ღირსი დიონისე, იღუმენი გლუშიცისა (+1437) - 01 (14) ივნისი
ღირსი დიონისე, იღუმენი გლუშიცისა (+1437) - 01 (14) ივნისი
ეს წმინდა კაცი ვოლოგდაში 1362 წელს დაიბადა და ადრეული სიჭაბუკიდანვე შეუდგა უფალს - კუბენსკის ტბის სიახლოვეს, მაცხოვრის სახელობის სავანეს შეერთო, სადაც მკაცრი, ათონური წესდებით ცხოვრობდნენ, წინამძღვრად კი - წმინდა დიონისე ბერძენი ჰყავდათ, უწინ - მთაწმინდაზე მოღვაწე, როსტოვის მომავალი ეპისკოპოსი (1425 წელი).

მრავალწლიანი მორჩილების შემდგომ დიონისეს სულს განმარტოება და შინაგანი ლოცვა მოსწყურდა და ერთ მიტოვებულ მონასტერს მიაშურა.

გავიდა ხანი და სამოღვაწეოდ უღრან ტყეში გადაინაცვლა და დაახლოებით 1400 წელს მდინარე გლუშიცამდე მიაღწია.

თუმცა, განმარტოება დიდხანს არ დასცალდა, - მისმა, თუნდ საგულდაგულოდ დაფარულმა ღვაწლმა მრავალი სულიერად დამშეული მიიზიდა, რომელნიც ამ უდაბურ ადგილამდეც აღწევდნენ.

თავად დიმიტრი ზაოზერელის შემწეობით იქაურობა მონასტრად იქცა, რომელშიც ორმოცდაათი მამა იღვწოდა, სავანე კი ღვთისმშობლის საფარველის სახელზე იკურთხა.

დედათათვის კი ღირსმა დიონისემ სავანე იქვე ახლოს აღაშენა და წმინდა ლეონტი როსტოველის სახელზე აკურთხა.

წმინდა მამა ხშირად ჰმოძღვრიდა სულიერ შვილებს, გული წმინდად შეენახათ და ყოველგვარი არაწმინდება ლოცვით ეძლიათ.

ღირსი დიონისე, ყველა სხვა ღირსებასთან ერთად, ჩინებული ხატმწერიც გახლდათ, სპილენძის და ქვის დამუშავებაც ძალედვა, საზრდელს კი ოდენ ძლიერ დაუძლურებული თუ იხმევდა, ხოლო სული მისი მუდამ ლოცვით სუნთქავდა.

გარკვეული ხნის შემდგომ სავანე ისე გაიზარდა, ძველის ნაცვლად ახალი, გაცილებით დიდი ტაძარი ააგეს (1412 წელი), ხოლო წმინდა დიონისე, რომელსაც უწინდელზე მეტად სწყუროდა უფალთან განმარტოებული საუბარი, მონასტრიდან ოთხი კილომეტრით მოშორებულ, სოსნოვეცად წოდებულ, მდინარიან ადგილს მიაშურა, თუმცა, ძმათა დაჟინებული თხოვნით, კვლავ უკან დაბრუნება მოუწია, მისი წყალობით კი სოსნოვეცი იმ ადგილად იქცა, მისებრ განმარტოებით ცხოვრების მოსურნეთ სკიტად რომ განემზადათ.

სწორედ ამ სკიტში განვლო მისი ამქვეყნიური სიცოცხლის უკანასკნელმა წლებმა, საკუთარი ხელით გაითხარა სამარე, რომელსაც ყოველდღიურად აკითხავდა.

ღირსი დიონისე 1437 წლის 1 ივნისს, 74 წლისა აღესრულა.

მის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ერთ-ერთი ხატი მისმა მოწაფემ თავის დაარსებულ სემიხოლმის მონასტერში წააბრძანა.

დროთა მანძილზე შავი ჭირის ეპიდემიამ მონასტერი დააცარიელა. მაშინ ღვთის დედა ერთ-ერთ მოსკოველ, კეთილკრძალულ მონაზონს გამოეცხადა, რომელსაც სამი წლის მანძილზე გადაადგილება არ შეეძლო და შეჰპირდა: - თუ სავანეში წახვალ და ტაძარს აღადგენ, განმრთელდებიო.

მონაზონი მართლაც განიკურნა, დედა ღვთისას ნება მორჩილად მიიღო, სემიხოლმის სავანის მცირე სენაკში დასახლდა და სავანეს ძველი დიდება დაუბრუნა.

ბეჭდვა
1კ1