ღირსი პეტრე კორიშელი (XIII) - 05 (18) ივნისი
ღირსი პეტრე კორიშელი (XIII) - 05 (18) ივნისი
წმინდა პეტრე ტომით სერბი გახლავთ, კეთილმსახური ოჯახის შვილი, ქალაქ პეჩის სიახლოვეს, სოფელ უჟმირში იშვა.

ბუნებით კეთილკრძალული და თვინიერი ბავშვობიდან თამაშს მარხვას, ტაძარში სიარულს და წმინდა წიგნთა შესწავლას ამჯობინებდა და როდესაც წერილში ამოიკითხა, რომ უფლის გულისთვის მის მოყვარულს ყოველი უნდა დაეტევებინა, მამის გარდაცვალების შემდეგ განდეგილობა ინ¬დომა, მაგრამ დედამ უმცროსი დის, - ელენესადმი მისი მოვალეობა შეახსენა, რის შემდეგაც პეტრე შინ დარჩა, მაგრამ ღვაწლი გაიორმაგა.

დედის გარდაცვალების შემდგომ და-ძმამ შემონაზვნება გადაწყვიტა. პეტრე სოფლის სიახლოვეს მოღვაწე ხუცესის ხელთაგან აღიკვეცა და დისთვის და თავისთვის ორი მცირე სენაკი ააგო.

თუმცა, ნათესავები და ახლობელნი ხშირად ურღვევდნენ მყუდროებას, რადგან მოჰქონდათ ხოლმე მათთვის საზრდელი, რის გამოც უფრო შორს გადაწყვიტეს გადასვლა.

თუმცა, მათი წმინდა ცხოვრება არც იქ დარჩენილა შეუმჩნეველი.

მაშინ და-ძმა სოფელ კორიშის სიახლოვეს მდებარე მთას მიადგა. მგზავრობით მოქანცულ ელენეს მიეძინა, ძმამ ჯვარი გამოსახა და გზა გააგრძელა, რომ მოსაგრეობა სრუ¬ლიად მარტოს განეგრძო.

ელენე კი სოფელში დარჩა და იქ განაგრძო ღვაწლი.

მრავალი წელი იცხოვრა პეტრემ მღვიმეში, სადაც ხან აუტანელი სიცივე ტანჯავდა, ხანაც - მცხუნვარე მზე, საზრდე¬ლად კი ბალახს თუ მიიღებდა, მის განმარტოებას კი ოდენ გარეული მხეცნი არღვევდნენ.

ეშმაკმა, რომელმაც მასში დიდი საღვთო შური იხილა, გამძვინვარებით ეკვეთა, მაგრამ პეტრე მის შემოტევებს ლოცვით და ფსალმუნთგალობით იგერიებდა.

ერთხელ ნეტარს თავს უზარმაზარი გველი დაესხა, რომელიც თავად მთავარანგელოზმა მიქაელმა განდევნა.

ამ საკვირველი ამბის შემდგომ პეტრემ ღვაწლი განიმრავლა და გულის იმგვარი სიწმინდე მოიხვეჭა, ეშმაკის ყოველ მახეს ჭვრეტდა და ლოცვითა და სიმდაბლით განდევნიდა.

სხვა დროს კი ყვავთა გუნდი ეკვეთა და თვალთა დათხრას ძლივს გადაურჩა, რომელიც ფსალმუნთა გალობით მოიგერია.

ეშმაკის ამგვარი ძლევის შემდგომ, უფალმა გამოუთქმელ სიხარულს აზიარა, - მისი სენაკი არამიწიერმა ნათელმა აღავსო, რისი ხილვის შემდგომაც პეტრეს საზრდელიც აღარ გახსენებია.

უფალმა, რომელმაც ამგვარი მნათობის ქვეყნიერებისათვის დაფარვა არ ინება, მასთან ორი მონაზონი წარგზავნა, რომლებმაც ცრემლით სთხოვეს, - დაგვიმოწაფე და ის გვასწავლე, რაც აქამდე შეგიძენიაო.

პეტრემ, იგრძნო რა მოახლოებული აღსასრული, ის მღვიმე უჩვენა, სადაც იღვწოდა და სთხოვა, მისთვის სამარე გაეთხარათ, შემდეგ კი თავისი ცხოვრების შესახებ უამბო, დამოძღვრა და მოკლე ხანში შეუძლოდ შეიქნა.

მამათა ხელთაგან ეზიარა რა წმინდა ძღვენს, უფალი ადიდა, მხურვალედ ილოცა, ძმებს დაემშვიდობა და 1270 ან 1275 წელს, 5 ივნისს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

იმ ღამეს მისი სენაკი ათასი სანთლით აციმციმდა, დილით საკვირველი კეთილსურნელებით რომ აღივსო.

ხანი გამოხდა და მეფე დუშანმა ტაძრის აღშენება ინება, სადაც ღირსი მამის სასწაულმოქმედი წმინდა ნაწილნი გა¬დააბრძანა.

XVI საუკუნის ბოლოს, თურქთაგან სახსნელად სიწმინდე ნოვი პაზარის სიახლოვეს, ცრნა რეკის სავანეში გადააბრძანეს, სადაც დღემდე განისვენებს.

ბეჭდვა
1კ1