ღირსი დოროთე ხილიოკომელი (XI) - 05 (18) ივნისი
ღირსი დოროთე ხილიოკომელი (XI) - 05 (18) ივნისი
წმინდა დოროთე X-XI საუკუნეებში უნდა შობილიყო ტრაპიზონში, გავლენიან ჩინოვნიკთა ოჯახში.

თორმეტი წლისამ მამისეული სახლი დაუტევა, რომ არასასურველ ქორწინებას გაქცეოდა.

სულიერი წინამძღვრის ძიებაში დოროთე ტრაპიზონსა და ამისს შორის ადგილს მიუახლოვდა, იქ მოღვაწე წინასწარჭვრეტის მადლით ცხებულ მოსაგრეს, სახელად - იოანეს შეხვდა.

ღირსმა მამამ, განჭვრიტა რა ღვთისგან ჭაბუკი დოროთესთვის განმზადებული ბრწყინვალე მომავალი, თავის სავანეში დატოვა და ანგელოზებრივი სქემით შემოსა.

ჰპოვა რა მონაზვნობაში ცხოველმყოფელი სულიერი წყარო, დოროთე უწინდელზე მოშურნედ შეუდგა ღვაწლს და თვლიდა რა თავს უხმარ მონად, რომელიც მათგან კურთხევის გამოთხოვის ღირსიც არ იყო, არა მხოლოდ სავანის იღუმენს ჰმორჩილებდა, არამედ სავანის ძმებსაც.

მრავალწლიანი ღვაწლის შემდგომ დოროთეს მღვდელ - მონაზვნად დაასხეს ხელი, იმ დღიდან, სამოცდაორი წლის მანძილზე, ყოველდღე აღავლენდა საღვთო ლიტურგიას, ამასთან, განმარტოებულად ცხოვრობდა და თავი სრულებით მიეძღვნა უფლისთვის.

მისი სენაკის იატაკი მუდამ ცრემლით იყო დალტობილი, ოდეს წირვას დაასრულებდა, წინასწარმეტყველ მოსეს დარად, სახე ღვთაებრივი ცეცხლით უელავდა.

ერთ დღეს უფლისგან გამოცხადებით ეუწყა, რომ მახლობელ, ხილიოკომად წოდებულ გორაკზე ყოვლადწმინდა სამების სახელზე ტაძარი აეგო.

წინამძღვარს ყოველივე გაუმხილა ცრემლით და ევედრა, არსად გაეშვა, რომ მორჩილების მადლი არ დაეკარგა, მაგრამ ღირსმა იოანემ უპასუხა, რომ ღვთაებრივ მითითებას ვერ შეეწინააღმდეგებოდა და ამ საქმის აღსასრულებლად ერთ-ერთი ძმათაგანი შეუამხანაგა.

მათ წარმოუდგენელი შრომის ფასად გადათხარეს მითითებული, ძალზე უკაცური ადგილი, შემდეგ კი ადგილობრივნიც შემოეშველნენ და ტაძარი მოკლე ხანში აიგო.

მაშინ კი შეძლო დოროთემ კვლავ სანატრელ განმარტოებას მისცემოდა, თუმცა, მალე მის ირგვლივ მრავალი მოწაფე შეიკრიბა, რომელთათვისაც ლავრის მსგავსი ერთობა მოაწყო.

მამები ცალ-ცალკე სენაკებში ცხოვრობდნენ, ერთურთს ტაძარში, ღვთისმსახურებისას ხვდებოდნენ, საზრდოს კი საკუთარი შრომით მოირეწდნენ, რაც საშუალებას აძლევდა, სავანის კედლები არასოდეს დაეტევებინათ.

წმინდა მამამ ღვთისგან სასწაულქმედების მადლი მიიღო, ხოლო როდესაც მოახლოებული აღსასრული იგრძნო, სავანის ყოველი სენაკი ინახულა, ძმებს სათითაოდ სთხოვა შენდობა და ღვთივ განისვენა.

წმინდა მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

ბეჭდვა
1კ1