ღირსი ბასილი - ძე მეფე ბაგრატ III-ისა (XI) - 27 მაისი (9 ივნისი)
ღირსი ბასილი - ძე მეფე ბაგრატ III-ისა (XI) - 27 მაისი (9 ივნისი)
თავისი ძალზე შორეული წინაპრის, ფარნავაზ მეფის მსგავსად, მეფე ბაგრატ III-ს უფალმა ნება მისცა, გაეერთიანებინა საქართველო, რითაც ის დიდებულია წინაშე ღვთისა და ერისა. ბაგრატ III-ის სახელი, კიდევ უფრო გაამშვენა მისმა ძემ ღირსმა ბასილიმ, რომელიც ხახულის ლავრაში მოღვაწეობდა. ბავშვობიდან მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილმა წმინდანმა ღრმად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება. იცოდა მრავალი უცხო ენა. იყო მისი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. ბასილი ბაგრატის ძის შესახებ ცნობა შემოგვინახა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებამ. მიიყვანა თუ არა იაკობმა ათი წლის გიორგი ხახულში, ბიძებმა - ღირსმა მამებმა: გიორგი მწერალმა და საბამ (ხს. 19 დეკემბერს) ის ლოცვა-კურთხევის მისაღებად მიჰგვარეს ხახულის მაშინდელ წინამძღვარს, ღირს მაკარის (ხს. 21 დეკემბერს) და იქაურ მოღვაწეთ: ღმერთშემოსილ ანტონის და "დიდსა მას ბასილის" ბაგრატ III-ის ძესა - რომელი იგი მას ჟამსა შინა იყო მოძღვარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩვენისაჲ..."

ვახუშტი ბატონიშვილი "საქართველოს მეფეთ ისტორიაში" მიმოიხილავს რა ბაგრატ IV-ის დროინდელ საქართველოს კულტურულ ვითარებას, სხვა საეკლესიო მოღვაწეთა გვერდით მოიხსენიებს ბასილი ბაგრატის ძეს: "მთარგმნელნი ამ ჟამთა იყვნენ: ბასილი ბაგრატის ძე..."

იოანე ბატონიშვილი (1768-1830) "კალმასობაში" ასე ახასიათებს მას: "ბასილი ბაგრატიონი იყო საფილოსოფოსთა და ღმრთისმეტყველებასა შინა ზედმიწევნილი, მთარგმნელი სხვათა ენათაგან კეთილი და რიტორ-მიმთხრობელი, მთარგმნელი და მაღალ ფრაზასა ზედა დამთხზველი, მონოზონებითა სრული და განმანათლებელი ეკლესიათა, რომელსა უწოდეს ქართველთა ეკლესიათა სამკაულად".

თავდაპირველად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წმინდა ბასილი მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში და იქაურ სასულიერო-საგანმანათლებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. შემდგომ ღირსი ბასილი ათონის სავანეში გადასულა და იქ დაუწერია წმინდა ექვთიმე მთაწმინდელის საგალობელი. წმინდა ბასილი ათონის წმინდა მთაზე, ივერთა მონასტერში აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 მაისს (9 ივნისს) აღნიშნავს.

ბეჭდვა
1კ1