წმინდა მიტროფანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+326) – 04 (17) ივნისი
წმინდა მიტროფანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+326) – 04 (17) ივნისი
წმინდა მიტროფანეს მამა, დომენტი, რომის იმპერატორის, პრობუსის (276-282 წელი) ღვიძლი ძმა გახლდათ.

ერთხელაც, ღვთის მადლით, მოიქცა, წარმართული ცთომილება დაუტევა და გაქრისტიანდა.

იმ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა მძვინვარებდა და წმინდანი თავის ორ ვაჟთან - პრობუსსა და მიტროფანესთან ერთად ბიზანტიაში გაიხიზნა, სადაც სიწმინდით განთქმულ ეპისკოპოსს, ტიტეს (242-272 წლები) დაემოწაფა და მისი წინამძღვრობით წმინდა წერილის შესწავლა იწყო.

ტიტემ, რომელმაც სულიერი შვილის ამგვარი მოშურნეობა იხილა, მღვდლად დაასხა მას ხელი.

ტიტეს გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავრის კვერთხი დომენტის გადასცეს (272-303 წლები), ამ უკანასკნელს კი საეპისკოპოსო ტახტზე მისივე ვაჟები შეენაცვლნენ:

- ჯერ პრობუსი (303-315 წლები), შემდეგ კი - მიტროფანე (316 წელს).

ერთხელ ბიზანტიაში ჩასული იმპერატორი კონსტანტინე აღტაცებაში მოვიდა ქალაქის მშვენიერებითა და მოხერხებული ადგილმდებარეობით. მან იხილა სიბრძნით გაბრწყინებული მიტროფანეს წმინდა ცხოვრებაც და რომ თან წაიყვანა.

მალე კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიონში გადაიტანა და წმინდა მამაც აწ უკვე სამეფო ქალაქში დააბრუნა.

325 წელს არიოზის ერესის უარსაყოფად ნიკეამ I მსოფლიო საეკლესიო კრებას უმასპინძლა. წმინდა იმპერატორმა კრების წმინდა მამებს შესთავაზა, პატრიარქად წმინდა მიტროფანე აერჩიათ და, ამგვარად, სწორედ იგი გახდა კონსტანტინოპოლის პირველი პატრიარქი.

უკვე მხცოვანი მამა კრებას ვეღარ დაესწრო და თავის ნაცვლად ქორეპისკოპოსი ალექსანდრე წარგზავნა.

კრების დასრულების შემდეგ იმპერატორმა წმინდა მამებთან ერთად ინახულა სნეული პატრიარქი, რომელმაც კონსტანტინე დიდის თხოვნით, თავის მემკვიდრედ სწორედ ეპისკოპოსი ალექსანდრე დაასახელა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ უკანასკნელის შემდეგ ეკლესიის საჭეთმპყრობელი პავლე გახდებოდა, იმჟამად მედავითნედ რომ მსახურობდა, ხოლო მის შემდეგ არქიდიაკონი ათანასე აღსაყდრდებოდა.

წმინდა მიტროფანემ ღრმა სიბერემდე იცოცხლა და, დაახლოებით, 326 წელს, 117 წლის ასაკში მიიცვალა. მისი უხრწნელი ნაწილნი დღემდე სტამბოლს, მისივე სახელობის ტაძარში განისვენებენ.

წმინდა მიტროფანეს კონდაკი

სარწმუნოებაი ქრისტესი ცხადად და ხმამაღლად ჰქადაგე შენ, და წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ, და შერთე სამწყსო შენი ანგელოზთა თანა, ვინაცა აწ იხარებ ქრისტეს თანა, მიტროფანე, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

ბეჭდვა
1კ1