ღირსი მამანი - ნექტარიოსი და თეოფანე, მეტეორაზე, ბარლაამის მონასტრის დამაარსებლები (+1544) - 17 (30) მაისი
ღირსი მამანი - ნექტარიოსი და თეოფანე, მეტეორაზე, ბარლაამის მონასტრის დამაარსებლები (+1544) - 17 (30) მაისი
ხორციელად ძმები - ნექტარიოსი და თეოფანე XV საუკუნის ბოლოს დაიბადნენ ქალაქ იანინაში, აფსარადისების ცნობილ ოჯახში. ძმებმა კარგი საერო განათლება მიიღეს, თუმცა ერისკაცულ ცხოვრებაზე უარი თქვეს,  იანინას ტბის ერთ-ერთ კუნძულზე მოღვაწე წმინდა მამას, საბას (ხს. 3 თებერვალს) დაემოწაფნენ და მის ხელთაგან მონაზვნად აღიკვეცნენ. მალე ისინი მღვდლადაც აკურთხეს.

ძმები მოშურნედ შეუდგნენ მოსაგრეობას, არ ზოგავდნენ ხორცს, არასოდეს იღებდნენ ზეთიან საკვებს და თეოფანე სიცოცხლის ბოლომდე ჯაჭვებს ატარებდა.

ათი წლის შემდეგ მათი მოძღვარი გარდაიცვალა. ძმებმა თავი ობლად იგრძნეს და ათონის მთაზე გაემგზავრნენ. იქ დიონისეს მონასტერში პატრიარქ ნიფონტეს გაესაუბრნენ. წმინდა ნიფონტემ მათ ურჩია, თავიანთ ძველ მონასტერში დაბრუნებულიყვნენ და იქ მოძღვრის ანდერძისამებრ ეცხოვრათ. მაგრამ უკან დაბრუნებულებმა შეიტყვეს, რომ მონასტრის საერო ქტიტორები სავანის სარგებლობისთვის ფულს ითხოვდნენ. სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად ძმებმა დატოვეს სავანე და კუნძულის სიღრმეში შევიდნენ მონასტრის ასაშენებლად. ორი ეკლესია ააშენეს: წმინდა იოანე ნათლისმცემლის და წმინდა ნიკოლოზისა, რომლის სიახლოვესაც მათი სამი და სხვა მონაზვნობის მსურველი ნათესავები დასახლდნენ. მაგრამ საერონი და სასულიერონი აქაც წინ აღუდგნენ დამოუკიდებელი მონასტრის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ სავანის აშენებაზე პატრიარქის ნებართვა ჰქონდათ. გაიხსენეს წმინდა ნიფონტეს სიტყვები - თუ წინააღმდეგობა შეგხვდებათ, ნუ გაუძალიანდებით, იმ ადგილიდან გაიქეცით და სხვა იპოვეთ, რომ სულიერ სიმშვიდეში იცხოვროთო. მათ მიატოვეს თავიანთი ხელით და ხარჯით აშენებული მონასტერი და ჩავიდნენ თესალიაში, იმ დროის მსხვილ სამონაზვნო ცენტრ მეტეორაში. ფერისცვალების მონასტრის იღუმენის ნებართვით ერთ-ერთ არწივის ბუდეზე, კლდეზე, რომელსაც ნათლისმცემლის სვეტს ეძახდნენ, შვიდი წელი გაატარეს, ხოლო 1518 წელს გადაწყვიტეს, საცხოვრებლად ერთ მიუდგომელ კლდეზე მდებარე ბარლაამის სავანეში გადასულიყვნენ. იქ ოდესღაც ღირსი მამა ბარლაამი მოღვაწეობდა და სამი დიდი მღვდელმთავრის სახელზე ტაძარი ააშენა, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოინგრა. ძმებმა ეს ტაძარი აღადგინეს და დაიწყეს მოსაგრე ცხოვრება. მალე მათ სხვებიც შეუერთდნენ და ძმობამ ოცდაათ კაცამდე მიაღწია. ამიტომაც საჭირო გახდა, მეორე, უფრო დიდი ტაძრის აშენება. ძმები სხვა შენობების აშენებაზეც ზრუნავდნენ, რაც მოსაგრე ცხოვრებისთვის იყო საჭირო. წმინდა მამები არა მარტო სიტყვით, პირადი მაგალითითაც მოძღვრავდნენ სავანის ბერებს, მათ ძმებს ანდერძად დუტოვეს, რომ ერთ მუშტად შეკრულნი ყოფილიყვნენ და ერთმანეთს მხოლოდ გულმოდგინებასა და სიმტკიცეში შეჯიბრებოდნენ.

1544 წლის 17 მაისს ყოველთა წმინდათას სახელობის ტაძრის მშენებლობა დასრულდა, თეოფანე, რომელიც ავადმყოფობის გამო უკანასკნელ დღეში იყო, სთხოვა სულიერ შვილებს, ტაძრის სანახავად მიეყვანათ. შემდეგ კი დაბრუნდა თავის კელიაში და სიკვდილისთვის მოემზადა. როცა მონაზვნები სულის გასვლის ლოცვას კითხულობდნენ, ცა კაშკაშა ვარსკვლავმა გაანათა, ამ დროს წმინდა თეოფანემ სული ჩააბარა უფალს, წმინდა ნექტარიოსი კი 1550 წლის 7 აპრილს აღესრულა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1