ღირსი მაკარი, კორინთელი მიტროპოლიტი (+1805) - 16 (29) მაისი
ღირსი მაკარი, კორინთელი მიტროპოლიტი (+1805) - 16 (29) მაისი
წმინდა მაკარი დაიბადა 1731 წელს ნოტარასთა სახელგანთქმულ ოჯახში. მამამისი ანასტასი ქალაქის მამასახლისი გახლდათ, დედას გეორგანდა ერქვა. ცხრა შვილიდან მეხუთეს ნათლისღებისას მიქაელი დაარქვეს. სწავლობდა კეფალენიაში, სახელგანთქმულ მასწავლებელთან - ევსტათესთან. ჯერ კიდევ სკოლის მოწაფემ შეიყვარა საეკლესიო მსახურება და ღვთივსათნო საქმეები. მან მოიძულა ამსოფლიური ამაოება. საღმრთო მოშურნეობით დატოვა სახლი და დიდი მღვიმეების (მეგალი სპილეი) მონასტერს მიაშურა, მაგრამ მამებს ნოტარასების ოჯახის შეეშინდათ და მიღებაზე უარი უთხრეს. სხვა რა გზა ჰქონდა, ყმაწვილი შინ დაბრუნდა და სასულიერო ლიტერატურის შესწავლას შეუდგა. 28 წლისა სათავეში ჩაუდგა კორინთოს სკოლას და ექვსი წელი უსასყიდლოდ ასწავლიდა უმეცრების სიბნელეში ჩავარდნილ თანამემამულეებს, რისთვისაც მათი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ამიტომაც, როცა მისი მოძღვარი კორინთოს ეპისკოპოსი გარდაიცვალა, მიქაელი ერთხმად აირჩიეს ეპისკოპოსად. მიქაელი მაკარის სახელით ბერად აღკვეცეს და შესაფერისი საფეხურების გავლის შემდეგ, 1765 წლის იანვარში იგი კორინთოს კათედრაზე ავიდა და შეუდგა ნაყოფიერ ღვაწლს. საქმე კი ბევრი დახვდა, მისი წინამორბედი დიდი ხანი ავადმყოფობდა და ამიტომ შესაფერისად ვერ აქცევდა მრევლს ყურადღებას. მაკარი მაშინვე შეუდგა წესრიგის დამყარებას. განაყენა უსწავლელი ანდა ძალზე მოხუცი მღვდლები, ანდა ისინი, ვინც პოლიტიკაში ერეოდა. ეპისკოპოსი ზრუნავდა, რომ საეკლესიო კანონები ზუსტად ყოფილიყო დაცული, ამიტომაც მხოლოდ მათ აკურთხებდა მღვდლად, ვინც საკმარისად იყო მომზადებული და დროის გარკვეულ ნაწილს მონასტერში გაატარებდა, სადაც თვითონ ასწავლიდა საღმრთო ლიტურგიის და სხვა საიდუმლოებების სწორად ჩატარებას. ეპისკოპოსი ცდილობდა, იმ ეპოქის პირობების შესაბამისად სკოლების რიცხვი გაეზარდა, რაც ასე აუცილებელი იყო ხლხის სულიერი გამოღვიძებისთვის.

1770 წელს იგი აქტიურად მონაწილეობდა თურქების წინააღმდეგ ბერძნების აჯანყებაში, დამარცხების შემდეგ კი იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა. 1773 წლამდე კუნძულ ზეკინთეზე ცხოვრობდა, შემდეგ კუნძულ ჰიდრაზე მონასტერში, მერე კი ათონზე გადასახლდა, სადაც მისი მოძღვარი გახდა ათანასე პაროსელი და სადაც მაკარი შეუერთდა კოლივადების მოძრაობას (ხშირი ზიარების მომხრეები), რომლებმაც ძველი ასკეტური ტრადიციები აღადგინეს.

