმევდა, ზოგჯერ 40 დღის მანძილზეც არ ეკარებოდა საკვებს.

ერთხელაც ღია ცის ქვეშ, ეკლებში ჩადგა, აღაპყრო თვალნი და ხელნი ზეცად და ორმოცი დღე და ღამე ლოცვაში განლია. ამ ხნის განმავლობაში არა უხმევია რა, სიტყვაც არ დაუძრავს, არც ჩაუთვლემია, არც დაუძლურებულა ბუნებრივი სისუსტით, მიწიერზე არაფერზე ფიქრობდა, არამედ ვითარცა უხორცოს სულიერი თვალნი თავისი ღმერთისკენ ჰქონდა მიმართული, რისთვისაც ზეცით დიდი მადლი, - სასწაულქმედების ნიჭი ებოძა, ძველ წმინდა წინასწარმეტყველებს ემსგავსა, - ვითარცა მოსემ ოდესღაც ღვთის მითითებით ჩადო ხე მწარე წყალში და გემრიელ წყლად გარდააქცია, რომლითაც დაარწყულა ისრაელი (შდრ გამოსვლა 17,6), ღირსმა ბესარიონმაც თავისი ლოცვით და ჯვრის ნიშით დაატკბო ზღვის მლაშე წყალი, წყურვილისაგან დაუძლურებელი მოწაფე, სახელად დული, დაერწყულებინა.

ოდეს ისინი ზღვის პირას უდაბნოში მიდიოდნენ, მოწაფე დაიქანცა საშინელი სიცხისაგან, მოწყურდა და წმინდანს უთხრა:

- მამაო, ძალზედ მწყურის!

ღირსმა მამამ ლოცვა წარმოთქვა, ზღვას ჯვარი გადასახა და დულის უთხრა:

- უფლის სახელით, მიიღე წყალი!

მოწაფემ ზღვის წყლით აავსო პატარა კოკა, რომელიც სულ თან დაჰქონდა. როცა წყალს გემო გაუსინჯა, ის ძალზედ ცივი და გემრიელი აღმოჩნდა, თითქოს წყაროს წყალი ყოფილიყოს. კარგად რომ დარწყულდა და სხეული განიგრილა, მოწაფემ სამგზავროდ კოკა კვლავ წყლით გაავსო. ეს რომ შეამჩნია, ბერდიდმა უთხრა:

- ჭურჭელი წყლით რატომ აავსე?

- შემინდე, მამაო, სამგზავროდ წამოვიღებ, რომ წყურვილმა კვლავ არ გამტანჯოს.

ბერდიდმა უთხრა:

- ღმერთი, რომელიც აქ არის, აქაც და სხვაგანაც შეუძლია მისცეს მწყურვალს გემრიელი წყალი.

ღირსი ბესარიონი ისუ ნავეს ძესაც მიემსგავსა, ოდეს ამორეველებზე გამარჯვებისას ლოცვით მზე შეაჩერა (ისუ ნავ. 10:12-13).

ეს კი ასე მოხდა: ერთხელ წმინდა ბესარიონი მოწაფესთან ერთად ვინმე ბერდიდთან მიდიოდა, მზე ჩადიოდა, გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი. მაშინ წმინდანმა ღმერთს შეჰღაღადა:

- გევედრები, უფალო, უბრძანე მზეს იმ დრომდე შეჩერდეს, ვიდრე შენს მონასთან არ მივალ.

და მართლაც: - ვიდრე წმინდა ბესარიონი იმ ბერდიდთან არ მივიდა, მზე არ ჩავიდა.

* * *

ერთხელ ღირს მამას რომელიღაც სოფელში მოუხდა გავლა, სადაც ბაზრის მოედანზე უპატრონოდ დაგდებული, სრულიად შიშველი მიცვალებული დაინახა. ბესარიონს თან წმინდა სახარება ჰქონდა, რომელსაც გამუდმებით იღლიით დაატარებდა, - ალბათ, საუფლო სიტყვისადმი მორჩილებაში საკუთარი თავის დღენიადაგ გამოსაცდელად, ან კი იმად, რომ თან ის სწავლება ჰქონოდა, რომელსაც საქმით აღასრულებდა.

ტანთ ოდენ ერთი პერანგი ემოსა, მხრებზე კი - მოსასხამი მოეგდო და ეს იყო მისი მთელი ავლადიდება.

როდესაც ბერმა საბრალო მათხოვრის უსულო სხეული იხილა, მხრებიდან მაშინვე მოიხსნა მოსასხამი, მიცვალებულს გადააფარა და იქაურობას გაეცალა, მაგრამ მცირე მანძილის გავლაც ვერ მოასწრო, რომ ახლა სრულიად შიშველ უპოვარს გადაეყარა.

