ღირსი კონსტანტინე, მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად რუსეთისა (+1159) - 05 (18) ივნისი
ღირსი კონსტანტინე, მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად რუსეთისა (+1159) - 05 (18) ივნისი
1145 წელს, კიევის მიტროპოლიტის, მიქაელის მიცვალების შემდგომ, დიდმა მთავარმა, იზიასლავ მსტისლავის ძემ მის მემკვიდრედ სიბრძნითა და სულიერებით განთქმული დიდსქემოსანი ბერი, კლიმენტი დაასახელა და რადგან ამით თავისი დამოუკიდებლობის ხაზგასმა სურდა, ამ გადაწყვეტილების შესახებ კონსტანტინოპოლისათვის არაფერი უცნობებია.

ამ ფაქტმა თავად რუს ეპისკოპოსთა შორისაც შეიტანა უთანხმოება - ერთნი ამ არაკანონიკურ ქმედებას ღიად შეეწინააღმდეგნენ, მეორენი კი, მთავრისთვის რომ ეამებინათ, დაეთანხმნენ, რის შედეგადაც, ქიროტონია შედგა.

როდესაც კიევის ტახტი დიდმა მთავარმა, გიორგი (იური) ვლადიმირის ძე დოლგორუკმა დაიკავა, ამ უკანონობის გამოსწორება ისურვა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს სთხოვა კლიმენტის ნაცვლად გამოერჩია ახალი მიტროპოლიტი. პატრიარქმა კონსტანტინეს დაასხა ხელი.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის კურთხევით, ახალწარგზავნილმა კონსტანტინემ კლიმენტი და მისი დასი დაითხოვა, რასაც სახალხო მღელვარება მოჰყვა, - მრევლის ნაწილი კვლავ კლიმენტს მიემხრო, ნაწილი კი - კონსტანტინეს.

იური (გიორგი) დოლგორუკის გარდაცვალების შემდგომ რუსმა თავადებმა ორივე იერარქის მოშორება განიზრახეს და კონსტანტინოპოლს კიდევ ერთი მიტროპოლიტის, - თეოდორეს წარგზავნა სთხოვეს.

მის ჩამობრძანებამდე, მღელვარება რომ ჩაეცხრო, კონსტანტინე ჩერნიგოვს გაემგზავრა, სადაც სასიკვდილო სენმა შეიპყრო, იქაურ მიტროპოლიტს, ანტონს დაბეჭდილი სიგელი გადასცა, სთხოვა, რაც იქ ეწერა, აღესრულებინა და 1159 წელს სული უფალს შეჰვედრა.

როდესაც ანდერძი გახსნეს, ეს ამოიკითხეს:

- გარდაცვალების შემდგომ ჩემს სხეულს მიწას ნუ მიაბარებთ, არამედ, თოკები გამოაბით, ქალაქგარეთ წაათრიეთ და იქ ძაღლთა ლუკმად დატოვეთ, რამეთუ ვცოდე და სახალხო მღელვარება ჩემი მიზეზით მოხდა. დაე, ამით უფალმა დაიფაროს ხალხი განხეთქილებისა და უთანხმოებისაგან!

ამ სიტყვით შეძრულმა ეპისკოპოსმა ანტონმა, რომელსაც ამ ანდერძის შეუსრულებლობა არ შეეძლო, კონსტანტინეს სხეული მართლაც დაუმარხავად დატოვა.

მაშინ კიევის ცაზე საშინელი ელვა განკრთა, რომელიც სამი დღის მანძილზე არ ჩამცხრალა და რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჩერნიგოვს კი ამ დროს მზე დაჰნათოდა და წმინდა კონსტანტინეს სხეულიდან ცას მიწვდომილი სამი ნათლის სვეტი ზეცას აღწევდა.

მთავარმა სვიატოსლავმა ნეტარი იერარქის სხეულის უფლის ფერისცვალების სახელობის ტაძარში პატივით დაკრძალვა ბრძანა, სადაც წმინდა იგორ - გაბრიელის წმინდა ნაწილნი განისვენებდნენ, რის შემდგომაც კიევს მშვიდობა ეღირსა.

დიდი მთავრისვე მოწოდებით, იქაურნი ტაძარში შეიკრიბნენ და წმინდა მღვდელმთავარს, უპატიოდ მოპყრობის გამო შენდობა გამოსთხოვეს.

ბეჭდვა
1კ1