ნეტარი იოანე სალოსი (+1494) - 29 მაისი (11 ივნისი)
ნეტარი იოანე სალოსი (+1494) - 29 მაისი (11 ივნისი)
ძველი სტილით 29 მაისს (11 ივნისს) ეკლესია იოანე სალოსს იხსენიებს. იგი დაიბადა სტარი უსტიუგის მახლობლად, სოფელ პუხოვოში. მისი მშობლები საბა და მარია კეთილმსახური ქრისტიანები იყვნენ.

წმინდანი სიყმაწვილიდანვე მკაცრი მმარხველობით გამოირჩეოდა. ოთხშაბათს და პარასკევს არაფერს ჭამდა, სხვა დღეებში კი მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა. ბიჭი მთელ ღამეს ლოცვაში ატარებდა. მოზარდის მკაცრი მარხვა ბევრს აკვირვებდა, ბევრიც არანორმალურ მოვლენად თვლიდა. დედა სთხოვდა შვილს ცხოვრების წესი შეეცვალა, რაზედაც იოანე პასუხობდა, რომ ამგვარად ცოდვებისგან თავისუფლდებოდა. "რომელი ცოდვებისგან? - ჰკითხა გაკვირვებულმა დედამ, - შენ ხომ ჯერ პატარა ხარ". "არა, დედა, მეც მაქვს ცოდვები, უცოდველი მხოლოდ ღმერთია. რაც შეეხება საკვებს, წმინდა წერილი გვასწავლის: "საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან, რადგანაც ჭამით არაფერი გვემატება და უჭმელობითაც არა გვაკლდება" (I კორინთელთა, 8.8)

დაქვრივების შემდეგ იოანეს დედა მონაზვნად აღიკვეცა. უფალს მინდობილმა ყრმამ ჯერ მდუმარების ღვაწლი იტვირთა, შემდეგ კი სალოსობაც დაიწყო. "სალოსი" ბერძნული სიტყვაა და ქართულად სულელს ნიშნავს. სწორედ ამ სახელს ირქმევენ ადამიანები ღვთის სიყვარულით, უფალს დაფარულად ემსახურებიან და თავიანთ ღვაწლს უფლისა და მოყვასის წინაშე ასე მალავენ. სალოსი უარს ამბობს ყოველგვარ მიწიერ ღირსებასა და პატივზე, რათა სიწმინდეში დაიცვას მთავარი - ღვთის ხატება.

ნეტარი იოანე პატარა ქოხში დაბინავდა, სადაც ფეხშიშველა დადიოდა ქალაქის ქუჩებში და მოთმინებით იტანდა გამვლელ-გამომვლელთა დაცინვასა და შეურაცხყოფას. წმინდანს დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის სასწაულქმედების ნიჭი მიემადლა უფლისაგან. იგი მშვიდობით მიიცვალა 1494 წლის 29 მაისს.

ბეჭდვა
1კ1