ღირსი ათანასე, ტროანელი საკვირველმოქმედი (+925) - 3 ივნისი (16 ივნისი)
ღირსი ათანასე, ტროანელი საკვირველმოქმედი (+925) - 3 ივნისი (16 ივნისი)
ეს წმინდა მამა IX საუკუნის დასაწყისში დაიბადა, მცირე აზიის დასავლეთით, ღვთის სიყვარულით ამა ქვეყნის სიკეთენი მოიძულა და მოგზაური ბერობა ირჩია.

მიმოდიოდა ათანასე, სადაც თვალი მიუწვდებოდა, სულიერებით გამორჩეულ კაცთ ეძიებდა და მათ მობაძვას ცდილობდა.

ბითვინიაში, მდინარე სანგარიის ნაპირებთან ვინმე წარჩინებულმა ტროანის სავანე აღაშენა, ძმათა სიურჩის და სიჯიუტის გამო კი იძულებული შეიქნა, იქაურობა დაეტევებინა. გზად ათანასეს გადააწყდა და მიხვდა, რომ ღვთის კაცი გაიცნო.

ოდეს თავის საწუხარი გაანდო, ათანასემ უკან სავანეში მასთან ერთად ურჩია დაბრუნება, სადაც სხვა მამებს შეუერთდა.

მცირე ხნის შემდეგ მისი მორჩილება, უბრალოება და ღვთივსათნო ცხოვრება დანარჩენ მამებსაც მაგალითად ექცათ.

მონაზვნად კურთხევის შემდგომ ათანასე მღვდლად ეკურთხა და მრავალი წლის მანძილზე აღასრულებდა კალიგრაფის მორჩილებას, ყოველდღე, საღამომდე მარხულობდა და იღუმენს სრულად ჰმორჩილებდა.

ამგვარმა ცხოვრებამ ბნელ ძალთათვის შეუვალ სიმაგრედ აქცია და წმინდა უვნებობა მოახვეჭინა.

მის ხელთაგან მრავალი წმინდა წიგნი გადაიწერა, რის გამოც მხედველობა ძლიერ დააკლდა და მორჩილების აღსრულება ვეღარ შეძლო.

მაშინ ერთ ვიწრო სენაკში გამოიკეტა და უფალს ამ სიტყვებით შეევედრა:

- ღმერთო, თუ ღირსმქმნი, თვალისჩინი დამიბრუნე, რომ ჩემგან მომუშაკებული უპოვართ ვუწყალობოო!

ყოვლადძლიერმა მისი ლოცვა შეისმინა და ათანასე კიდევ ოცდარვა წლის მანძილზე გადაიწერდა წიგნებს, გასამრჯელოს კი მთლიანად უნაწილებდა ღატაკთ.

მთელ კვირას მარტოდმარტო ატარებდა და ოდენ უფალს ეზრახვოდა, ადამიანის ძეთ კი მხოლოდ შაბათს და კვირადღეს ხვდებოდა.

ათანასემ ღრმა სიბერეს მიაღწია და ღვთისგან მომუშაკებული მადლი უამრავი წინასწარმეტყველებით და სასწაულით დაამოწმა, ხოლო ოდეს 925 წელს (სავარაუდოდ) ნეტარ აღსასრულს ეწია, სული მისი წმინდა მოციქულებმა: ანდრიამ და იოანემ აღიტაცეს ზეცად.

ღირსო მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

ბეჭდვა
1კ1