წმინდა მართალი იონა ოდესელი (+1924) - 17 (30) მაისი
წმინდა მართალი იონა ოდესელი (+1924) - 17 (30) მაისი
როცა წმინდა იოანე კრონშტადტელთან ოდესიდან ვინმე ჩავიდოდა და ლოცვას სთხოვდა, ეტყოდა ხოლმე: "რად გინდოდათ, ასე შორს რომ წამოხვედით, როცა ოდესაში თქვენი მლოცველი გყავთ, მამა იონა".

წმინდა იონა ატამანსკი 1855 წელს დაიბადა ოდესაში. სამი-ოთხი წლისას მშობლები დაეხოცა. დედას სურდა შვილი მღვდელი გამოსულიყო, და სიკვდილის წინ აკურთხა, - მინდა, კეთილი მწყემსი გამოხვიდეო. მარტო დარჩენილი პატარა დღედაღამ მშობლების საფლავზე იყო, მინდვრის ყვავილების გვირგვინებს წნავდა და საფლავებს ამკობდა. საბრალო ბავშვს სხვა თავშესაფარი არ ჰქონდა, მაგრამ სასტიკმა დარაჯმა სცემა და გამოაგდო. მას მერე ქუჩებში დაეხეტებოდა და საჭმლის ნარჩენებით იკვებებოდა. სად დაუღამდებოდა, იქ იძინებდა. ბოლოს შეიწყალა ბიძამ, შემდეგ კი ყოფილმა ძიძამ ბავშვი შეიფარა და სკოლაში მიაბარა. მიუხედავად ზრუნვისა, თავს მაინც მარტოდ გრძნობდა, ოდესიდან გაქცევაც კი უნდოდა. მაგრამ ღამე გარდაცვლილი დედა გამოეცხადა და გემზე ასვლა აუკრძალა. მერე გაირკვა, რომ ის გემი ჩაიძირა.

სკოლის დამთავრების შემდეგ დაქორწინდა და ცხრა შვილი ეყოლა. 1884 წელს ხელი დაასხეს დიაკვნად, 1886 წელს კი მღვდლად. მამა იონა სოფლის მისიონერად დანიშნეს და თავისი ღვაწლით მრავალი ადგილობრივი სექტანტი შეუერთა ქრისტეს ეკლესიას.

სადაც კი მსახურებდა, ყველას აღაფრთოვანებდა თავისი ქადაგებით და ასკეტური წმინდა ცხოვრებით. მისი სახლის კარი ყველასთვის ღია იყო და არავინ წასულა მისგან უნუგეშოდ. მან მშვენივრად იცოდა ადამიანების განწყობა, კითხულობდა მათ აზრებს, სწვდებოდა მათ სულს. ობლობაში გაზრდილი განსაკუთრებით ზრუნავდა ქვრივ-ობლებზე. ყველას მიმართ ალერსიანი და ყურადღებიანი იყო.

1905 წელს ჯავშოსან "პოტიომკინის" ჯანყის შემდეგ, როცა ხელისუფლებამ უარი განაცხადა გარდაცვლილი მეზღვაურის დაკრძალვაზე, მამა იონა ქალაქ ოდესის თავთან მივიდა და დაკრძალვის ნება გამოითხოვა, მანვე აუგო წესი გარდაცვლილ რევოლუციონერს. 1920 წელს, როცა საზღვარგარეთ ევაკუაცია დაიწყეს, მან უარი განაცხადა წასვლაზე - განა შემიძლია ასეთ საშიშ დროს მივატოვო ჩემი სამწყსო? ეს მიუტევებელი ცოდვა იქნებაო. როცა ოდესის ტაძრები გააუქმეს, მხოლოდ მამა იონას ტაძარი არ დაემორჩილა ბოლშევიკებს, რის გამოც 1923 წელს დააპატიმრეს. ათასობით ადამიანი შემოერტყა ადგილობრივი ხელისუფლების შენობას და ხელისუფალნი იძულებულნი გახდნენ, განზრახვაზე ხელი აეღოთ. მამა იონა მშვიდად აღესრულა 1924 წლის 17 მაისს. იწინასწარმეტყველა პორტის ტაძრის დანგრევა და სულიერ შვილებს აუკრძალა იქ დაემარხათ. "ჩემი მშობლების გვერდით, ღია ცის ქვეშ დამკრძალეთ, რომ ჩიტი გალობდეს ჩემს საფლავზეო". 20 000-მა კაცმა და 25-მა მართლმადიდებელმა მღვდელმა გააცილა უკანასკნელ გზაზე. 1995 წელს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა იონა წმინდანად შერაცხა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1