წმინდა ათანასე, ქრისტიანოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+1735) - 17 (30) მაისი
წმინდა ათანასე, ქრისტიანოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+1735) - 17 (30) მაისი
წმინდა ათანასე კუნძულ კორფუზე დაიბადა 1665 წელს, ხოლო პელოპონესში, კარატენეში გაიზარდა. მამამისს მაღალი პოსტი ეკავა ვენეციელების მიერ დაპყრობილ ქალაქის მმართველობაში. ყმაწვილი ათანასე სწავლისკენ იყო მიდრეკილი, განსაკუთრებულ ინტერესს ის რელიგიის და სულიერი ცხოვრებისადმი იჩენდა. სურდა, დღითი დღე მიახლოებოდა ღმერთს. შემონაზვნება სურდა, მაგრამ იძულებული გახდა, მშობელს დათანხმებოდა და ქორწილისთვის მომზადებულიყო. ის ნავპლიაში გაემგზავრა საქორწილო შესამოსლის შესაკვეთად. სწორედ ამ დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად და უბრძანა, ქორწილზე ფიქრისთვის თავი დაენებებინა და კონსტანტინოპოლში წასულიყო, რათა ღვთის დიდების რჩეული ჭურჭელი გამხდარიყო. სიხარულით ავსებულს გამოეღვიძა, თითქოს სულიერი ტვირთი მოეხსნა გულიდან.

მამას წერილი მისწერა, ქორწილზე უარი თქვა და მიზეზიც აუხსნა, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში პატრიარქ გაბრიელ III-სთან (1702-1707) მონაზვნობაზე კურთხევისთვის მივიდა. პატრიარქს მოეწონა ჭაბუკი, თავისთან დაიტოვა, ჯერ დიაკვნად აკურთხა, ხოლო მალევე მღვდლად ხელი დაასხა. 1711 წელს, მას მერე, რაც სახელგანთქმულმა მქადაგებელმა ილია მინიატისმა თავისი კანდიდატურა მოხსნა, ათანასეს ქრისტიანოპოლის ეპისკოპოსად ხელი დაასხა.

ეპარქიაში ჩასვლისას გადაწყვიტა, ყველაფერში ქრისტესთვის მიებაძა, კეთილი მწყემსი ყოფილიყო და სიცოცხლე არ დაეზოგა თავისი სამწყსოსთვის.

ათანასე ხედავდა, რომ ვენეციელი დამპყრობლები ხალხის უსწავლელობას იყენებდნენ და ცდილობდნენ, მეტის და მეტის გადაბირებას. საკუთარი ხარჯით გახსნა სკოლები, სადაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ რელიგიურ განათლებას. ააგო ტაძრები, უხვად გასცემდა მოწყალებას, ღარიბ გოგონებს ამზითვებდა, მამობრივი მზრუნველობით ეპყრობოდა განდგომილებს და დამოძღვრიდა გზააბნეულებს, ყველაზე გულქვა ადამიანსაც კი სინანულის ცრემლს მოჰგვრიდა. ღვთის სიტყვის მხურვალე მქადაგებელი მაგალითი იყო თავისი სიმტკიცითა და თავმდაბლობით. როცა ის საღმრთო ლიტურგიას მსახურებდა, ღვთისმოსავი ადამიანები ხედავდნენ მოელვარე ნათელს, რომელიც ბაგეს უბრწყინებდა. ჰყვებიან, რომ ერთხელ ტბის პირას მდებარე ეკლესიაში მიწვა დასაძინელად. ეპისკოპოსმა მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა ბაყაყების ყიყინის გამო. დილით ბაყაყებს ყიყინი აუკრალა და მას მერე არავის გაუგია იმ მხარეში ბაყაყის ხმა. სხვა დროს ავაზაკებმა ერთ კაცს შვილი მოსტაცეს, დიდი გამოსასყიდი მოითხოვეს და გადახდის ვადა დაუთქვეს. გადახდის წინა ღამეს წმინდა ათანასე ყრმას გამოეცხადა, ბორკილები ახსნა და როცა დარაჯებმა ჩაიძინეს, მან გაქცევა შეძლო. 1735 წელს წმინდა ათანასე გარდაიცვალა. დაკრძალვისას მისი ცხედრის წინ ერთი ქალი ტირილით დაემხო, ის მკითხაობით ირჩენდა თავს და მღვდელმთავართან შენდობისთვის მისვლა ვეღარ მოესწრო. ამ დროს ყველამ დაინახა, როგორ ასწია გარდაცვლილმა ხელი და აკურთხა მონანული. ყველას ერთხმად აღმოხდა - "უფალო, შეგვიწყალე!"

შემდგომში წმინდანის ნაწილები, არკადიაში, ქალაქ გორტისაში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გადაასვენეს. როცა ბერძენ ხალხს რაიმე სტიქიური უბედურება, ანდა განსაცდელი ემუქრებოდა, წმინდანის კუბოდან ტკაცანი ესმოდათ ხოლმე.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1