ღირსი სერაფიმე, დომბას მთის მოღვაწე - 06 (19) მაისი
ღირსი სერაფიმე, დომბას მთის მოღვაწე - 06 (19) მაისი
ქრისტეს ეს რჩეული მსახური 1527 წელს ბეოტიის ერთ პატარა სოფელში დაიბადა.

ადრეულ ბავშვობაშივე გამოავლინა ღვთისთვის ცხოვრების სურვილი და სოფლის მღვდელთან გულდასმით შეისწავლა წმინდა წერილი და მამათა ცხოვრება.

სერაფიმეს მათი მიბაძვის დიდი სურვილით აღენთო გული და ანგელოზებრივი ცხოვრება ისურვა, რის გამოც იქვე ახლოს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მიტოვებულ მონასტერში განმარტოვდა.

6 თვის მანძილზე განდეგილობდა უკაცურ მღვიმეში, თუმცა, მშობელთა ხშირი სტუმრობა აწუხებდა, რის გამოც თებესა და ევბეას შორის მდებარე საგმატას მთაზე, უფლის ფერიცვალების სახელობის მონასტერში გადავიდა.

იქ ყველაზე მძიმე ღვაწლს შეუდგა, უპირველესად,-მორჩილება შეიმოსა.

იხილა რა მისი სიქველე, იღუმენმა მონაზვნად დაასხა ხელი და მისი მტკიცე უარის მიუხედავად, დიაკვნადაც აკურთხა, შემდეგ კი-სამღვდელო პატივითაც შემოსა.

ამ ხელდასხმამ სერაფიმეს პასუხისმგებლობა გაუათკეცა და ღვაწლი განიმრავლა.

ათი წლის შემდგომ დიდებას განერიდა და მოძღვრის კურთხევით მდუმარების ღვაწლს მიეცა, შემდეგ გზას დაადგა, ბევრი იარა და ბოლოს იმ ადგილს მიაღწია, იქაურები დომბად რომ იხსენიებდნენ.

იქ სენაკი და სამრეკლო ააშენა, სადაც მოკლე ხანში მისმა რამდენიმე მოწაფემ მოიყარა თავი.

სერაფიმემ აქ ათ წელიწადს იცხოვრა და მართლაც ანგელოსთ შეემსგავსა. მრავალი სული იხსნა წარწყმედისგან, მათ შორის,-მრავალი ალბანური ოჯახი, იქამდე თავს ყაჩაღობით რომ ირჩენდა.

მაგრამ აქაც იმან შეაწუხა, რასაც მუდამ ეკრძალვოდა:-კაცთაგან განდიდებამ, რამაც იქაურობა დაატოვებინა და ორი საათის სავალზე მდებარე ელიკონის მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე დაფუძნდა.

გავიდა დრო და უფალმა მოუწოდა, განდეგილობა დაეტევებინა და იქ მონასტერი დაეფუძნებინა. ღირსმა მამამ მორჩილად მიიღო ღვთის ნება, მოწაფენი შემოიკრიბა და სავანის მშენებლობა იწყო. თუმცა, ღვთისმშობლის გამოცხადების შემდგომ, შეწყვიტა და მონასტრის შენება სოფელ დომბში იწყო.

სოფლის მკვიდრთ, რომელნიც მისი წყალობით ეზიარნენ ქრისტეს, სთხოვა, იქაურობა მონასტრისთვის დაეთმოთ და საცხოვრებლად სხვა ადგილას გადასულიყვნენ, შემდგომ სტავროპიგიალური მონასტრის ასაგებადნებართვის მისაღებად კონსტანტინოპოლის პატრიარქს ეწვია.

თუმცა, ეშმაკის ჩაგონებით, შურიანმა ადამიანებმა სერაფიმე თურქ გუბერნატორთან დაასმინეს, რომელმაც ნეტარს თავისი მეომრები მიუსია.

მათ სასტიკად შეურაცხყვეს წმინდა მამას და თავში იმდენ ხანს ურტყეს, სანამ სიკვდილის პირას არ მიიყვანეს.

შემდეგ გუბერნატორს წარუდგინეს, თან გზაში მის ტანჯვას განაგრძობდნენ, თუმცა, წმინდა მამამ ლოცვით მიწიდან ამოხეთქილი წყლით დაარწყულა მეომრები, რომლებმაც იგი გაათავისუფლეს.

მონასტრის მშენებლობა კი მალე გასრულდა, ღირსი მამის გარშემო მრავალი შემოიკრიბა და იქაურობა მალე აივსო ღვთისმოყვარე ადამიანებით, რომელნიც მის გარშემო მდებარე მღვიმეებშიც სახლდებოდნენ.

წმინდა მამის ლოცვით მრავალმა მიიღო სულიერი თუ ხორციელი სიმრთელე, სამი წლის შემდგომ, იგრძნო რა მოახლოებული აღსასრული, მოწაფენი შემოიკრიბა, უკანასკნელად დამოძღვრა და 1602 წლის 6 მაისს განისვენა.

სიცოცხლეში წმინდა მამამ ლოცვით რამდენჯერმე განდევნა კალია, რომელიც არა მხოლოდ მონასტრის, ათენის მკვიდრთა მოსავალსაც რომ დაემუქრა, გარდაცვალების შემდგომაც მრავალგზის დაიცვა ეს მიწა მავნებელთაგან. თურქთა ბატონობისას კი მისი სავანე არაერთგზის გადაურჩა სასწაულებრივად დარბევას:-წმინდა სერაფიმე მტერს ეცხადებოდა, რის შემდგომაც თურქები თავზარდაცემულნი ტოვებდნენ იქაურობას.

ბეჭდვა
1კ1