ნეტარი შედგა და ბჭობა იწყო:

- რატომ უნდა ვიყო მე, სოფლის უარმყოფელი ბერი, შემოსილი, მაშინ, როდესაც ძმა ჩემი სიცივისგან იყინება? თუ მოყვასს სიკვდილს დავანებებ, რაღა თქმა უნდა, მისი დაღუპვის მიზეზი შევიქნები... მაშ, რა ვქმნა, ორად გავხიო ჩემი პერანგი და ამით დავიფარო სიშიშვლე, თუ მთელი პერანგი მივცე მას, ვინც უფლის ხატებად არის შექმნილი?

მაგრამ რა სარგებელი გვექნება სამოსის დახევით ან მე, ან მას?

ამგვარი განსჯის შემდეგ ბესარიონმა თქვა:

- ნუთუ ვერ გავძლებ იმ ზიანის დათმენას, თუ იმაზე მეტს ვიქმ, ვიდრე მევალება?

და ამ საოცარმა და უკეთილშობილესმა მოღვაწემ უპოვარს უხმო და ახლომდებარე სახლის წინკარში შეიყვანა, ერთადერთი პერანგი გაიხადა და მათხოვარს მისცა, თავად კი სრულიად შიშველმა სასირცხვო ადგილი ხელებით დაიფარა და იქვე ჩაიმუხლა.

ერთადერთი, რაც სათნო ბერს დარჩენოდა, წმინდა სახარება გახლდათ, რომელიც, როგორც სჩვეოდა, იღლიაში ჰქონდა ამოდებული.

ამ დროს, ღვთის განგებით, იმ ადგილას ერთმა წესრიგის დამცველმა ჩაიარა, რომელმაც მოსაგრე იცნო და თანმხლებს უთხრა:

- შეხედე, ეს ბერი განა აბბა ბესარიონი არ არის?

- დიახ, მართლაც ის არის, - მიუგო მან,

მაშინ წესრიგის დამცველი ცხენიდან ჩამოხტა და ნეტარს დაეკითხა:

- მამაო, სამოსი ვინ გაგხადათ?

აბბა ბესარიონმა ის ხელი გაიწოდა, რომელშიც წმინდა სახარება ეპყრა და თქვა:

- მე აი, ამან გამხადა, შვილო!

მაშინ წესრიგის დამცველმა დაუყოვნებლივ გაიძრო სამოსი, ბერს გაუწოდა და უთხრა:

- ეს სამოსი ახლა შენია, სრულყოფილო მეომარო!

ბესარიონმა ძღვენი უსიტყვოდ გამოართვა და იქაურობას იდუმალ გაეცალა.

მიდიოდა და თითქოს მცირე საბერო შესამოსელი მიჰქონდა. თან იმ კაცს გაურბოდა, ვინც მისი სათნოების მოწმე შეიქნა.

აღასრულა რა სახარებისეული წესი, ნეტარმა, ვის სულსაც ამა ქვეყნის გულისთქმანი აღარ ეხებოდა, კიდევ ერთი ქველი საქმე აღასრულა: - გზად ვინმე ღატაკი შემოხვდა და უმალ იმ ბაზარში გაიქცა, სადაც რამდენიმე ხნის წინ იმყოფებოდა, განუყრელი სახარება გაყიდა, ღატაკს დაეწია და წიგნში აღებული ფული მთლიანად უწყალობა.

რამდენიმე დღის შემდგომ მოწაფემ, სახელად დულამ, ნეტარ მამას ჰკითხა:

- აბბა, სად არის შენი წიგნი?

- ნუ წუხხარ, ძმაო, იმის დასტურად, რომ ღვთის სიტყვასა ვმორჩილებ, გავყიდე თავად სიტყვა იგი, რომელიც მუდამ მმოძღვრიდა: - "უკეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე" (მათე, 19,21).

* * *

წმინდა ბესარიონი ილია წინასწარმეტყველსაც მიემსგავსა. როგორც მან გვალვისგან გამოფიტულ მიწას ციდან ძლიერი წვიმა მოუვლინა (3 მეფეთა 18:1-46), ასევე წმინდა ბესარიონის ლოცვით, არა ერთხელ, არამედ მრავალგზის მოევლინა წვიმა დაგვალულ მიწას.

ვითარცა ელისემ ელიას განაპო წყალი ხალენით და მდინარე იორდანეზე მშრალად გადავიდა, ასევე ამ წმინდანმა თავისი ლოცვით წყალი ხმელეთად აქცია და წყალზე დადიოდა: ასე გადავიდა ის მდინარე ნილოსზე, ვითარცა ხმელეთზე, და ასე გადადიოდა გზად შეხვედრილ სხვა მდინარეებზეც.

ერთხელ, ოდეს წმინდანი სკიტში იმყოფებოდა, ტაძარში ეშმაკეული კაცი მოიყვანეს. ტაძარში შეფუცვის ლოცვები წაუკითხეს, მაგრამ მძვინვარე ბოროტი სული კაცს არ ტოვებდა. არ გადიოდა, ეკლესიის მსახურნი ერთურთს ეკითხებოდნენ:

- რა ვუყოთ ეშმაკეულს?

