წმინდა ალექსი ტოვტი, უილქს-ბარელი, ამერიკაში მართლმადიდებლობის მქადაგებელი - 07 (20) მაისი
წმინდა ალექსი ტოვტი, უილქს-ბარელი, ამერიკაში მართლმადიდებლობის მქადაგებელი - 07 (20) მაისი
წმინდა ალექსი 1854 წელს კარპატელი რუსი კათოლიკე მღვდლის ოჯახში დაიბადა, ბრწყინვალე განათლება მიიღო და რამდენიმე უცხო ენა შეისწავლა.

ქორწინებიდან მცირე ხანში მღვდლად დაასხეს ხელი, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მალე მეუღლე და პატარა შვილი დაკარგა და თავი სრულებით უძღვნა თავის მისიას.

იგი უნიატი ეპისკოპოსის მდივნად დაინიშნა სლოვაკეთში, ამასთან, ობოლთა თავშესაფარს თავკაცობდა და სემინარიაში კანონიკურ სამართალს და ეკლესიის ისტორიასაც ასწავლიდა.

1889 წელს მამა ალექსი ღვთის სიტყვის საქადაგებლად ამერიკაში, მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისის სამწყსოსთან წარგზავნეს.

ალექსი იქაურ კათოლიკე მღვდელმთავარს წარუდგა, რომელმაც საკმაოდ ცივად მიიღო, რამეთუ იმ მიწაზე ეროვნულ გაერთიანებათა წინააღმდეგი იყო, ამიტომ, ახლადწარგზავნილის მისიის კანონიერად ცნობაზე უარი თქვა.

წმინდა მამა თავიდან წინ აღუდგა ამ უკანონობას, მაგრამ ვერა გააწყო რა, უკან გაწვევამდე კი შექმნილი მდგომარეობის შესახებ მრევლს აცნობა, რომელმაც სან-ფრანცისკოს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთან შეხვედრა ურჩია.

1891 წელს მეუფე ვლადიმირმა ალექსი მრევლითურთ (361 კაცი) მართლმადიდებლურად მონათლა, გარკვეული ხნის შემდგომ კი ალასკისა და ალეუტის კუნძულთა ეპარქიას შერთო.

ეს მაგალითი მრავალმა აღმოსავლეთ ევროპელმა ემიგრანტმა გაიზიარა, მამა ალექსის სიტყვამ კი უამრავი სული მოაქცია, მართლმადიდებლობის შესახებ მრავალი ფასეული წერილი შექმნა ახლადმოქცეულთათვის.

ალექსის გამართლმადიდებამ მის წინააღმდეგ მრავალი აამხედრა და ცილი დასწამეს,-თანამემამულენი მოსკოვს მიჰყიდაო, თუმცა, სანამ რუსული ეკლესიიდან შემოწირულობას მიიღებდა, თავს პურის საცხობში მუშაობით ირჩენდა.

ძალზე მწირი შემოსავლის მიუხედავად, რაც გააჩნდა, თავისზე ხელმოკლე მღვდელთ თუ ერისკაცთ უნაწილებდა, მრავალ უნიატურ ერთობას შეხვდა, რათა მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის განსხვავება განემარტა და უამრავი კათოლიკე და პროტესტანტი დაუბრუნა ეკლესიას.

1907 წელს ეპისკოპოსობა შესთავაზეს, მაგრამ იუარა და თავის ნაცვლად უფრო ახალგაზრდა და ჯანსაღი ადამიანის დადგენა ითხოვა.

1908 წლის დასასრულს ჯანი შეერყა, თუმცა, უძლურების მიუხედავად, ქადაგება და მოღვაწეობა არ შეუწყვეტია, 1909 წლის 7 მაისს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ნეტარი ალექსის წმინდა ნაწილნი დღემდე პენსილვანიის შტატის ქალაქ საუტ-კანაანეს წმინდა ტიხონის სახელობის მონასტერშია დაბრძანებული.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1