ღირსი დიონისე რადონეჟელი (+1633) - 12 (25) მაისი
ღირსი დიონისე რადონეჟელი (+1633) - 12 (25) მაისი
წმინდა დიონისე რადონეჟელი დაიბადა დაახლოებით 1570 წელს რჟევში. ის დაქორწინდა და მღვდლის ხარისხი მიიღო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა და სტარიცკის მონასტრის იღუმენად დაადგინეს. ბორის გოდუნოვის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ (1605) სწორედ მის მონასტერში გადაასახლეს წმინდა პატრიარქი იობი. იგი, როგორც შვილი, ემსახურებოდა ტანჯულ პატრიარქს. მისი სიბრძნის შესახებ მთელ ქვეყანაში ხმა გავარდა, თვით პატრიარქი ერმოგენი მიდიოდა მასთან რჩევისთვის. 1610 წელს წმინდა სამების სახელობის ლავრის არქიმანდრიტად დაადგინეს. პოლონელების მიერ მოსკოვის დაპყრობის მერე მრავალი ეკლესია-მონასტერი გაიძარცვა და დაინგრა. წმინდა დიონისე დღე და ღამ ევედრებოდა თავის წინამორბედებს - სერგისა და ნიკონს და სთხოვდა მშვიდობა გამოეთხოვათ უფლისაგან. ის მოუწოდებდა სხვა რუსულ ქალაქებს, დაყოფის ნაცვლად გაერთიანებულიყვნენ და ეხსნათ სამშობლო. არქიმანდრიტმა თავიდან ააშენა ან აღადგინა ლავრის დამწვარ-დანგრეული შენობები და ღვთისმსახურება განაახლა. მინდა დიონისე განსწავლული კაცი იყო და მას დაავალეს საღვთისმსახურო წიგნების გასწორება. მის მიერ შესწორებულმა წყლის კურთხევის ლოცვამ უსამართლო უკმაყოფილება გამოიწვია და მას ღვთისმსახურება აუკრძალეს და ნოვოსპასკის მონასტერში, კელიაში დაამწყვდიეს. მაგრამ საქმეში ჩაერია იმ დროს მოსკოვში მცხოვრები იერუსალიმის პატრიარქი თეოფანე და იგი ლავრის არქიმანდრიტად აღადგინეს. წმინდა დიონისემ ფიზიკურად და სულიერად განამშვენა წმინდა სერგის ლავრა. დიდად მოსაგრე ღირსი მამა დიონისე დიდ სქემაში შემოსვისთანავე გარდაიცვალა. ეს მოხდა 1633 წლის 12 მაისს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1