ღირსი მიქელ პარეხელი (VIII-IX) - 27 მაისი (9 ივნისი)
ღირსი მიქელ პარეხელი (VIII-IX) - 27 მაისი (9 ივნისი)
ძველი სტილით 27 მაისს, ახალი სტილით — 9 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს ქართველ საეკლესიო მოღვაწეს, მიქელ პარეხელს. იგი გახლდათ პარეხის მონასტრის ამშენებელი და მისი პირველი წინამძღვარი. წმინდა ბასილი ზარზმელის გადმოცემით, ღირსი მიქელ პარეხელის ცხოვრება, მოღვაწეობა, სწავლებანი და სასწაულები მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მოწაფეებმა აღწერეს. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობები ღირსი მამის, მიქელ პარეხელის შესახებ შემონახულია გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში. ეშმაკი ხედავდა პარეხის მონასტრის დამაარსებლის კეთილ საქმეებს. იმ ნაყოფს, რომელიც ბერის ღვთივსათნო მოღვაწეობამ გამოიღო უდაბნოში და ცდილობდა იქიდან მიქელის და მისი საძმოს გაძევებას. ერთხელ, თურმე, მამა მიქელი სენაკისაგან მოშორებით კლდის თავზე ლოცულობდა. ეშმაკმა ბერი სიმაღლიდან გადმოაგდო, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა. შეშინებულმა მიქელმა მოწაფე გაგზავნა ღირს გრიგოლ ხანძთელთან, თავისთან იხმო და აუწყა ყოველი განსაცდელი. ღირსმა გრიგოლმა ნუგეში სცა ძმას, ორი ჯვარი აღმართა მარჯვნივ და მარცხნივ და უთხრა: "ორთა ამათ ჯუართა ქრისტესთა შუა უშიშრად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. ხოლო უკუეთუ წარჰვლო, კუალად განიცადო უძჳრესად პირველისა". ქრისტესმიერმა ძმებმა ილოცეს და ღმერთი ადიდეს. ამის შემდეგ ნეტარმა მიქელმა სრული განსვენება მიიღო, რადგან სიმდაბლით დასცა ამპარტავანი მტერი.

ახლა კი გავიგოთ, საიდან მივიდა ღირსი მიქელი პარეხში. წარმოშობით შავშელი გახლდათ, სოფელ ნორგიალიდან. მიძნაძორს აღიკვეცა მონაზვნად და იქ მოღვაწეობდა. მიქელმა შეიტყო ხანძთაში მოღვაწე ბერთა შესახებ, იქ ჩავიდა და პარეხს დაემკვიდრა. მიქელმა ღვთის მოწოდებით, პარეხში კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას მცირე ეკვდერი და ძმათა საცხოვრისი მოაწყო. თვითონ მარტომყოფობას ეძიებდა და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მას მრავალი მოწაფე ჰყავდა, "სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა". უფალს სათნოეყო ნეტარი მამის მოღვაწეობა და მიჰმადლა მას ნიჭი "სასწაულთა და ნიშთა ქმედებისა". წმინდა მიქელმა ღვთაებრივი გამოცხადებით მიიღო ბრძანება, რომ თავისი მოწაფეები, წმინდა სერაპიონი (ხს. 5(18) ოქტომბერი) და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. ისინიც ძმებთან ერთად გაემგზავრნენ სამცხეს და ზარზმაში შესანიშნავი სავანე ააგეს.

ღირსი მიქელი დიდხანს მოღვაწეობდა პარეხში, აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში, დამარხეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.

აქვე წაიკითხეთ:

საღმრთო ბრძანებაა, წახვიდე აქედან და იქ, სადაც ღმერთი გაჩვენებს, აღაშენო ტაძარი

კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას მცირე ეკვდერი და ძმათა საცხოვრისი მოაწყო
ბეჭდვა
1კ1