ღირსი ანუბი აღმსარებელი, ეგვიპტელი მეუდაბნოე (IV) - 05 (18) ივნისი
ღირსი ანუბი აღმსარებელი, ეგვიპტელი მეუდაბნოე (IV) - 05 (18) ივნისი
ეს ჭეშმარიტად ღვთისკაცი ღირსი პიმენი დიდისა (ხსენება 27 აგვისტოს) და ღირსი პაისი დიდის უფროსი ძმა გახლდათ, ანგელოზებრივი ცხოვრების შესაძენად ძმები უდაბნოს სკიტში განუმარტოვდნენ.

იმ დღიდან ანუბის ადამიანთათვის განკუთვნილი აღარაფერი უხმევია, მაგრამ ანგელოზისგან ყოველივეს იღებდა, რაც საარსებოდ სჭირდებოდა.

407 წელს ეს უდიდესი სულიერი ცენტრი ბარბაროსებმა გაანადგურეს და მრავალი მამა შეიწირეს. თუმცა, მონაზონთა დიდმა ნაწილმა, მათ შორის, - ღირსმა ანუბიმ და მისმა ხორციელმა ძმებმაც, - თავს გაქცევით უშველეს და ზემო ეგვიპტეში, ნილოსის ნაპირს მიაშურეს.

ძმებმა თავი გზად ერთ წარმართულ ტაძარს შეაფარეს და მთელი კვირა მდუმარებაში გაატარეს.

ყოველ დილით ანუბი კერპებს ქვებს ესროდა სახეში, საღამოობით კი შენდობას სთხოვდა.

ხოლო როდესაც კვირის დასასრულს პიმენმა ძმას ჰკითხა, - ეს რას ნიშნავდაო, ღირსმა მამამ უპასუხა:

- თუ ერთად ცხოვრება გვსურს, ამ კერპისებრ არც ქება უნდა მივიღოთ და არც - ძაგებაო!

ძმები დათანხმდნენ და ზოგადცხოვრებულთა მონასტრის წესები დაადგინეს.

წმინდა ანუბიმ ერთ-ერთი მათგანი სავანის იკონომოსად დაადგინა, რომელსაც დანარჩენთა სარჩენად და ყოველმხრივ უზრუნველსაყოფად უნდა ეზრუნა. ასე ცხოვრობდნენ კარგა ხანს მშვიდობასა და თანხმობაში.

ანუბისთვის ღვთის ძიება ძილსა და მოსვენებას ერჩია, ამიტომ უფალი ყოველივეს მოსცემდა, რასაც სთხოვდა.

აი, რას გვიამბობს ამ უდიდესი ბერის შესახებ სახელგანთქმული "ლავსაიკონი":

"აი კიდევ რა გვიამბო კოპრემ:

- ერთხელ აბბა სიროსი, აბბა ესაია და აბბა პავლე მდინარის ნაპირზე შეხვდნენ ერთმანეთს. ესენი იყვნენ საოცარი თავშეკავების მქონე კეთილკრძალული და მართალი ადამიანები. მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ, მოენახულებინათ ერთი დიდი მოღვაწე, სახელად ანუბი, რომლის სამყოფლამდე სამი დღე-ღამის სავალი იყო. თან მდინარეზე უნდა ემოგზაურათ, ნავი კი არ ჰქონდათ. მაშინ მათ თქვეს:

- ვთხოვოთ ღმერთს, არ შეაფერხოს ჩვენი მოგზაურობა, რომელიც კეთილი საქმისთვის ვიდევით თავს.

პავლემ და ესაიამ უთხრეს აბბა სიროსს:

- შენ უნდა შეევედრო ღმერთს. ვიცით, რომ ის ყოველთვის ისმენს შენს ვედრებას და ახლაც შეისმენს.

აბბა სიროსმაც, თავის მხრივ, სთხოვა მამებს, მუხლი მოეყარათ და მასთან ერთად ელოცათ. თვითონაც პირქვე დაემხო.

ლოცვა დაასრულეს, წამოდგნენ. ხედავენ, - ნაპირს ნავი უახლოვდება, ყოველმხრივ აღჭურვილი სამოგზაუროდ. მამები ნავზე ავიდნენ და ისე სწრაფად გაცურეს მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით, რომ სამი დღე-ღამის სავალი გზა ერთ საათში განვლეს.

