ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი (IX) - 26 მაისი (8 ივნისი)
ღირსი იოანე ფსიხაიტი, აღმსარებელი (IX) - 26 მაისი (8 ივნისი)
26 მაისს (8 ივნისს) ეკლესია იხსენიებს ხატთა თაყვანისცემისთვის დევნილ წმინდა ბერს იოანე ფსიხაიტს. იოანე დაიბადა VIII საუკუნეში გალატიაში. მამამისი სასულიერო პირი იყო. როდესაც სრულწლოვანი გახდა, იოანე ოჯახის წევრებთან ერთად დამკვიდრდა ბითვინიის ერთ-ერთ მონასტერში. შემდეგ ოჯახი კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ მონასტერში გადასახლდა და ყველამ იქ მიიღო ბერმონაზვნობა. ამ დროს იოანე ძალიან ახალგაზრდა იყო. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მას ხელი დაასხა დიაკვნად. იოანემ დაიწყო საერო მეცნიერებების შესწავლა, თუმცა მოგვიანებით მლიანად წმინდა წერილის უკეთ გაცნობას უთმობდა დროს. იოანე კონსტანტინოპოლის გარეუბანში ფსიხაიტის ლავრაში გადავიდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. ამ ლავრას მისი ძმა მართავდა. ძმის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ, ფსიხაიტის მონასტრის იღუმენი იოანე გახდა. იმ დროს ხატმებრძოლობის ერესი მძვინვარებდა. წმინდა ხატთა თაყვანისმცემლებს სასტიკად დევნიდნენ. ღირსი იოანე დაიბარეს დაკითხვაზე და წმინდა ხატთა უარყოფა მოსთხოვეს. ქრისტეს მხნე აღმსარებელმა ამხილა ხატმბრძოლები და იმპერატორ ლეონ ისავრიელსაც (714-741) ერეტიკოსი უწოდა. ამისთვის წმიდანი გადაასახლეს, სადაც წმინდა მამამ ხუთი წელი გაატარა.

წმინდა ცხოვრებისა და ფიცხელი მოღვაწეობისათვის ღირსმა მამამ ბოროტ სულთა განსხმისა და კურნების ნიჭი მიიღო. გადასახლებაში მყოფი ბევრ სასწაულს აღასრულებდა, ქადაგებდა, ხალხს ჭეშმარიტ რწმენაზე აქცევდა. ლეონ ისავრიელის სიკვდილის შემდეგ, იოანეს ამნისტია შეეხო და კონსტანტინოპოლში, თავის მონასტერში დაბრუნდა, სადაც ძალიან მალევე აღესრულა კიდეც. მის საფლავზე მრავალი სასწაული კვლავაც აღესრულება.

ბეჭდვა
1კ1