წმინდა ალექსანდრე, ალექსანდრიელი პატრიარქი (+328) - 29 მაისი (11 ივნისი)
წმინდა ალექსანდრე, ალექსანდრიელი პატრიარქი (+328) - 29 მაისი (11 ივნისი)
ქრიტიანული ერესის აღმოცენების პერიოდში, ალექსანდრიის ეპისკოპოსი გახლდათ წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელი. პეტრე ალექსანდრიელს ღირსი ალექსანდრე ახალგაზრდობიდანვე ემსახურებოდა და როდესაც წმ. პეტრე შეპყრობილი იყო და მიახლოებული მოწამებრივ აღსასრულთან, მან თავის საქმის გამგრძელებლებად განაჩინა პირველ რიგში აქილა ალექსანდრიელი, და შემდგომ ალექსანდრე. მაგრამ აქილა საკმაოდ ხანდაზმული გახლდათ, ამიტომ იგი ალექსანდრიის ეპისკოპოსად მცირე ხნით იყო და გარდაიცვალა რა, ეპისკოპოსი ალექსანდრიისა გახდა სწორედ ნეტარი ალექსანდრე. ალექსანდრემ ეკლესიაში განსაკუთრებული ავტორიტეტი მოიპოვა. არიოზმა მიიღო მღვდლობის ხარისხი, მაგრამ ვერ მიიღო ეპისკოპოსობის ხარისხი, რისი სურვილიც მას ძალიან ჰქონდა. არიოზი შინაგანად ატარებდა მტრობას ალექსანდრეს წინააღმდეგ. არიოზი საკუთრივ ალექსანდრეს ცხოვრებაში, ვერაფერს პოულობდა ისეთს, რაც საბაბად გამოადგებოდა მის წინააღმდეგ ბრძოლაში, მან სცადა საკუთრივ მოძღვრების დაგმობა, იმ მოძღვრებაში ეჭვის შეტანა და ბზარის გაჩენა, რასაც წმ. ალექსანდრე ქადაგებდა. როდესაც წმ. ალექსანდრე სხვა სამღვდელო მოღვაწეებთან ერთად განიხილავდა წმ. სამების დოგმატს, მან თქვა, რომ სამება მხოლოობაა, მაშინ როცა არიოზმა ისმინა რა ვითომცდა მისთვის მოულოდნელი სიტყვები მყისვე ალექსანდრეს ბრალი დასდო საბელიანიზმში. მოგეხსენებათ, საბელიანიზმი არის ერთარსება ღვთის ერთპიროვნულობის მაღიარებელი, ე.ი. საბელიანიზმი მართლმადიდებლობას ეწინააღმდეგება ყოვლადწმინდა სამების დოგმატში, მართლმადიდებლობა აღიარებს ერთარსება ღვთის სამპიროვნულობას, ხოლო საბელიანიზმი აუკუღმართებს ამ სწავლებას იმით, რომ აღიარებს ერთარსება ღვთის ერთპიროვნულობას. ამ ერესში დასდო ბრალი არიოზმა ალექსანდრეს, რომ ვითომცდა როდესაც ალექსანდრემ თქვა, რომ სამებაში მხოლოობაა, თითქოს ამით მან უარყო ერთარსება ღვთის სამი ჰიპოსტასის სრული ჰიპოსტასობა. სინამდვილეში ალექსანდრე გულისხმობდა იმას, რომ ჰიპოსტასები ურთიერთგანყოფილები არ არიან და ყოვლადწმინდა სამებაში არსების მხოლოობაა. ერთარსება ღვთის სამი ჰიპოსტასის სრულ ჰიპოსტასობას. ამასთან არიოზმა გამოთქვა აზრი, რომ იესო ქრისტე არ არის მარადიული და დაუსაბამო, რომ იყო ჟამი, როდესაც ის არ არსებობდა; რომ ის ღმერთია მხოლოდ სახელით და არა არსით, რადგან ქმნილებაა მამა ღმერთისა. ამ მკრეხელობამ შეაძრწუნა ალექსანდრე. სცადა, არიოზისთვის ასეთი შეხედულებების მცდარობა დაემტკიცებინა და სასაუბროდ ხშირად უხმობდა თავისთან; გარდა ამისა, სხვა სასულიერო პირებთან ერთად მსჯელობდა და გმობდა მის თვალსაზრისს. ამ ყოველივეს ალექსანდრე თავშეკავებით აკეთებდა, რადგან კეთილი და მშვიდობისმოყვარე ადამიანი იყო. არიოზი კი ალექსანდრეს ყველგან ერეტიკოსს ეძახდა;

როდესაც ალექსანდრემ დაინახა, თუ როგორ ვრცელდებოდა ბოროტება, 318 წელს მოიწვია კრება ასზე მეტი ეპისკოპოსის მონაწილეობით. კრებამ ერთსულოვნად დაგმო ცრუსწავლება და განკვეთა არიოზი.

ალექსანდრესაც ჰქონდა მიმოწერა და წმინდა წერილზე დაყრდნობით ამხელდა ცრუსწავლებას, ენციკლურ ეპისტოლეებში აღმოსავლეთის ყველა ეპისკოპოსს სთხოვდა თანადგომას საშიში ერესის დასამხობად.

ცრუმოძღვარი არიოზი მაინც არ დაცხრა. 325 წელს არიოზის სამხილებლად გამართულ ნიკეის I მსოფლიო კრებაზე წმინდა ალექსანდრე ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო. მისმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი წმინდა სამების შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სიწმინდის დაცვას.

წმინდა ალექსანდრე 328 წლის 19 აპრილს გარდაიცვალა.

ეკლესიის ისტორიკოსები, ნეტარი თეოდორეტე კვირელი, სოკრატე და სოზომენი, საუბრობენ წმინდა ალექსანდრეზე, როგორც ქრისტეს ეკლესიის გამოჩენილ ღვთისმეტყველსა და მღვდელმთავარზე.

ბეჭდვა
1კ1