ღირსი კევინ ირლანდიელი (+618-620) - 3 ივნისი (16 ივნისი)
ღირსი კევინ ირლანდიელი (+618-620) - 3 ივნისი (16 ივნისი)
წმინდა კევინი (კოემგენი) ტომით ირლანდიელი გახლავთ, წარჩინებული ოჯახის შვილი. დედამისს მისი დაბადება წინასწარ ეუწყა, შვიდი წლისა რომ შესრულდა, აღსაზრდელად და განათლების მისაღებად კილმანახის სავანის წმინდა მამებს მიაბარეს.

მღვდლად ხელდასხმის შემდგომ იგი ერთ უკაცურ, დუბლინის სამხრეთით, გლენდალოხად წოდებულ ადგილას განმარტოვდა და თავი სრულებით მიუძღვნა უფალს.

წმინდა მამა ნადირის ტყავით იმოსებოდა და ოდენ ნედლი ჭინჭრითა და მჟაუნით საზრდოობდა, სული თვისი სათნოებათა ჭურჭლად ეყო და ღამეებს ყინულოვან ტბაში ლოცვასა და ფსალმუნთგალობაში განლევდა.

გადმოცემის თანახმად, წმინდა მამამ შვიდ წელიწადს გაატარა ფეხზე მდგომმა, გულზე ხელებგადაჯვარედინებულმა და თვალხილულმა.

ამგვარმა ღვაწლმა კევინი დიდი მადლით განაბრწყინა და მრავალი მოწაფე შესძინა, მოშურნედ რომ ჰბაძვიდნენ მის ანგელოზთასწორ ცხოვრებას.

და რამდენადაც მათი ერთადერთი საზრუნავი ლოცვა გახლდათ, თვით უფალი ზრუნავდა მათზე: - ყოველ დილით ხვდებოდათ ახალი თევზი.

მოგვიანებით წმინდა განდეგილმა სამოღვაწეოდ სხვა ადგილას გადაინაცვლა და იქაურობა მონაზონთა ნამდვილ ქალაქად იქცა.

გადმოცემის მოწმობით, იქ ათასობით მამა იღვწოდა, დიდწილად რომ განაპირობეს ქრისტიანული კულტურის განვითარება ირლანდიის აღმოსავლეთით.

ღირსმა მამამ რომის წმინდა ადგილნი მოილოცა, საიდა¬ნაც მრავალი სიწმინდე ჩამოაბრძანა, მისი ლოცვით უამრავი სასწაული რომ აღასრულეს.

ღვაწლმრავალი და მხცოვანი მამა დაახლოებით 620 წელს, ღრმად მოხუცი, - ას ოცი წლისა აღესრულა.

იგი უდიდეს ირლანდიელ მამათა - წმინდა პატრიკის (ხსენება 17 მარტს), წმინდა ბრინძიას (ხსენება 1 თებერვალს) და წმინდა კოლუმბის გვერდით იხსენიება, მისი სავანე კი - ამ ქვეყნის ოთხი უდიდესი სავანიდან ერთ-ერთი გახლავთ.

წმინდა მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

ხატის წყარო


ბეჭდვა
1კ1