წმინდა სტეფანე პიპერელი (+1697) - 20 მაისი (2 ივნისი)
წმინდა სტეფანე პიპერელი (+1697) - 20 მაისი (2 ივნისი)
წმინდა სტეფანე დაიბადა სერბეთის ნიკშიჩის ჟუპეს (ოლქი) სოფელ კუტში. სიყმაწვილიდანვე მივიდა მორაჩის მონასტერში, სადაც მონაზვნად აღიკვეცა, შემდეგ მღვდელმონაზვნად ხელი დაასხეს და ბოლოს მონასტრის იღუმენადაც აირჩიეს. თურქები სიკვდილით დაემუქრნენ და წმინდანი მორაჩის მონასტრიდან ხუთი საათის სავალზე ორაჩის მცირე მღვიმეში დასახლდა. მაგრამ თურქების თავდასხმის შიშით 1660 წელს იძულებული გახდა, ჩერნოგორიაში, პოდგორიცას სიახლოვეს გადასულიყო. იქაურთა ნებართვით ეკლესია, სკოლის და სატრაპეზოს შენობები ააგო. დროთა განმავლობაში აქ მონასტერი პაპერის ჩელია დაარსდა, სადაც იგი უმკაცრესად იღვწოდა 37 წელი. წმინდა სტეფანე 1697 წლის 20 მაისს გარდაიცვალა.

გარდაცვალებიდან ოთხი წლის თავზე წმინდა სტეფანეს საფლავს იდუმალი ნათელი ეფინებოდა ხოლმე. მალე თვით წმინდანი გამოეცხადა ერთ პოდგორიცელ მღვდელს, რომელიც ამ ხილვის შემდეგ მონაზვნებთან ერთად მოვიდა მონასტერში, გახსნა წმინდა სტეფანეს საფლავი და იქ წმინდანის სხეული უხრწნელი იხილეს. ჩაასვენეს კიოტში და მთავარანგელოზთა ტაძარში დაასვენეს. უამრავი ადამიანი მოდიოდა წმინდანის თაყვანისსაცემად, არა მარტო სერბები, ასევე თურქებიც. ღირსი სტეფანეს ლოცვით ყველა ჰპოვებდა კურნებას. თურქების თავდასხმის შიშით ქრისტიანებმა წმინდა სტეფანეს ლუსკუმის უსაფრთხო ადგილას გადასვენება მოისურვეს, თუმცა წმინდანი შეეწინააღმდეგა მათ განზრახვას. ის ამჯერად მის მიერვე დაარსებულ პიპერის ჩელიის მონასტერშია დასვენებული. მასთან ვედრებით სერბები, თურქები და ალბანელებიც მიდიან.

ბეჭდვა
1კ1