ზოგიერთმა თქვა:

- დემონს მამა ბესარიონის გარდა ვერავინ განდევნის, მაგრამ ჩვენ რომ ვთხოვოთ, ტაძარში არ მოვა.

ხვალ დილით ის ტაძარში პირველი მოვა, მაგრამ ჩვენ დავასწროთ მისვლა და მის ადგილას ეშმაკეული დავსვათ, მერე კი ბერდიდს ვუთხრათ, - სძინავს და გააღვიძეო.

ასეც მოიქცნენ.

როცა ღირსი ბესარიონი ტაძარში შევიდა და იხილა, რომ მის ადგილას ვიღაც იჯდა, აღარ ააყენა, მასთან ახლოს დადგა და როგორც კი საეკლესიო ლოცვების კითხვა დაიწყეს, ეკლესიის მსახურებმა უთხრეს ბერდიდს:

- მამაო, გააღვიძე მძინარე!

ბესარიონი მივიდა ამ კაცთან, ხელი წაჰკრა და უთხრა:

- ადექი და განვედ აქედან!

ეშმაკმა დატოვა კაცი და ისიც წამისყოფაში განკურნებუ¬ლი წამოდგა და მადლობა შესწირა უფალს.

ერთხელ სკიტელმა ძმამ დიდად შესცოდა, რისთვისაც მღვდელმა ტაძრიდან გასვლა უბრძანა, - ძმებთან ყოფნის ღირსი არა ხარო.

მაშინ მასთან ერთად იქაურობა ნეტარმა მამამაც დატოვა და თქვა:

- მეცა ვცოდე!

ასეთი სიმდაბლე ემოსა ღირს მამას.

ღირსი მამის მოწაფეთა მოწმობით, ორმოცი წლის მანძილზე საწოლზე არ დაწოლილა, რომ დაესვენა; მხოლოდ მცირე ხანს ჩაიძინებდა, ან ფეხზე მდგარი, ანდა მიმჯდარი.

ხშირად ღირსი ბესარიონი მოწაფეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებდა და ეშმაკის საცდურთაგან განარიდებდა, ეტყოდა ხოლმე:

- ბერი უნდა იყოს, ვითარცა თვალი, მსგავსი ქერუბიმებისა და სერაფიმებისა; ვინც მშვიდად ცხოვრობს და განსაცდელი არა აქვს, მან უფრო მეტად უნდა იფხიზლოს და დაიმდაბლოს თავი ღვთის წინაშე, რათა მცირედით გაამაყებული, რაიმე დიდ ცოდვაში არ ჩავარდეს. რამეთუ სიამაყის გამო ბევრს ბრძოლა შემთხვევია ეშმაკისგან;

ზოგჯერ ჩვენი უძლურების გამო ღმერთი განსაცდელს არ მოგვივლენს, რათა საბოლოოდ არ დავიღუპოთ.

წმინდა ბესარიონი ზეციური ფრინველივით ცხოვრობდა, - არასოდეს მიწიერი არ შეუძენია, არც საკუთარი სენაკი ან რაიმე ნავსაყუდელი ჰქონია, უდაბნოში მიმომწირობდა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა.

გზააბნეული მგზავრივით, მთებსა და ტყეებში დახეტიალებდა არც ხორციელ საჭიროებებზე ზრუნავდა, არც საზრდელზე, არც სამოსზე, ტანს ყველაზე შეურაცხი სამოსი ემოსა, ძლივსღა რომ ფარავდა მის სიშიშვლეს.

მიუხედავად იმისა, რომ დღისით მცხუნვარე მზე სწვავდა, ღამით კი - სიცივე, იშვიათად თუ შეაფარებდა თავს რაიმეს. მთებში ჩიტივით განმარტოებას ეძიებდა, გონება მისი კი ოდენ ზეცადა ჰქროდა.

მუდმივად ოხრავდა და თვალთაგან ცრემლი სდიოდა, ცხოვრება ტირილსა და საკუთარ ცოდვებზე გლოვაში გაატარა. ღირსმა ბესარიონმა ღრმა სიბერეს მიაღწია და მშვიდობით წარვიდა სასურველ უფალთან.

ღირსი მამა IV საუკუნის ბოლოს ან V საუკუნის დასაწყისში მიიცვალა.

კონდაკი

ძალთა ზეცათასა მიბარე, ღირსო, და ფრინველთა ცხოვრებისა სახითა სცხონდებოდი, და საწუთო ესე დაივიწყე უხრწნელისა მისთვის ზეცათა ქრისტეს მეუფისა შუენიერებისა სურვილითა, რომელსა ღირს-იქმენ მიწევნადცა, ბესარიონ; ევედრე მას დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler