ღირსი დოროთე თებაიდელი (+395) - 05 (18) ივნისი
ღირსი დოროთე თებაიდელი (+395) - 05 (18) ივნისი
ღირსი დოროთე, IV საუკუნის ეს ყოვლადუბრალო და მოსაგრეობაში დაბერებული კაცი, წარმოშობით თებედან გახლდათ.

გარკვეული ხნის შემდგომ ზღვის ნაპირას, ერთ ქვაბულში განმარტოვდა, სადაც 60 წლის მანძილზე იღვწოდა: - მთელ დღეს უდაბნოს თაკარა, აუტანელი მზის ქვეშ ატარებდა, ქვებს აგროვებდა და იმ მამებს უთმობდა, ვისაც ამის ქმნა არ ხელეწიფებოდათ.

აი, რას გვიამბობს მის საკვირველ ცხოვრებაზე {"ლავსაიკონი":

{"ამ უდაბნოში მოღვაწეობდა ერთი წმინდა კაცი. იგი წარმოშობით თებაიდელი იყო და სახელად დოროთე ერქვა. მას გამოქვაბულში სამოცი წელი დაეყო. ნეტარმა მამა ისიდორემ ჩემი თავი მას ჩააბარა და მიბრძანა, რომ მასთან სამი წელი დავრჩენილიყავი. მას უნდა დავემწყსე და ამ გზით ჩემში სრულიად აღმოიფხვრებოდა სულის ვნებები.

ნეტარმა ისიდორემ იცოდა, რომ ეს მამა ფიცხი ცხოვრებით გამოირჩეოდა. სამი წლის შემდეგ კი ისევ ისიდორესთან უნდა დავბრუნებულიყავი. მე ვერ შევძელი სამი წელი ბერთან გამეტარებინა, რადგან ძლიერი სენით დავსნეულდი და უკან უფრო ადრე დავბრუნდი.

სანამ ბერთან ვიყავი, ვხედავდი, რაოდენ საკვირველი მოღვაწე იყო. ის მეტისმეტი ჯაფისგან გამხმარიყო.

ეს წმინდა მამა შუადღემდე ზღვის პირას მიმოდიოდა, ქვებს აგროვებდა და ამ ქვებით მთელი დღე სენაკებს აშენებდა.

მრავალი წლის განმავლობაში თავის სენაკს იმას დაუთმობდა ხოლმე, ვისაც თავად აგება არ შეეძლო. თავად კი ახალაშენებულ სენაკში მიიცვალა. მისი მკაცრი ცხოვრების შემხედვარემ ვუთხარი:

- რას სჩადი, მამაო, ასეთი მოხუცი ხარ და მომეტებული სიცხით კლავ საკუთარ სხეულს?!

მან კი მომიგო:

- რადგან ის მკლავს, ჯერ მე უნდა მოვაკვდინო!

მამა დოროთე ექვსი უნკია პურით და ამდენივე რაოდენობის წყლით იკვებებოდა - მცირეოდენ მხალთან ერთად.

ღმერთია მოწამე, რომ არასოდეს მინახავს იგი მიწაზე ან საწოლზე დაწოლილი, არც მჯდომარე მძინარი. არამედ მთელი ღამე ფინიკის ფურცელს წნავდა, რათა ამ გზით საზრდო მოერეწა. როცა მის საქმიანობას ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ამგვარ ღვაწლს ჩემი მოსვლის შემდეგ შეუდგა.

ამ წმინდა მამას ბევრი მოწაფე ჰყავდა, რომლებიც თავიდანვე მასთან ცხოვრობდნენ. მე მათ ვთხოვე, ეთქვათ ჩემთვის თავიდანვე ასე მოღვაწეობდა თუ არა მათი მოძღვარი. მათ კი მიპასუხეს: {"მამა დოროთეს სიჭაბუკიდან ასეთი ჩვეულება ჰქონდა: ის არასოდეს წვებოდა დასაძინებლად, არამედ ხელსაქმისას ან პურის ჭამისას თუ მიერულებოდა".

ხშირად დავარდნია ჩაძინებულს პირიდან პური. ერთხელ ის ვაიძულე, რომ ცოტა ხნით ჭილზე მიწოლილიყო. მან კი ტირილით მითხრა: {"მოღვაწემ საერთოდ არ უნდა მოასვენოს სხეული ძილით".

ერთ დღეს, როცა ძმები საზრდოს იღებდნენ, ნეტარმა მამამ წყლის მოსატანად გამგზავნა. ამ დროს დღის ცხრა საათი იყო. იქ მისულს საშინელი რამ შემემთხვა. ჭაში გველი იჯდა. შეშინებულმა ვეღარ გავბედე წყლის ამოვსება, ბერისკენ გავიქეცი და ვუთხარი:

- დავიხოცებით, მამაო, რადგან ჭაში მჯდომარე გველი ვიხილე!

მან კი სიყვარულით თავი გააქნია და თქვა:

- ეშმაკს რომ გველები, ასპიტები ან სხვა ქვეწარმავლები ყველა ჭასა და წყაროში ჩაეყარა, განა აღარ დავლევდით წყალს?

ეს რომ მითხრა, სენაკიდან გამოვიდა, ჭურჭლით ჭიდან წყალი ამოავსო, ზედ ჯვარი გადასახა, დალია და თქვა:

- სადაც პატიოსანი ჯვარი გამოისახება, იქ ეშმაკის ყოველგვარი ხლართი უძლურია!

ღირსი დოროთე თებაიდელი ასევე იხსენიება 16(29) სექტემბერს

* * *

ხსენება მღვდელმოწამეთა: მიქაელისა (ვიტიაკოვი, +1931), პრესვიტერისა და ნიკოლოზისა (რიურიკოვისა, +1943), პრესვიტერისა

ბეჭდვა
1კ1