ღირსი მამა მეთოდე, პეშნოშელი იღუმენი (+1392) – 04 (17) ივნისი
ღირსი მამა მეთოდე, პეშნოშელი იღუმენი (+1392) – 04 (17) ივნისი
წმინდა მეთოდე - ღირსი სერგი რადონეჟელის ერთ-ერთი პირველი მოწაფე გახლდათ, მისგან უღრან ტყეში განდეგილობისათვის კურთხევა გამოითხოვა და მდინარეთა: იაკომისა და პეშნოშის შესართავთან, დიმიტროვიდან, დაახლოებით, თხუთმეტ კილომეტრში მოგუბებულ ჭაობთან მოიწყო სენაკი.

დრო რომ გავიდა, მეთოდეს გარშემო უამრავმა მოწაფემ მოიყარა თავი, მაშინ ღირსმა სერგიმ აკურთხა, ჯანმრთელობისთვის ფრიად მავნე ის ალაგი დაეტევებინა და უფრო ხელსაყრელ ადგილას აეგო მონასტერი.

ღირსი მამა სულიერ შვილებს სიტყვაზე მეტად საკუთარი ცხოვრებით ჰმოძღვრიდა, ძალზე მოწყალე გახლდათ, რის გამოც სავანეს ყოველდღიურად უთვალავი დამშეული და უპოვარი აკითხავდა, რომელთაც მეთოდე ასაზრდოებდა და საკუთარი ხელით უვლიდა, მოსავდა, კურნავდა და საჭიროებისამებრ, ყოველგვარად შეეწეოდა.

გარდაცვალებამდე ძმებს დაუბარა, - მოწყალებას ნურვის მოაკლებთ და ნურც სამონასტრო წესდებას დაარღვევთო (სავანე მის მიერ დადგენილი, ათონური წესდებით ცხოვრობდა).

ღირსი მამა 1392 წელს მიიცვალა. გვმეოხებდეს მისი წმინდა ლოცვა ღვთის წინაშე!

ბეჭდვა
1კ1