წმინდა კირიონი - მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა
წმინდა კირიონი - მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა
შენთვის დამწვარი, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი
1917 წლის 1 ოქტომბერი (ძვ.სტ.), სვეტიცხოვლობა. ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტახტზე კირიონ საძაგლიშვილი აღასაყდრეს. თითქოს უკან დარჩა წმინდა კირიონის განსაცდელებით აღსავსე დღეები. 21 წლის წინ გარდაეცვალა ცოლ-შვილი და იმავე წელს ბერად აღიკვეცა, მთელი სიცოცხლე უფალსა და სამშობლოს მიუძღვნა. მრავალმხრივი იყო მისი მოღვაწეობა როგორც ეპისკოპოსისა, როგორც მეცნიერისა. მის გარშემო იყრიდა თავს იმდროინდელი განათლებული სამღვდელოება. მეფის მთავრობამ კირიონი 1902 წელს საქართველოს განაშორა - ჯერ ხერსონში, შემდგომ ორიოლში ჩააბარა ეპარქიები, 1906 წელს სოხუმის ეპარქია მისცეს, მალევე კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს აფხაზეთის გაქართველების მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1908 წელს, როცა საქართველოს ეგზარქოსი ნიკონი მოკლეს, მისი მკვლელობა საქართველოში "მალულად ჩამოსულ, გადაცმულ" კირიონს შესწამეს. შემდგომ გაირკვა, რომ მან ამ დღეს ლიტურგია აღასრულა რუსეთში და, ბუნებრივია, საქართველოში ვერ იქნებოდა. მკვლელებთან ნაცნობობაში დასდეს ბრალი და ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე, იანვრის სუსხიან დღეს, ტამბოვის გუბერნიაში, სინაქსარის უდაბნოში, გადაასახლეს. ავადმყოფს ბნელ, ნესტიან სენაკში მიუჩინეს ბინა. მისმა მორჩილმა ტახტზე გადაკრული ყინული ნაჯახით დააპო, ზედ თავისი ანაფორა გადააფარა და დააწვინა წამებული მღვდელმთავარი. გავიდა ხანი. 1917 წელს, სამშობლოსკენ მომავალს, არაგვის ხეობაში გიგო ყარანგოზიშვილი შეეგება 120 ცხენოსნით და თბილისამდე დიდი პატივით ჩამოაცილა, სადაც ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყო მას ქართულმა საზოგადოებრიობამ...

"სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისასა განწმენდილო, - წარმოთქვა პატრიარქმა კირიონმა აღსაყდრებისას, - შენთვის დამწვარი, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი... დღეს განვისვენებ წიაღსა შენსა, არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სვინდისი ეკლესიისა შენისა..." მაგრამ მრევლის სიყვარულთან ერთად დიდი უმადურობაც დახვდა წმინდა კირიონს საქართველოში. ერთ საეკლესიო წრეში უთქვამს: "ოცი წელი დაშორებული ვიყავი სამშობლოს, შორიდგან თვალყურს გადევნებდით, ვფიქრობდი, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ ახლა ვრწმუნდები, უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვაფრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელიაო". მწარეა ეს სიტყვები, მაგრამ სამართლიანი, თითქოს სადღეისო ნათქვამია. 1918 წლის 27 ივნისს წმინდა კირიონი ტყვიით განგმირული იპოვეს თავის საწოლ ოთახში, მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში. მოკლეს წმინდა კირიონი და დააბრალეს, თავი მოიკლაო. არადა, დამბლადაცემული ხელის პირთან მიტანა უჭირდა... მაგრამ ერს ვერ მოატყუებ და მადლიერმა საქართველომ წმინდანად შერაცხა "სვინდისი ეკლესიისა".
ბეჭდვა
1კ1