ნაპირზე რომ გადმოვიდნენ, ესაიამ თქვა:

- ღმერთმა გამიმხილა, რომ ის, ვისთანაც მივდივართ, ახლა ჩვენს შესახვედრად მოდის და ჩვენი გულის სიღრმეებს ხედავს.

პავლემ თქვა:

- მეც გამიმხილა ღმერთმა, რომ მას სამ დღეში თავისთან წაიყვანს.

სამივენი მონასტრისკენ გაემართნენ. ცოტა ხანში ხედავენ - ანუბი მათ შესახვედრად მოდის და ამბობს:

- კურთხეულ არს ღმერთი, რომელმაც ინება ხორცითაც მეხილეთ, როგორც ადრე სულით გხედავდით.

და მან გაიხსენა თითოეული მათგანის ღვაწლი და დამსახურება ღმრთის წინაშე.

პავლემ თქვა:

- ღმერთმა გაგვიმხილა, რომ სამ დღეში თავისთან წაგიყვანს. ამიტომაც გთხოვთ მოგვიყვე შენი სულიერი წარმატებების, შენი ღვაწლის შესახებ, რითაც სათნო-ეყავი ღმერთს. მზვაობრობის საშიშროება არ გემუქრება, რადგან სულ მალე დატოვებ ამ ქვეყანას.

ასე რომ, გვიამბე ყველაფერი, რომ ამით შთამომავლობამაც სარგებელი მიიღოს.

მამა ანუბმა უპასუხა:

- არ მახსოვს, რომ ოდესმე დიდი ღვაწლი ამეღოს თავზე, მხოლოდ ამას გეტყვით: მას შემდეგ, რაც, ქრისტიანთა დევნის დროს, აღმსარებელი გავხდი, ყოველმხრივ ვფრთხილობდი, სიცრუე არ გამოსულიყო ჩემი პირიდან;

რაკი ერთხელ ვაღიარე ჭეშმარიტება, აღარასოდეს მითქვამს თუნდაც სულ უმნიშვნელო ტყუილი, და რაკი ერთხელ ზეციური დიდება შევიყვარე, მიწიერისკენ აღარასოდეს მივქცეულვარ.

ამაში სულიწმიდის მადლი მეხმარებოდა და ამქვეყნიური, მიწიერი, არც აღარაფერი მჭირდებოდა. საკვები ანგელოზს მოჰქონდა ჩემთვის; ღმრთის წყალობით, ყველაფერი ვიცოდი, რაც ქვეყანაზე ხდებოდა.

ჩემს გულში ღვთაებრივი ნათელი ბრწყინავდა. მისით გასხივოსნებულს ძილის მოთხოვნილებაც კი გამიქრა, მინდოდა სულ ღმრთის ჭვრეტით დავმტკბარიყავი. ჩემი მფარველი ანგელოზი მუდამ ჩემ გვერდით იყო და სათნოებების მოპოვებას მასწავლიდა.

რასაც ღმერთს ვთხოვდი, ყველაფერი დაუყოვნებლივ მისრულდებოდა. ხშირად ღმრთის ტახტის წინაშე მდგარ ანგელოზთა კრებულს ვხედავდი, ან კიდევ მართალთა, მოწამეთა და მონაზონთა დასს, რომლებიც თავიანთი წმინდა გულით დაუდუმებლად ადიდებდნენ ღმერთს.

სატანა და მისი ანგელოზებიც მინახავს, მარადიულ ცეცხლში რომ მოელით წვა, ისევე როგორც მართლებს ელოდებათ მარადიული ნეტარება.

სამი დღის მანძილზე ესაუბრებოდა მამებს აბბა ანუბი, შემდეგ კი მართლაც შეისვენა ნეტარმა. და მამებმა დაინახეს, როგორ მიჰყავდათ ღმრთის ანგელოზებს ზეცისკენ მისი სული და დიდხანს ესმოდათ კეთილხმოვანი გალობა, რომელსაც იგი ანგელოზებთან ერთად აღუვლენდა შემოქმედს.

ბეჭდვა
1კ1