წმინდა ნიკოდიმოსი, სერბი მთავარეპისკოპოსი (+1325) - 11 (24) მაისი
წმინდა ნიკოდიმოსი, სერბი მთავარეპისკოპოსი (+1325) - 11 (24) მაისი
წმინდა ნიკოდიმოსი ნიჭიერი საეკლესიო მწერალი და განსწავლული ღვთისმეტყველი გახლდათ. იგი სხვა ბევრი სერბი მღვდელმთავრის მსგავსად თავიდან ათონის მთაზე მოსაგრეობდა, იქ აღიკვეცა ბერად და 1312-1316 წლებში ქილანდარის მონასტრის იღუმენი იყო. სერბეთის მთავარეპისკოპოს საბა III-ს გარდაცვალების შემდეგ მის ნაცვლად წმინდა ნიკოდიმოსი აირჩიეს. მან ბერძნულიდან სერბულ ენაზე თარგმნა წმინდა საბა განწმენდილის ტიპიკონი. მანვე შეიტანა სვინაქსარში სერბი მმართველების და მთავარეპისკოპოსების გარდაცვალების თარიღები მათთვის პანაშვიდის გადასახდელად, ხოლო თუ წმინდანად იყვნენ შერაცხილნი, საზეიმო ღვთისმსახურებისას მოსახსენიებლად. მან დაადგა გვირგვინი მეფე სტეფანე III უროშს. იგი გახლდათ ქტიტორი პეჩის საპატრიარქოში წმინდა დიმიტრის ტაძრისა და ლიზიაში წმინდა საბას სახელობის ტაძრისა. მან აღადგინა ჟიჩის მონასტერი, ბევრი იზრუნა ათონზე წმინდა საბას კელიის მოსავლელად და მასზე ზრუნვა შემდეგომ მთავარეპისკოპოსებს უანდერძა.

ქრისტეს მოძღვრების ერთგული დამცველი შეურიგებელი მოწინააღმდეგე იყო ცრუსწავლებებისა და ერესებისა.

იგი მხოლოდ რვა წელი იყო სერბეთის მთავარეპისკოპოსი და ღრმა კვალი დატოვა, თავისი ერისა და ეკლესიის ისტორიაში. წმინდა ნიკოდიმოსი 1325 წლის 11 მაისს გარდაიცვალა და პეჩში, წმინდა დიმიტრის ტაძარში დაკრძალეს. იმავე საუკუნეში მოხდა მისი წმინდა ნაწილების აღმოყვანება. მისი წმინდანად შერაცხვაც ძალზე ადრეულ წლებში მომხდარა. წმინდა ნიკოდიმოსის ლოცვა შეეწიოს მის მშობლიურ სერბეთს და სრულიად საქრისტიანოს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1