1774 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თეოდოსი II თურქების ზეწოლით, პელოპონესის აჯანყების მონაწილე ეპისკოპოსებს მოსთხოვა, საკუთარი სურვილით უარი ეთქვათ კათედრაზე. წმინდა მაკარმა უარი თქვა ასეთი თხოვნა დაეწერა, რადგანაც საეკლესიო კანონების მიხედვით მღვდელმთავარი, რომელიც უარს ამბობს ეპისკოპოსობაზე, მსახურება ეკრძალება. ამიტომაც პატრიარქი იძულებული გახდა წმინდა მაკარის სამღვდელმთავრო ხარისხის კანონიერება დაედასტურებინა. მას უფლება მისცეს ექადაგა ხალხისთვის და რადგან დაბრუნება ვეღარ შეძლო, ემსახურა კორინთოს ეპარქიის საზღვრებს გარეთ.

სავარაუდოდ, ათონზე მეორედ ყოფნისას, 1777 წელს მან დიდი სქემა შეიმოსა და მას მერე ღვთისმსახურებას აღარ ატარებდა. საბერძნეთის კუნძულების და მცირე აზიის სანაპიროს ქალაქების მონახულების შემდეგ ათანასესთან ერთად ის კუნძულ ქიოსზე დასახლდა. მოინახულა იქვე ახლოს მდებარე იდრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი.

ქიოსზე მან "მოწამეთა მოძღვრის" მსახურება იტვირთა. იმ დროს ბევრმა ქრისტიანმა უარყო რწმენა და ისლამი მიიღო. წმინდა მაკარი არწმუნებდა ისლამის მიმღებ ბერძნებს, მართლმადიდებლობას დაბრუნებოდნენ, თუნდაც ამისთვის სიკვდილით დაესაჯათ. ან გაამხნევებდა ქრისტიანობაზე დაბრუნებულებს და მოწამებრივი ღვაწლისთვის აკურთხებდა. მათ შორის ვინც მისი დახმარებით მოწამის გვირგვინი მიიღო, გახლდათ თეოდორე ბიზანტიელი (1795), დიმიტრი ტრიპოლელი (1798); პოლიდორ კვიპრელი (+1794), მან მათი ბიოგრაფიები შეადგინა, რათა მრავალი ქრისტიანისთვის სამაგალითონი ყოფილიყვნენ. ეს მოთხრობები შევიდა წიგნში, რომელსაც "ახალი ლიმონარიუმი" ჰქვიან. აქ ახალმოწამეთა გარდა, სხვა წმინდანების ცხოვრებებიც შევიდა. ახალ ლიმონარიუმზე ის სიცოცხლის ბოლომდე შრომობდა. ღირსი მამა დიდ ყურადღებას აქცევდა საღვთისმსახურო წიგნების გამოცემას. ათონზე, ვათოპედის მონასტერში მან აღმოაჩინა "სათნოებათმოყვარეობის" ხელნაწერი, რომელიც ნიკოდიმოს მთაწმინდელს გადასცა შესასწორებლად. შემდეგ სმირნაში გაემგზავრა და წიგნის გამოცემის საკითხში იოანე მავროკარდატის მხარდაჭერა მიიღო. ამის მერე ნიკოდიმოსთან ერთად გამოსაცემად მოამზადა "ვერგეტინი". მაკარიმ სხვა სასულიერო წიგნიც გამოსცა, მაგალითად, მოსკოვის მიტროპოლიტ პლატონის "კატეხიზმო".

1804 წლის სექტემბერში წმინდა მაკარის დამბლა დაეცა და მარჯვენა მხარე მთლიანად წაართვა. მთელი ეს ხანი მის გვერდით იყვნენ მისი უახლოესი მოწაფეები: ნილოს კალოგნომი და ნიკიფორე ქიოსელი. წმინდანი ყოველდღე ეზიარებოდა უფლის სისხლსა და ხორცს. გარდაიცვალა 1805 წლის 17 აპრილს კუნძულ ქიოსზე. წმინდა მაკარი კორინთელი მოიხსენიება როგორც 17 აპრილს, ასევე 16 მაისს.

ბეჭდვა
1კ1